სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის აუდიტი, რომლის მიზანია: შეფასდეს ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებულ პროცესებზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობა, ქვეყანაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისობა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დირექტივებთან და სტანდარტებთან (2018-2020 წლები), დასახული მიზნების მიღწევის მდგომარეობის უსაფრთხოებასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმიზაციასთან დაკავშირებით.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
რეფორმით მიღწეული შედეგების შეფასების ნაკლოვანებები
2018-2020 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა მავნე ნივთიერების კონცენტრაციების დადგენა და არეალის დაფარვა არ წარმოებდა სრულყოფილად. შესაბამისად, შეუძლებელია განისაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობით მიღებული გავლენა ჰაერის დაბინძურებაზე.
აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნულის გარეშე შეუძლებელია რეფორმის ეფექტიანობის სათანადოდ შეფასება, მიზნის მიღწევის თვალსაზრისით.
ინსპექტირების ცენტრებში პერსონალის კვალიფიკაციის ნაკლოვანებები
რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად, ინსპექტირების ცენტრები უნდა დაკომპლექტდეს შესაფერისი კადრებით, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ინსპექტორების არასათანადო კვალიფიკაციით გამოწვეული შეცდომები.
აუდიტორული პროცედურების შედეგად, შერჩეული ინსპექტირების ცენტრებზე სრულყოფილად ვერ იქნა წარმოდგენილი 2018-2020 წლებში ინსპექტორთა წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი მტიცებულებები, თუმცა ინსპექტირების ცენტრები აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან იღებდნენ დადებით შეფასებებს.
ინსპექტორთა კვალიფიკაციის შეფასება განხორციელდა არასრულყოფილად, რადგან შეფასება გაიარა არა ყველა, არამედ მხოლოდ ინსპექტირების ცენტრების მიერ წარმოდგენილმა კანდიდატებმა. ასევე გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც აკრედიტაციის ცენტრი 2019 წელს ინსპექტორთა სწავლებას და შემდგომ გასაუბრებით მათი ცოდნის შეფასებას, თავადვე ახორციელდება.
სწავლებასთან დაკავშირებით რეგლამენტის ხარვეზი და აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან არასრულყოფილი კონტროლი, ვერ უზრუნველყოფდა ინსპექტირების ცენტრების სათანადო კვალიფიკაციის მქონე ინსპექტორებით დაკომპლექტებას, რაც შესაძლოა უარყოფითად ასახულიყო ინსპექტირების პროცესის ხარისხსა და რეფორმის ეფექტიანად განხორციელებაზე.
ინსპექტირების ცენტრების აღჭურვილობის, ვიდეომეთვალყურეობისა და ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირების ხარვეზები
ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების მიუხედავად, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ინსპექტირების ცენტრების დანადგარების და აღჭურვილობის დადგენილ ვადებში დაკალიბრება, მათი გამართული ფუნქციონირება, ვიდეომეთვალყურეობის სისტემების უწყვეტი ფუნქციონირება, ინფორმაციულ სისტემებში ასახული ინფორმაციის უტყუარობა და სისრულე, არ ხორციელდებოდა მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც აკრედიტაციის ცენტრის კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებზე მიუთითებს და უარყოფითად აისახებოდა ინსპექტირების პროცესის სრულყოფილად და ობიექტურად განხორციელებაზე.
განუხორციელებელი მაკორექტირებელი ღონისძიებები
აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან გამოვლენილი შეუსაბამობების მიუხედავად, ინსპექტირების ცენტრების მიერ არ შეფასებულა შეუსაბამობების გავლენა და ჩატარებული ინსპექტირების შედეგები დარჩა უცვლელი. შესაბამისად, აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგი ვერ უზრუნველყოფდა ტექნიკური ინსპექტირების ხარვეზების გამოვლენამდე შედეგების კორექტირებას და პრევენციას, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ინსპექტირების ხარისხსა და რეფორმის ეფექტიანად განხორციელებაზე.
ინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ნაკლოვანებები
2018-2020 წლებში ინსპექტირების პროცესზე კონტროლი მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით, შესაფერისი პასუხისმგებლობების ზომების არარსებობის პირობებში აკრედიტაციის ცენტრის მიერ განხორციელებული ვიდეომონიტორინგი ვერ უზრუნველყოფდა, ერთი მხრივ, ინსპექტირების ცენტრების და ინსპექტორების მიმართ სისტემურ მიდგომას და, მეორე მხრივ, ინსპექტირებასთან დაკავშირებული დარღვევების პრევენციას, რის მიზეზადაც შეიძლება განხილულ იქნეს შემდეგი ფაქტორები:
- ინსპექტირების პროცესის კონტროლს არ ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ფუნქციის მქონე სახელმწიფო უწყება, ხოლო აკრედიტაციის ცენტრის მიერ ჩატარებული ინსპექტირების პროცესის მიმდინარე მონიტორინგი, როგორც მისი ფუნქციებისგან განსხვავებული საქმიანობა, ვერ უზრუნველყოფს დარღვევების სათანადო პრევენციას;
- ინსპექტირების ცენტრების მხრიდან ვიდეოჩაწერის უწყვეტ რეჟიმში განხორციელებასთან და ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულებები არ სრულდებოდა, არ იყო განსაზღვრული პასუხისმგებლობის შესაბამისი მექანიზმები და ინსპექტირების ცენტრებს ეძლეოდათ შესაძლებლობა, თავი აერიდებინათ სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლისთვის;
- არ არსებობდა რისკებზე დაფუძნებული შერჩევის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ინსპექტირების ცენტრის/ფილიალის ვიდეომონიტორინგს;
- არ არსებობდა ქმედითი მექანიზმები ინსპექტირების პროცესში დარღვევების გამომწვევი მიზეზების, მათი მნიშვნელობის დადგენასა და პრევენციასთან დაკავშირებით. მხოლოდ ინსპექტორის პასუხისმგებლობა შესაძლოა ვერ უზრუნველყოფდეს ინსპექტირების ცენტრის სათანადო მოტივაციას − ინსპექტირება მიმდინარეობდეს დადგენილი წესების სრული დაცვით.
ინსპექტირებისთვის მიმართვიანობის კონტროლის ნაკლოვანებები
ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნის დარღვევაზე საგზაო კონტროლის მექანიზმებში გამოიკვეთა შემდეგი ნაკლოვანებები:
- 2019-2020 წლებში ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულების ვადაგადაცილებაზე ქვეყნის მასშტაბით რეაგირებდა 559 ვიდეოკამერა, თუმცა „112“-ს არ გააჩნია ვიდეოკამერის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტის ავტომატურ რეჟიმში გამოვლენის პროგრამული უზრუნველყოფა, რის გამოც ასეთი ფაქტის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მანუალური შემოწმებით, რაც კამერების სიმრავლის გამო სისტემატურად ვერ ხორციელდება;
- განმეორებითი ჯარიმის ოდენობა და პერიოდულობა, როგორც პირველადი ჯარიმის, ისე ტექნიკურ ინსპექტირებაზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ავტომანქანის ფაქტობრივი დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის სრულყოფილ პრევენციას;
- 2018-2020 წლებში შეფარდებული ჯარიმების პროცენტული მნიშვნელობა, ინსპექტირება გაუვლელ სატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით, სრულყოფილი პრევენციისათვის საჭიროებს გაუმჯობესებას.
შსს-ს განმარტებით, სსიპ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის − „112“-ის განვითარების გეგმით, ყოველწლიურად ქვეყნის მასშტაბით გათვალისწინებულია 300 ახალი ვიდეოკამერის მონტაჟი, რაც ზემოაღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრასთან ერთად მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეფორმის მიზნების მიღწევას, საგზაო შემთხვევებისა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას. ასევე, დაზოგავს ფიზიკური კონტროლის განხორციელებაზე სამართალდამცველთა დროს.
ფიზიკური კონტროლი და გზისპირა ინსპექტირების არარსებობა
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით, გზებზე ფიზიკური კონტროლის პროცესს გააჩნია ნაკლოვანებები, ხოლო გამონაბოლქვთან დაკავშირებით − პრაქტიკულად არ ხორციელდება. გზისპირა ინსპექტირების მეთოდი არ არის დანერგილი, რაც აფერხებს გზებზე მხოლოდ ტექნიკურად გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შენარჩუნებას, ინსპექტირებაზე მიმართვიანობის ზრდას და წარმოშობს ისეთ რისკებს, როგორებიცაა:
- მანიპულაციის რისკი − ინსპექტირების წარმატებით გავლის მიზნით, ერთჯერადი სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად, სხვადასხვა დეტალის/ნაწილის თხოვება/დაქირავება, ბენზინისძრავიან ავტომობილებში ინსპექტირების გავლამდე ე.წ. სპეციალური ხსნარებით საწვავის ავზის დოზირებული გამართვა, დიზელისძრავიან სატრანსპორტო საშუალებაში ბენზინის კონცენტრანტის შერევა შეფერილი კვამლიანობის გაქრობის მიზნით და სხვ.
- ინსპექტირების პროცესში არამართლზომიერი გარიგებების რისკი;
- არაერთგვაროვანი ინსპექტირება − ინსპექტირების ცენტრების მიზანმიმართული ქმედება მომხმარებლების მოსაზიდად, რაც გამოიხატება ინსპექტირების პროცესის ლოიალურად (რეგლამენტის დარღვევით) განხორციელებაში.
უწყებების განმარტებით, მას შემდეგ რაც განისაზღვრება გამონაბოლქვის მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება, იგეგმება ფიზიკური კონტროლის მიმართულებით გააქტიურება და გამონაბოლქვის მზომი აპარატებით აღჭურვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეფორმის წარმატებით განხორციელებას.
ევროდირექტივებით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა
2018-2020 წლებში ქვეყანაში მოქმედი ინსპექტირების მეთოდები, ნორმები და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ მოთხოვნები, ერთეულ შემთხვევებში იყო განსხვავებული ევროდირექტივებით გათვალისწინებული მოთხოვნებისგან. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არსებული ავტოპარკის ასაკის და რთული ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარდამავალი პერიოდის გამოყენებით, CO-ს ევროპული სტანდარტი სრულად დაინერგება 2025 წლიდან, ასევე კატალიზატორის და ლამბდა კოეფიციენტის მოთხოვნებმა, საშუალოვადიან პერიოდში უნდა უზრუნველყოს ავტოპარკის დაახლოება ევროპულ სტანდარტთან.
ამასთან ერთად, აუდიტის ანგარიშში იდენტიფიცირებული ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად სათანადო კონტროლის მექანიზმების შემუშავება, მნიშვნელოვანდ შეუწყობს ხელს რეფორმის საბოლოო მიზნების მიღწევას, საგზაო უსაფრთხოებასა და გარემოზე მიყენებული ზიანის მინიმიზაციას.
საგზაო შემთხვევების შედეგად დაზიანებული ავტომობილების ვადამდელი ინსპექტირების არარსებობა
არსებული რეგულაციებით არ მოითხოვება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების ვადამდელი ინსპექტირება, რაც ხელს შეუწყობდა დროის გარკვეულ მონაკვეთში გზებზე გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შენარჩუნებას და რეფორმის მიზნების მიღწევას. მიუხედავად საკითხის კომპლექსურობისა და სირთულისა, მნიშვნელოვანია შესაბამისმა უწყებებმა განიხილონ ზემოაღნიშნული ინიციატივის დანერგვის შესაძლებლობა.
კონკურენცია ინსპექტირების ცენტრებს შორის
კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, სს „გრინვეი საქართველოს“ შერჩევის პროცესი შეფასდა კონკურენციის შეზღუდვად, რომელმაც გარკვეულწილად ხელი შეუშალა ბაზარზე ახალი სუბიექტების შესვლას. მიღებული განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო არ ეთანხმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და გასაჩივრებული აქვს სასამართლოში.
შედეგად, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას დაასკვნას, ზემოაღნიშნული პირობები რამდენად შეუწყობს ხელს რეფორმის წარმატებით განხორციელებას.
მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის არარსებობა
ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა უნდა დანერგილიყო 2021 წლის მარტიდან, რომელშიც უნდა ასახულიყო ინსპექტირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, თუმცა ინსპექტირების ცენტრების მხრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია, რაც არ იძლევა სრულყოფილი სტატისტიკის წარმოებისა და ანალიზის საშუალებას.