სახელმწიფო აუდიტის სამსახური

IntoSAINT-ის სამუშაო შეხვედრები მონტენეგროში 20 აპრილი, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარიამ კახიძემ მონაწილეობა მიიღო IntoSAINT კეთილსინდისიერების თვითშეფასების სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ნიდერლანდების უმაღლესი აუდიტორული სამსახურის ორგანიზებით მონტენეგროს ქ. პოდგორიცაში გაიმართა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკოსი მარიამ კახიძე, ნიდერლანდების უმაღლესი აუდიტორული სამსახურის მიწვევით, ნიდერლანდელ კოლეგასთან ერთად მოდერაციას უწევდა სამუშაო შეხვედრას, რომელიც მონტენეგროს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული რისკების მართვასა და შესაბამისი პოლიტიკის მექანიზმების შემუშავების გზით კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

მოდერატორებმა მონაწილეებს IntoSAINT-ის კეთილსინდისიერების თვითშეფასების მეთოდოლოგია გააცნეს, რომლის მიხედვით მონტენეგროს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეაფასეს ორგანიზაციის კეთილსინდისიერების გარემო, კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული რისკები, მოწყვლადი სფეროები და არსებული კონტროლის სისტემები. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ერთობლივად შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რისკების მართვასა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას ორგანიზაციის კეთილსინდისიერების გარემოს გასაუმჯობესებლად.

სამუშაო შეხვედრაზე შემუშავებული რეკომენდაციები, ჩატარებული თვითშეფასების შედეგები და IntoSAINT-ის კეთილსინდისიერების თვითშეფასების მეთოდოლოგია, მოდერატორებმა მონტენეგროს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის პრეზიდენტსა და სენატის წევრებს გააცნეს.

ანალოგიური სამუშაო შეხვედრები თბილისში, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ნიდერლანდებისა უმაღლესი აუდიტორული სამსახურის ორგანიზებით 13-15 მარტს გაიმართა.

IntoSAINT (Intosai Self Assessment INTegrity) წარმოადგენს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) თვითშეფასების ინსტრუმენტს, რომელიც უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებს კეთილსინდისიერების პოლიტიკის მექანიზმების დანერგვასა და განვითარებაში ეხმარება.