სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც მოიცავს ტურიზმის მიმართულებით არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის ანალიზს და მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ფარგლებში გაცემული სესხების მიზნობრიობის შეფასებას.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
- ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2017 წლიდან ხორციელდება დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და მათი მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა, რომელიც განკუთვნილია ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ტურისტებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისთვის. ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ მიუხედავად საბიუჯეტო რესურსების ხარჯვისა, ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს − ის ადგილები, რომლებიც დასრულებულია და ვიზიტორებს უნდა იღებდეს, მოუვლელი და მიტოვებულია. პროგრამის დაგეგმვის და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების დროს გამოვლენილი გარემოებები ადასტურებს, რომ სამინისტროს, როგორც პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე მიღებული პროდუქტის სათანადო მოვლა-პატრონობის მიმართულებით აქვს პრობლემები, რაც საბოლოოდ იწვევს პროგრამის განხორციელების შეფერხებას და მოსალოდნელი სარგებლის ვერ მიღებას;
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2014-2020 წლებში, 2,811.3 ათასი ლარის მოცულობის სესხი გაცემულია 40 ბენეფიციარზე, საიდანაც გაცემული სესხის მომსახურების თანადაფინანსებაზე რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გადახდილია 610.6 ათასი ლარი, მათ შორის, 2016-2019 წლებში − 460.6 ათასი ლარი. მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გაცემული სესხები წარმოადგენს 2007-2013 წლებში სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან/კომერციული ბანკიდან ან/და კერძო გამსესხებლებისგან აღებული სესხების რეფინანსირებას. შედეგად გამოვლინდა, რომ პროგრამის დაგეგმვასა და ადმინისტრირებაში არსებული არაეფექტიანი მექანიზმების არსებობის გამო, ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოხმარდა უფრო გადახდისუუნარობის რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების სესხის წნეხის შემცირებას, ვიდრე აჭარის რეგიონში მცირე და საშუალო ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ტურისტული მომსახურების გაუმჯობესებას. აქვე აღსანიშნავია, რომ პროგრამით/შესაბამისი ხელშეკრულებებით არ განისაზღვრა სათანადო კონტროლის მექანიზმები, რაც ბენეფიციართა ტურიზმის სექტორში საქმიანობის ვალდებულებას უზრუნველყოფდა. შესაბამისად, სამინისტროს არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია, რამდენად დაეხმარა აღნიშნული თანადაფინანსების პროგრამა ბენეფიციარებს და რამდენად აგრძელებენ ისინი ტურისტულ სექტორში საქმიანობას.