სახელმწიფო აუდიტის სამსახური

USAID მისიის ხელმძღვანელმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეხვედრა გამართა  13 დეკემბერი, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოშის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დელეგაცია ეწვია.

USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა და გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა USAID-ის მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე შეაჯამეს პროექტების მიმდინარეობის პროცესები და შედეგები, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს. მათ შორის, აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისთან (GAO) თანამშრომლობით ეფექტიანობის აუდიტის მიმართულებით კადრების მომზადება, აუდიტორთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის ARIS.GE-ს ფუნქციონირება და აუდიტის რეკომენდაციების გავლენის შეფასება, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) აუდიტის ინფრასტრუქტურის გაძლიერება.

გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და გენერალური აუდიტორის მოდგილემ ეკა ღაზაძემ მისიის წარმომადგენლებთან ასევე ისაუბრეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამოქმედო სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების სტატუსებზე, სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, კოვიდ-პანდემიის პირობებში შეცვლილ სამუშაო გარემოზე.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან 2013 წლიდან თანამშრომლობს.