სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ადიგენის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი.
2012-2013 წლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში არ ხდებოდა პერიოდული და წლიური ფინანსური ანგარიშგების წარმოება. აღნიშნულით დაირღვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანების მოთხოვნები. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა 2012-2013 წლების ფინანსური ანგარიშგებები, ხოლო შესაბამისი საფინანსო დოკუმენტაცია ამოღებული იყო სამართალდამცავი ორგანოების მიერ. აუდიტის ჯგუფს არ მიეცა შესაძლებლობა, გაცნობოდა პირველად დოკუმენტაციას, მასშტაბის შეზღუდვის გავლენა აუდიტზე ყოვლისმომცველია. აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებები, რის გამოც 2012-2013 წლების საქმიანობაზე გამოთქვამს მოსაზრებას - „უარი დასკვნის გაცემაზე“.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა-ნაკლოვანებები:
- 2013 წელს მუნიციპალიტეტის მიერ არ ხდებოდა საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პასუხისმგებელი პირის განმარტებით და მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტი ნაწილობრივ და ხარვეზებით უზრუნველყოფდა ფინანსურ აღრიცხვას. კერძოდ, შესაბამის ბარათებზე აღრიცხვის გარეშე ადგენდა ბუღალტრულ გატარებებს, არ ახდენდა მათ გადატანას მემორიალურ ორდერში და ასახავდა პირდაპირ მთავარ წიგნში. მთავარი წიგნი შედგენილია ხარვეზებით. კერძოდ, ზოგიერთი ეკონომიკური მოვლენა აღურიცხავია ან არასწორად არის ასახული. ასევე დოკუმენტის გვერდები არ არის გადანომრილი და დამოწმებული ბეჭდითა და ხელმოწერით.
- 2013 წელს მუნიციპალიტეტის მიერ დაანგარიშებულია ცვეთის სიდიდე, თუმცა ბუღალტრულად არ არის აღრიცხული. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების ღირებულება არ შემცირებულა ცვეთის სიდიდით.
- ჩატარებული აუდიტორული პროცედურებითა და პასუხისმგებელი პირების განმარტებით გამოვლინდა, რომ 2013 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, ხოლო 2012 წელს ჩატარდა ხარვეზებით. კერძოდ: ინვენტარიზაციის შესახებ ბრძანება არ ითვალისწინებდა და შესაბამისად, არ ჩატარებულა მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. ასევე მიუხედავად იმისა, რომ ინვენტარიზაციის შესახებ ბრძანება მოიცავდა, ინვენტარიზაცია არ ჩაუტარდა ფულად საშუალებებს.