სახელმწიფო აუდიტის სამსახური

დასვენება და კულტურა 09 ივლისი, 2021
ა(ა)იპ - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ა(ა)იპ − საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 2017-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

შესყიდვები

ფედერაციის მიერ სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას, მიმწოდებელი კომპანიების შერჩევა რიგ შემთხვევებში ხდებოდა ბაზრის კვლევის და შესაბამისად, ალტერნატიული შეთავაზებების განხილვის/შეფასების გარეშე. სპორტსმენთა ტექნიკური, ტაქტიკური და ფუნქციონალური დონის ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეკრებებზე, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 7,958,212 ლარიდან, 3,096,497 ლარი გადახდილია ბაზრის კვლევის გარეშე შერჩეულ, ქ. ბორჯომში, სასტუმრო-სპორტულ კომპლექს „ოლიმპის“ ბაზაზე განხორციელებულ შეკრებებზე გაწეული მომსახურებისათვის.

სასტუმრო მომსახურებაზე მიმწოდებელ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში დაუსაბუთებელია მომსახურების ერთეულის ღირებულებები; არ არის გათვალისწინებული მიწოდებული მომსახურების ხარისხის ინსპექტირების მექანიზმი, არ არის შეთანხმებული მენიუ და მისი ღირებულება.

ხშირად შეკრებებში მონაწილე სპორტსმენების მიერ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მომსახურების მიღება შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული არ არის. 2017-2019 წლებში შეკრებებზე სპორტსმენების ფაქტობრივად ყოფნის დღეებიდან გამომდინარე, ზედმეტად გადახდილმა სასტუმრო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 33,235 ლარი.

2017-2019 წლებში 10 სხვადასხვა კომპანიისგან შესყიდული 2,703,621 ლარის ღირებულების ავიაბილეთებიდან, 1,232,267 ლარის ბილეთები ბაზრის კვლევის გარეშე შესყიდულია დაფუძნებამდე რამდენიმე დღით ადრე, შპს „თაგ ჯორჯიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. არის შემთხვევები, როდესაც ფედერაციის მიერ მომსახურე კომპანიებისგან შესყიდული ავიაბილეთების ღირებულებები არსებითად განსხვავდება სხვა ორგანიზაციების მიერ ანალოგიურ პერიოდში ამავე მიმართულებით შესყიდული ავიაბილეთების ღირებულებებისგან.

მედიკამენტები და საკვები დანამატები 

მედიკამენტებისა და საკვები დანამატების საჭიროების განსაზღვრისა და ხარჯვის პროცესში არ არსებობს კონტროლის მექანიზმები, რაც წარმოშობს სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს, კერძოდ: 

  • შესასყიდი მედიკამენტებისა და დანამატების მოცულობა, ასევე ნომენკლატურული სტრუქტურა შესაბამისი პროფილის სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე არ არის განსაზღვრული;
  • მოჭიდავეთა ფიზიკური მონაცემების და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე არ არის დადგენილი საკვები დანამატებისა და მედიკამენტების ხარჯვის/გამოყენების ნორმები;
  • მოჭიდავეებზე მედიკამენტებისა და დანამატების გაცემის ფაქტი დოკუმენტურად არ დასტურდება;
  • ხშირად მედიკამენტები და საკვები დანამატები ჩამოიწერება არა საწვრთნელი შეკრების დასრულების შემდეგ, ფაქტობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, არამედ შეკრებამდე, მიმწოდებლის მიერ გამოწერილი ზედდებულის საფუძველზე. ამასთანავე, სრულად მიმდინარეობს წლის განმავლობაში შესყიდული მედიკამენტების და საკვები დანამატების ჩამოწერა და წლის ბოლოს ფაქტობრივი ნაშთი არ ფიქსირდება;
  • შემთხვევების არსებითი ნაწილის მიხედვით ჩამოწერა დადასტურებულია არა გუნდის ექიმის, არამედ კომპეტენციის თვალსაზრისით არაუფლებამოსილი პირების (მწვრთნელისა და მენეჯერის) მიერ. 

შრომის ანაზღაურება

სპორტსმენების მიერ წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, ბიუჯეტიდან პრემირებისა და ფულადი ჯილდოს სახით გამოყოფილი ფულადი თანხები ადმინისტრაციულ პერსონალზე არ არის განაწილებული გამჭვირვალედ. არის შემთხვევები, როდესაც პრემიები გაცემულია ფედერაციაში რამდენიმე თვის სამუშაო სტაჟის მქონე პიროვნებებზე.

შიდა კონტროლის ნაკლოვანებები

ფედერაციაში დანერგილი კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილე უცხოელ სტუმართა რეგისტრაციის, მათ მიერ გადახდილი სასტუმრო მომსახურების ღირებულების, მისაღები შემოსავლის (სარგებლის სახით) სისრულის და უცხოელ სტუმრებზე გაწეული მომსახურების ხარისხის შესაბამისობის შესახებ სარწმუნოობას.

შესამოწმებელ პერიოდში წესდებით გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ არ განხორციელებულა ფედერაციის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება-განხილვა.

ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია ჩატარდა არასრულყოფილად, კერძოდ, შემოწმდა მხოლოდ მატერიალურ ფასეულობათა ფაქტობრივი აღწერები, სააღრიცხვო მონაცემებთან შედარების გარეშე ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
 

ა(ა)იპ - საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას:

რეკომენდაცია N1:
საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიურობის პრინციპების დაცვის მიზნით, ფედერაციის მიერ დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც ალტერნატიული შეთავაზების, ანალიზისა და შეფასების საფუძველზე ხელს შეუწყობს საბაზრო პირობების შესაბამისი საკონტრაქტო ფასების ჩამოყალიბებას.

შესაბამისი ექსპერტული დასკვნების საფუძველზე განისაზღვროს მედიკამენტების და საკვები დანამატების ნორმები და რელევანტური კონტროლის მექანიზმების დანერგვით მიღწეულ იქნეს მათი მიზნობრივი ხარჯვა.

დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ფაქტობრივი მომსახურების დღეებიდან გამომდინარე ანაზღაურებას.
შეკრებებზე სასტუმრო მომსახურების სახით ზედმეტად გადახდილი 32,235 ლარი დაბრუნებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

რეკომენდაცია N2:
შრომის ანაზღაურების პროცესში თანაბარი მიდგომის უზრუნველსაყოფად, შემუშავდეს ფულადი ჯილდოს და პრემიის გაცემის წესი, სადაც განსაზღვრული იქნება ამ მიზნებისათვის ადმინისტრაციული პერსონალის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები.

რეკომენდაცია N3:
შემუშავდეს და დაინერგოს კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირების ორგანიზების პირობებში უზრუნველყოფს უცხოელი სტუმრების რეგისტრაციას, სარგებლის სახით მიღებული შემოსავლების სისრულეს და სასტუმრო მომსახურების ხარისხის შესაბამისობას.

რეკომენდაცია N4:
კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით განხორციელდეს აქტივების ინვენტარიზაცია და მისი შედეგების შეფასების საფუძველზე, მიღწეულ იქნეს მათი ეფექტიანი მართვა.