სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 04 აპრილი, 2017
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2016

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის ფინანსური აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:

  • უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებისათვის დანამატის ოდენობა განსაზღვრულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომლის თანახმად თანამდებობების მიხედვით დადგენილია დანამატის კონკრეტული ციფრობრივი ოდენობა. გამომდინარე იქედან, რომ ზემოაღნიშნული დანამატი კანონით გათვალისწინებული არ არის, შესაბამისად გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს მოხელის ზეგანაკვეთური მუშაობა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის არსებობა, თუმცა აღნიშნული სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება.
  • ქვეყნის გარეთ მივლინების დოკუმენტაციის შესწავლისას, ორ შემთხვევაში ბრძანებით განსაზღვრული სამივლინებო პერიოდი არ ემთხვევა მივლინებული პირების ქვეყნის გარეთ ყოფნის პერიოდს, ასევე ორ შემთხვევაში არასწორად იქნა ანაზღაურებული სადღეღამისო ნორმის ღირებულება.
  • ტრანსპორტის ექსპლუატაციის და მოვლა-შენახვის ხარჯებისათვის წლის დასაწყისში გათვალისწინებული იყო 247 700 ლარი, ხოლო შემდგომ წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად აღნიშნული ხარჯი შემცირდა 69 285 ლარით, რომლიდანაც 53.8% (37 285 ლარი) მიმართული იყო შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე, ხოლო დანარჩენი მივლინებების და არაფინანსური აქტივების ზრდას მოხმარდა. აღნიშნული გარემოება ბიუჯეტის არასათანადო დაგეგმვაზე მიუთითებს.

 აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ იქნა შესაბამისი აუდიტის ანგარიში, რომელიც გაეგზავნა აუდიტის ობიექტს.