სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ადიგენის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ და „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:
- მუნიციპალიტეტმა შტატგარეშე მოსამსახურეები დაიქირავა მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, რაც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ასევე დაქირავებულების რაოდენობა აღემატება თვითმმართველობის კოდექსით დადგენილ ზღვრულ ნორმას
- სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯის გაწევისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე
- მუნიციპალიტეტს, ზოგიერთი შესყიდვის დროს, მიმწოდებელთან ხელშეკრულება გაფორმებული აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული მოთხოვნებისგან განსხვავებული, შეღავათიანი პირობებით. შედეგად, მიმწოდებლებს დაერიცხათ ნაკლები საჯარიმო თანხები და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ არის მიმართული შესაბამისი შემოსავალი
- მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, პრეტენდენტის მიმართ დაუსაბუთებელი საკვალიფიკაციო მონაცემების მოთხოვნის შედეგად, შეიზღუდა კონკურენცია, რის გამოც მუნიციპალიტეტმა სამუშაოები შეისყიდა გაზრდილი ღირებულებით
- აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტში შესრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანებულია. გამგეობამ საგარანტიო ვადაში მიმართა მიმწოდებელს, მაგრამ ხარვეზები გამოსწორებული არ არის
- ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას, რამდენიმე შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ობიექტის დასრულება და ფუნქციონირება, რადგან არ გაითვალისწინა საჭირო ფინანსური რესურსი.
- მუნიციპალიტეტმა რიგი სამშენებლო სამუშაოები შეისყიდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ობიექტები ჩაბარებულია და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებული პრაქტიკით იწვევს საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურებას
- მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი ფინანსური ანგარიშგების შესწავლისას გამოვლინდა ხარვეზები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ანგარიშგებაში წარმოდგენილი მონაცემების სისწორეზე.
აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.