სახელმწიფო აუდიტის სამსხურმა ჩაატარა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა 2014 წელს შეადგინა 5 995 ათასი ლარი, ხოლო 2015 წელს 7 124 ათასი ლარი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა არსებითი ხასიათის სხვადასხვა დარღვევა-ნაკლოვანება და გაიცა პირობითი აუდიტორული დასკვნა.
- 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტმა მონეტარული ზღვრების და/ან დამტკიცებული გეგმის დარღვევით განახორციელა 14 სახელმწიფო შესყიდვა, საერთო ღირებულებით - 203.2 ათასი ლარი. შესყიდვების წლიური გეგმის შეუსაბამოდ ჩატარდა 363.3 ათასი ლარის ღირებულების 84 სახელმწიფო შესყიდვა.
- 2014 წელს გამგეობის მიერ დადებულია 134 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება, რომლებიც შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ არის განთავსებული. 171 გამარტივებული შესყიდვისა და 123 სატენდერო ხელშეკრულება რეგისტრირებულია დაგვიანებით. 2014-2015 წლებში, 461 ხელშეკრულებიდან სისტემაში ატვირთულია მხოლოდ 2 ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- სატენდერო კომისიამ, შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევით, არასწორად მოახდინა ერთ-ერთი მონაწილის დისკვალიფიკაცია. კერძოდ, ტექნიკურ დოკუმენტაციის დაზუსტებისას, პრეტენდენტს არ მიუთითა ხარჯთაღრიცხვის ხარვეზის შესახებ. შედეგად, ხელშეკრულება გაფორმდა უფრო მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტთან და სამუშაოს ღირებულება 20.0 ათასი ლარით გაიზარდა.
- მუნიციპალიტეტმა 2014 წელს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა არასწორად შეისყიდა, დღგ-ის ჩათვლით. გამგეობამ მიმწოდებელს აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების ღირებულება სულ 103.0 ათასი ლარი, მათ შორის, დღგ - 14.3 ათასი ლარი.
- მუნიციპალიტეტმა 19 შემთხვევაშია არ გამოიყენა საჯარიმო სანქციები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის, რის გამოც ვერ მიიღო 63 ათას ლარზე მეტი შემოსავალი.
- 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტს, დარიცხული საჯარიმო სანქციებიდან, არ მიუღია 172.0 ათასი ლარი: 7 ხელშეკრულების შემთხვევაში საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმდა და ანგარიშსწორება განხორციელდა მიმწოდებლების მხრიდან საჯარიმო თანხების გადახდამდე. ანაზღაურების მიღების შემდეგ მიმწოდებელთა ნაწილმა 31.4 ათასი ლარის პირგასამტეხლო აღარ გადაიხადა. გარდა ამისა, გამგეობამ შპს „არქიკულტურას“ გადაუვადა სულ 140.6 ათასი ლარის ჯარიმის გადახდის ვალდებულება.
- მუნიციპალიტეტმა, 2014-2015 წლებში, გამარტივებული შესყიდვის 154 ხელშეკრულებით, შეიძინა 1 006.9 ათასი ლარის სამშენებლო სამუშაოები. 2014 წელს, 3 ხელშეკრულების ფარგლებში, 7.9 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებზე ფაქტობრივი დანახარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია საერთოდ არაა წარმოდგენილი. 59 ხელშეკრულებისათვის არ არის ხელფასის ან ტრანსპორტის ხარჯის დოკუმენტები.
- 2014 წელს, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტს 892.0 ათასი ლარი გამოეყო. საკრებულომ ხელშეკრულების გასაფორმებლად რეკომენდაცია გაუწია შპს „მშენებელი-2006“-ს. შესყიდვის ელექტრონული პორტალის მონაცემების მიხედვით, მიმწოდებელს სამუშაოს შესრულების გამოცდილება არ აქვს. საკრებულომ მიმწოდებლის შერჩევის კრიტერიუმად გამოიყენა 2006 წელს შესრულებული სამუშაოები.
- სტიქიის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვისათვის, გამგეობამ ვერ დაასაბუთა, რამ განაპირობა სულ 2937 კუბ.მ. ინერტული მასალის ზიდვის დაგეგმვა 22 კმ მანძილიდან. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ დოკუმენტებში მიმწოდებელმა ზიდვის მანძილად 9-10 კმ მიუთითა, თუმცა ფორმა #2-ის შესაბამისად ჩარიცხული თანხა და ექსპერტის მიერ დადასტურებული ფაქტობრივი დანახარჯები იდენტურია.
- მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობის პირს უფლება არ აქვს ქონებრივი გარიგება დადოს იმ სახაზინო დაწესებულებასთან, რომელშიც მას თანამდებობა უჭირავს. საკრებულოს თავმჯდომარემ, თავმჯდომარის მოადგილემ და გამგებელმა 2014-2015 წლებში იჯარის ხელშეკრულებები გააფორმეს გამგეობასთან, მათივე საკუთრებაში არსებული ავტომანქანების მომსახურების მიზნით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ქირავნობასა და მოვლა-შენახვაზე გამგეობამ 2014-2015 წლებში კანონშეუსაბამოდ გასწია სულ 18.4 ათასი ლარის ხარჯი.
- საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2014-2015 წლებში ამბროლაურის თვითმმართველ ერთეულს მოხელეთა სამსახურებრივი მიმოსვლისათვის უნდა გამოეყენებინა არაუმეტეს 6 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა. 2015 წელს მუნიციპალიტეტმა მთავრობის სარეკომენდაციო ხასიათის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
- შპს ,,ამბროლაურის კომუნალური-2009"-ს თხოვების უფლებით გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 4 ერთეული სპეცტექნიკა. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საწარმოს მიმართ ტექნიკის დამქირავებელთა დებიტორული დავალიანება 41.1 ათას ლარს, ხოლო 2015 წლის ბოლოს - 23.1 ათას ლარს შეადგენდა.
- ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიზნით, 2014-2015 წლებში გამგეობამ საკრებულოს წევრებზე გასცა სულ 87.2 ათასი ლარი. ხარჯის დასადასტურებლად არ არის წარმოდგენილი საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები.
- მუნიციპალიტეტმა დაარღვია თვითმმართველობის კოდექსით დაწესებული ზღვარი, შტატგარეშე მოსამსახურეების რიცხოვნობასთან დაკავშირებით. 2015 წლის განმავლობაში დაქირავებულ შტატგარეშეთა რაოდენობა ერთიდან ოთხამდე ერთეულით აღემატებოდა კანონით დადგენილ ნორმას.
- 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული საშეშე მერქანი მოსახლეობაში განაწილებულია ხარვეზებით. კომისიური წესით დადგენილი სიის 14 ბენეფიციარზე დახმარების გაცემა დოკუმენტებით არ დასტურდება. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, 6 ბენეფიციარი არ იმყოფებოდა სოფელში და შეშა ინახება თემის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 8 ბენეფიციართან მიღება-ჩაბარების აქტები არ გაფორმებულა.
- კვების ობიექტის ასაშენებლად, მუნიციპალიტეტმა 2013 წელს გაასხვისა სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე 2202 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. გამგეობამ ობიექტისათვის ელ. ენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდების ვალდებულება აიღო და 2015 წელს გასწია 41.5 ათასი ლარის ხარჯი, თუმცა ვერ მიიღო დაგეგმილი შედეგი.
- კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტი 2014-2015 წლებში არ ახორციელებდა ფინანსურ აღრიცხვას. არ ადგენდა პერიოდულ და წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებს. 2015 წლის ბოლოს არ ჩაუტარებია ინვენტარიზაცია.
- გამგეობამ ვერ წარმოადგინა შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმები. გარდა ამისა, სამსახურს არ შეუსწავლია გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობა. გამგეობამ ვერ დაასაბუთა, რატომ არ დაიგეგმა და განხორციელდა აღნიშნული სტრუქტურების შიდა აუდიტორული შემოწმება.
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაარღვია საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნები 2015 წელს ორ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, ბიუჯეტის ცვლილებები ერთი თვის ვადაში არ წარუდგინა საკრებულოს. საკრებულოში არ წარდგენილა 2014 წლის II და 2015 წლის III კვარტლის ბიუჯეტების შესრულების მიმოხილვები. 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში არ მოიცავს განმარტებებს იმ შემთხვევებისათვის, როდესაც დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობა 30%-ს აღემატება.