აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2014 წლის 6 თვის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2014 წლის დამტკიცებულმა და დაზუსტებულმა ბიუჯეტმა 4 198.2 ათასი ლარი შეადგინა. 2014 წლის ექვსი თვის დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 2 332.8 ათას ლარს, ხოლო განხორციელებული ცვლილებების შედეგად დაზუსტებულმა ბიუჯეტმა შეადგინა 2 316.8 ათასი ლარი.
მთავრობის აპარატის ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილში, რიგ შემთხვევებში 2013 წლის 6 თვის ხარჯები 2014 წლის 6 თვის ხარჯებთან შედარებით, გაზრდილია: „პრემიის“ მუხლი - 14.6 ათასი ლარით; „კომპენსაციის“ მუხლი - 5.6 ათასი ლარით; „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლი - 3.8 ათასი ლარით; „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის“ მუხლი - 16.0 ათასი ლარით.
შემცირებულია: „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლი – 28.6 ათასი ლარით; „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების“ მუხლი - 23.2 ათასი ლარი; „მივლინების“ მუხლი - 33.7 ათასი ლარით; „ოფისის ხარჯები“ - 13.0 ათასი ლარით.
ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების 2014 წლის ექვსი თვის საკასო შესრულება საბალანსო მონაცემებით შეადგენს 41.9 ათას ლარს, ხოლო ფაქტობრივი ხარჯები - 42.3 ათას ლარს. აღნიშნული მუხლი მოიცავს სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისათვის გაწეულ როგორც საწვავის, ასევე სარემონტო სამუშაოების ხარჯებს. საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე შესაბამისი ბრძანებით დადგენილია ყოველი თვის ლიმიტი.
წარმომადგენლობითი ხარჯების 2014 წლის ექვსი თვის საკასო შესრულება, 2013 წლის ექვს თვესთან შედარებით, 3.8 ათასი ლარით არის შემცირებული, რომელიც ძირითადად მოიცავს სხვადასხვა დელეგაციებისა და სტუმრების მიღებასა და მომსახურებას.