სახელმწიფო აუდიტის სამსახური

INTOSAI-ს ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტის წლიური კონფერენცია თბილისში  07 მარტი, 2024

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით, თბილისში INTOSAI-ს ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტის (PAS) წლიური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც 30 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის 50 წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების განვითარების ინიციატივის (IDI) გენერალური დირექტორის მოადგილე არჩანა შირსატი. 

კონფერენცია გახსნა გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა, რომელმაც უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტის მუშაობის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩართულობაზე ისაუბრა. 

„ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრიორიტეტული მიმართულებაა და შესაბამისად ჩვენ PAS-ის აქტიური წევრი ვართ. ჩვენი მიზანია ეტაპობრივად გავზარდოთ ეფექტიანობის აუდიტის წილი აუდიტორულ საქმიანობაში და ამავდროულად უზრუნველვყოთ ძირითადი საჯარო სექტორების დაფარვა. PAS-ის მიზანია ხელი შეუწყოს უმაღლესი აუდიტორულ ორგანიზაციებს ამ პროცესში და მხარი დაუჭიროს წევრებს პროფესიული მიდგომების განვითარებაში. ჩვენ ვუმასპინძლეთ ამ ღირებულ ღონისძიებას, რათა წვლილი შევიტანოთ PAS-ის მიზნების მიღწევაში“, აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა.

ორდღიანი კონფერენცია დაეთმო INTOSAI-ს ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტის აქტივობების შესრულების პროცესის განხილვას და აუდიტის ინოვაციური პრაქტიკების და გამოცდილებების გაზიარებას. 

ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროგრესი ეფექტიანობის აუდიტორების პროფესიულ განვითარებაში და ეფექტიანობის აუდიტების ჩატარების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების (INTOSAI) ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტის აქტიური წევრია 2015 წლიდან და ჩართულია პროფესიული სტანდარტების და აუდიტის ფუძემდებლური პრინციპების განახლებისა და სინქრონიზაციის პროცესებში.