სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ა(ა)იპ − საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ 2017-2019 წლებში განხორციელებული საქმიანობა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
მსოფლიოს 43-ე ოლიმპიადა
- სპორტული ღონისძიებისთვის ხელმისაწვდომი ალტერნატიული დაფინანსების პირობებში გაიხარჯა საბიუჯეტო რესურსები, რამაც ფედერაციის საკუთარ ბიუჯეტში წარმოშვა დამატებით 903,544 ლარი. აღნიშნული ფულადი სახსრები ფედერაციამ გახარჯა სამთავრობო კომისიისა და სამინისტროს ნებართვის გარეშე, რამაც წარმოშვა საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკები;
- ხელშეკრულებით არ არის იდენტიფიცირებული და შედეგად, გაუმჭვირვალეა ფედერაციის მხრიდან FIDE-ის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულებების განსაზღვრის საფუძვლები. რიგ შემთხვევებში მოცემული ვალდებულებების მიხედვით ანგარიშგებისა და ხარჯვის დადასტურების კონტროლის მექანიზმი სუსტია.
შესყიდვები
- ფედერაციის მიერ სხვადასხვა ინვენტარის/ეკიპირების/ აღჭურვილობისა და მომსახურების შესყიდვისას, მიმწოდებელი კომპანიების შერჩევა რიგ შემთხვევებში ხდებოდა ბაზრის კვლევის და შესაბამისად, ალტერნატიული შეთავაზებების განხილვა/შეფასების გარეშე.
შრომითი ხელშეკრულებები
- შრომითი ურთიერთობები რიგ შემთხვევებში არ ეფუძნება შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებს: არ არის განსაზღვრული და წერილობითი ფორმით შეთანხმებული ისეთი არსებითი პირობა, როგორიცაა, შესასრულებელი სამუშაო. შესაბამისად, გაურკვეველია კონკრეტულად რა სახის სამუშაოებს ასრულებს დასაქმებული პირი, რაც სუსტი შიდა კონტროლის პირობებში იწვევს საჯარო სახსრების არაეკონომიურ და არაეფექტიან განკარგვას და ზრდის ფიქტიური შრომითი საქმიანობის ანაზღაურების რისკებს.
- თანამშრომლებთან ზეგანაკვეთურ სამუშაოებთან დაკავშირებით გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი და ოდენობა განსაზღვრული არ არის.