სახელმწიფო აუდიტის სამსახური

INTOSAI IDI-ს წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეხვედრა გამართეს 04 მარტი, 2024

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეწვივნენ უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების განვითარების ინიციატივის (IDI) წარმომადგენლები, რომლებიც   ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტის წლიურ კონფერენციას ესწრებიან.     

IDI-ის გენერალური დირექტორის მოადგილე არჩანა შირსატი და პროფესიული აუდიტორული დეპარტამენტის უფროსი მენეჯერი მარია ლუსია ლიმა გენერალურ აუდიტორს ცოტნე ყავლაშვილს და გენერალური აუდიტორის მოადგილეს სოფიო დვალიშვილს შეხვდნენ.  

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩართულობას უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების სამუშაო ჯგუფებსა და IDI-ს მიმდინარე პროექტებში, ასევე IDI-ს მხარდაჭერას პროფესიული და ორგანიზაციული გაძლიერების პროცესებში.  

INTOSAI-ს ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტის წლიური კონფერენცია თბილისში 5-6 მარტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მასპინძლობით იმართება, რომელზეც მოწვეულია 30 ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენელი.

წლიური შეხვედრის პირველ დღეს განხილული იქნება ქვეკომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების მიმდინარეობის პროცესი, ხოლო მომდევნო დღე უმეტესად გამოცდილების და აუდიტის ინოვაციური პრაქტიკის გაზიარებას დაეთმობა.    

სახელმწიფო აუდიტის სამსახური უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანების  (INTOSAI) ეფექტიანობის აუდიტის ქვეკომიტეტის აქტიური წევრია 2015 წლიდან და ჩართულია პროფესიული სტანდარტების და აუდიტის ფუძემდებლური პრინციპების განახლებისა და სინქრონიზაციის პროცესებში. 

IDI-ს შეხვედრას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ასევე ესწრებოდნენ ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კაპანაძე და სახელმწიფო ბიუჯეტის და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე.