სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 07 თებერვალი, 2020
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ასპინძის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტების გადასახდელები, ჯამში − 16,321.1 ათასი ლარი

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

  • მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაგეგმა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. ამასთანავე 2018 წელს ვერ უზრუნველყო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება, რაც მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე;
  • მუნიციპალიტეტში მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხასიათდება დაზიანებებით. სამუშაოების შესყიდვის პროცესში მერიას არ ჰქონდა დანერგილი ეფექტიანი კონტროლის პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფდა ხარისხიანი სამუშაოების ჩაბარებას. ასევე არ მომხდარა სათანადო შემდგომი რეაგირება გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად;
  • მუნიციპალიტეტმა, ელექტრონული ტენდერებით შესყიდვის განხორციელებისას, არ გამოიყენა კანონით განსაზღვრული შესაძლებლობა, დისკვალიფიკაცია მიანიჭა დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებს და ხელშეკრულება გააფორმა მაღალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტთან, რითაც დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა;
  • დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტი აფინანსებდა ორგანიზაციას, რომელზეც ადმინისტრაციული ხარჯის გაწევა, მისი ფუნქცია-მოვალეობიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი. ამასთანავე, არსებობს რისკი იმისა, რომ ა(ა)იპ-ში საშტატო რიცხოვნობა ხელოვნურად არის გაზრდილი და მათი რაოდენობა არ შეესაბამება რეალურ საჭიროებას;
  • მერიამ, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, თანხები გასცა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე;
  • მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა რომ საწვავის ხარჯვა ხორციელდება არამიზნობრივად, მუნიციპალიტეტის საჭიროებების შეუსაბამოდ;
  • მუნიციპალიტეტში არსებული მართვის სისუსტეების გამო, საბიუჯეტო პროცესი წარიმართა სხვადასხვა ხასიათის ხარვეზებით და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით;
  • მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საიჯარო ქირის სრული და დროული მობილიზება შესაბამისი წლის ბიუჯეტში და არც ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში გაუტარებია სათანადო ღონისძიებები მოიჯარეების მიმართ;
  • შიდა აუდიტის სამსახურს არ აქვს სისტემაზე ორიენტირებული მიდგომა და ვერ განსაზღვრავს, რამდენად ეფექტიანად და პროდუქტიულად ფუნქციონირებს ცალკეული სისტემა/პროცესი. შესაძლებელია, რომ შიდა აუდიტის სამსახურს გამოვლენის, შესწავლისა და შეფასების გარეშე დარჩეს სისტემური დარღვევა-ნაკლოვანებები. ამდენად, შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა სრულად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებას.

რეკომენდაცია №1 ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ საკუთარ ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები მიმართოს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განსახორციელებლად და მშენებარე ობიექტების დასასრულებლად; ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და თანხები მაქსიმალურად გამოიყენოს მოსახლეობის სასიკეთოდ.

რეკომენდაცია №2 მუნიციპალიტეტის საკრებულომ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, მოქმედი სტანდარტების დაცვით, სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №3 მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოების ან/და მომსახურების შესყიდვისას ყურადღება გაამახვილოს და სათანადოდ შეისწავლოს დაბალი ფასის პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია და არ დაუშვას არასწორი მიზეზით გამოწვეული დისკვალიფიკაცია პრეტენდენტების მიმართ; აღნიშნული ხელს შეუწყობს შესყიდვების პროცესში სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობას.

რეკომენდაცია №4 მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მდგომარეობა. განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია განხორციელდეს ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვას.

რეკომენდაცია №5 მუნიციპალიტეტის მერიამ (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) არ აანაზღაუროს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა, სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას.

რეკომენდაცია №6 მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მერიასთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიმუშაოს წესი საწვავის განაწილებისა და ხარჯვის შესახებ. მერიამ დააწესოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საწვავის არარაციონალური და არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენების თავიდან აცილებას.

რეკომენდაცია №7 მუნიციპალიტეტის მერიამ საბიუჯეტო პროცესის სრულყოფილად წარმართვის მიზნით, დანერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები. ამასთანავე, მიზანშეწონილია, მერიამ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება და შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების საერთო მოცულობის არანაკლებ ერთი პროცენტი მიმართოს მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის.

რეკომენდაცია №8  მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის იმგვარი ფუნქციონირება, რომელიც მოახდენს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემების შესწავლასა და შეფასებას, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.