სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური საქმიანობა 28 თებერვალი, 2020
აჭარის ა/რ და ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა აჭარის ა/რ და ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (არსებული) 49 ერთეული შპს-ს საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

შპს-ს მართვა

შპს-ს წილის მფლობელები შესაბამის ზედამხედველობას არ უწევდნენ შპს-ების საქმიანობას, შედეგად, 14 შპს-ს ფინანსური შედეგი დასრულებული აქვს ზარალით, 7 შპს არ ფუნქციონირებს და მათ არსებული აქტივების ძირითად ნაწილზე მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები, მათ შორის, 3 შპს-ის დამფუძნებლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია მათი არსებობის შესახებ, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით, აჭარის ა/რ წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებია. ასევე აჭარის ა/რ მმართველობაში მყოფ 10 შპს-ზე დადგა გადახდისუუნარობის და გაკოტრების წინაპირობა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს შესაძლოა მიადგეს ზიანი;

შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ მოქმედი რეგულაციებით, სამედიცინო საქმიანობისათვის დამტკიცებულია ხარჯების ზღვრული ნორმები, თუმცა მედიკამენტების და კვლევის ნაწილში ჩამოწერილია ნორმებთან შედარებით გაცილებით მეტი ოდენობის მედიკამენტები, შედეგად, შპს-ს მიღებული აქვს საოპერაციო ზარალი;

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ კომპანია Smoove-ზე ველოსიპედებისა და მათი ტერმინალების მომსახურებისათვის გადახდილია მნიშვნელოვანი თანხები, თუმცა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ვერ წარმოადგინეს და ანგარიშსწორება განხორციელებულია დასაბუთების გარეშე.

შპს-ის შემოსავლები

წლების განმავლობაში წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციისათვის გახარჯული მნიშვნელოვანი თანხების მიუხედავად, 2017-2018 წლებში დანაკარგადაა აღიარებული შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მოპოვებული წყლის, საშუალოდ, 70%. აბონენტების მიერ სწრაფი გადახდის აპარატებით გადახდილი მოხმარებული წყლის საფასური მომსახურე ბანკმა დროულად არ მიმართა კომპანიის ანგარიშზე, შედეგად, შპს „ბათუმის წყალმა“ დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა;

აქტივების აღრიცხვა

შპს „სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის ცენტრის“ და შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ მიერ უსასყიდლოდ მიღებული აქტივები ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის აღრიცხული, რამაც შპს-ის არასაოპერაციო შემოსავლის და კაპიტალის შემცირება განაპირობა;

შპს „ბათუმის წყლის“ და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ მოქმედი რეგულაციებით გაუთვალისწინებლად ჩამოწერილია ბალანსზე რიცხული დებიტორული დავალიანებები. შედეგად, გაზრდილია შპს-ების ზარალი, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს დავალიანებების მქონე პირების სასარგებლოდ, ვალის უსაფუძვლო ჩამოწერით;

შრომის ანაზღაურება

შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ და შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ხელმძღვანელებს, პარტნიორის გადაწყვეტილების გარეშე, შპს-ს წესდების პირობების შეუსაბამოდ, დამატებით მიღებული აქვთ შრომის ანაზღაურება. ამასთანავე, შპს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ, ადმინისტრაციულ პერსონალზე შრომის ანაზღაურება არ არის გაცემული თანასწორუფლებიანობის პირობებში ერთგვაროვანი მიდგომით;

შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ საშტატო ერთეულით გათვალიწინებულ სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული არიან შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე ფიზიკური პირები, მათ მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე არ არის წარმოდგენილი მომსახურების ფაქტობრივად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა კლუბს გაცემული აქვს ანაზღაურება;

შპს „ბათუმის წყლის“ მიერ, სანიაღვრე არხების მიმდინარე მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურებისათვის, თანამშრომლებზე ზეგანაკვეთური მუშაობისათვის ანაზღაურება გაცემულია შესრულებული სამუშაოს სახეების განსაზღვრის, არასამუშაო საათებში ფაქტობრივად შესრულების, მიზანშეწონილობის და სამუშაოს შესრულების ადგილმდებარეობის დადასტურების გარეშე;

სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა განხორციელებულია ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებებით, ფიქსირდება მძღოლის არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტი და შედეგად, ავტოსაგზაო შემთხვევა;

შპს „სანდასუფთავების“ მიერ უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით მიღებული ავტომანქანების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება და სამსახურებრივი საჭიროებისათვის საწვავის ხარჯვა წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება. ამასთანავე, შპს „სანდასუფთავების“ და შპს „დინამო ბათუმის“ ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებზე, გავლილი მანძილის და დადგენილი ნორმების შეუსაბამოდ, ჩამოწერილია საწვავი, რაც წარმოშობს სატრანსპორტო საშუალებების და მასზე გახარჯული საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს;

წარმომადგენლობითი და მივლინების ხარჯები

შპს „ბათუმის წყლის“ და შპს „ბათუმის სარაგბო კლუბის“ თანამშრომელთა მივლინებისათვის, თანხები დადგენილ ნორმებზე მეტი ოდენობითაა გახარჯული, ხოლო შპს „ბათუმის წყალის“ მიერ წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის თანხის ხარჯვა დოკუმენტებით არ დასტურდება. აღნიშნული გარემოებები ფულადი სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკსა და შიდა კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს;

სამედიცინო საქმიანობისათვის გაწეული ხარჯები

შპს „სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის ცენტრის“ და შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ კლინიკაში პაციენტების არასწორად დაყოვნების, სტაციონარიდან გაწერის შემდეგ პაციენტების განმეორებით ჰოსპიტალიზაციის და პაციენტთა ისტორიაში გაურკვეველი ჩანაწერების გამო, შპს-ებმა სადაზღვევო კომპანიებისგან ვერ მიიღეს გაწეული მომსახურების საფასური. შედეგად, გაზრდილია კლინიკების ფინანსური ზარალი;

სახელმწიფო შესყიდვები

შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ სპორტსმენებზე მიმწოდებლის მიერ მომსახურების ფაქტობრივად გაწევა წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება. შედეგად, მიმწოდებელს თანხა მიღებული აქვს ისეთ მომსახურებაზე, რომელიც შესაძლოა არ განხორციელებულა. აღნიშნული გარემოება შპს-ის მიერ ფულადი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკზე მიუთითებს;

შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ მიერ რეზერვუარის დემონტაჟის, გადაკეთება-მონტაჟის სამუშაოებისათვის მიმწოდებელზე თანხა გადახდილია შესასრულებელი სამუშაოების დასახელების, მოცულობის და მასალების ფაქტობრივად ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულების გარეშე. ანალოგიურად, შპს „სავაჭრო ცენტრ 2009“-ის მიერ ბაზრის ტერიტორიაზე, სარემონტო სამუშაოებისათვის, სატრანსპორტო ხარჯი გადახდილია ფაქტობრივად შესრულების დადასტურების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ დგინდება რამდენად შეესაბამება შპს-ების მიერ გაწეული ხარჯები რეალურად განხორციელებული სამუშაოების ღირებულებასთან;

შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ მიერ სპორტსმენებისთვის ბინის დაქირავება, რიგ შემთხვევაში, განხორციელებულია საჭიროების დასაბუთების გარეშე, არაერთგვაროვანი მიდგომით და საბაზრო ფასებთან შეუსაბამოდ. შედეგად, შესაძლოა, შპს-ის მიერ ფულადი სახსრები არარაციონალურად დაიხარჯა;

შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ სპორტსმენთა საჭიროებისათვის კვების პროდუქტების შეძენა წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება. ამასთანავე, გასვლითი კალენდარული მატჩის ჩატარებისათვის, გუნდის უცხოეთში მგზავრობის მომსახურების შესყიდვა, ნაცვლად ელექტრონული ტენდერისა, განხორციელდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხოლო მიმწოდებლისთვის გადახდილ თანხაზე სრულად არ არის წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები;

შპს „დინამო ბათუმის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი, მერიის მიერ აშენებული, ანგისის დასახლებაში არსებული სპორტული ბაზის შენობა დაზიანებულია, თუმცა როგორც შპს-მ, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, ვერ უზრუნველყო დაზიანების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ზიანის ოდენობის განსაზღვრა. ასევე პასუხისმგებელი პირების მიმართ არ არის გატარებული შესაბამისი ღონისძიებები შესაძლო ზიანის ასანაზღაურებლად;

შპს „სტადიონის“ მიერ ქალაქ ბათუმში, 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს შენობის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ხელშეკრულების პირობების დარღვევით.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა − 2018 წლის 18 მაისი, არერთხელ შეიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 დეკემბერი, სამუშაოები 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობითაც დაუსრულებელია. ამასთანავე, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით, შემცირებულია პირგასამტეხლოს სახით დასარიცხავი თანხის განაკვეთი და ოდენობა, რითაც შპს-მ დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს: აჭარის ა/რ და სოციალური დაცვის სამინისტროს

ქალაქ ბათუმის მერიას

რეკომენდაცია N1: შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა დანერგონ ისეთი კონტროლის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფო საწარმოებში ეფექტიან ზედამხედველობას; მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს არამომგებიან და არაფუნქციონირებად საწარმოებზე, დაისახოს და განხორციელდეს კონკრეტული ღონისძიებები მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის, შემოსავლების ახალი წყაროების მოძიების და ხარჯების შემცირების უზრუნველსაყოფად. ასევე მიზანშეწონილია, დამფუძნებლებმა იმსჯელონ არამომგებიანი და უფუნქციო საწარმოების ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, შერწყმის ან პრივატიზაციის თაობაზე. ამასთანავე, განსაზღვრონ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები და გაატარონ ქმედითი ღონისძიებები შპს-ებში ფინანსური მდგომარეობის გაუარესების, გადახდისუუნარობის და გაკოტრების წარმოშობის მიზეზებთან დაკავშირებით.

ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

რეკომენდაცია N2: საზოგადოების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამინისტრომ, როგორც მმართველმა, უზრუნველყოს შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, მედიკამენტებისა და კვლევის ნაწილში, საოპერაციო ზარალის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს სამართლებრივი ღონისძიებები.

ქალაქ ბათუმის მერიას

რეკომენდაცია N3: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან ერთად, განიხილოს ველოსიპედების მომსახურებიდან მიღებული უარყოფითი ფინანსური შედეგის გამომწვევი მიზეზები და კანონშეუსაბამობის არსებობის პირობებში გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. ამასთანავე, იმსჯელონ, ველოსიპედის და მისი ტერმინალის მომსახურებისათვის კომპანია Smoove-ზე დაუსაბუთებლად გადახდილი თანხის აუცილებლობის და მიზანშეწონილობის საკითხი და მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელობამ შეიმუშაოს კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს შპს-ის ფინანსური შედეგების გაუმჯობესებას.

რეკომენდაცია N4: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, როგორც პარტნიორმა, შპს „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, შეისწავლოს კომპანიაში არსებული წყლის დანაკარგების, მომხმარებლების ქსელზე დაერთების სალიცენზიო პირობების დარღვევის და აბონენტების მიერ სწრაფი გადახდის აპარატებით გადახდილი თანხების კომპანიის ანგარიშზე დაგვიანებით დაბრუნების გამომწვევი მიზეზები და არაობიექტური გარემოების არ არარსებობის პირობებში, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს სამართლებრივი ღონისძიებები. ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს წლების განმავლობაში ამ სექტორში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების ეფექტიანობის შესწავლას, რომელმაც ვერ უზრუნველყო რესურსების დანაკარგების ადეკვატური ეკონომია. ამასთანავე, მეორე მხრივ, დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც დროულად გამოავლენს ხარვეზებს, მაქსიმალურად ხელს შეუწყობს და გააუმჯობესებს შპს-ის ფინანსურ მდგომარეობას, რაც ადგილობრივ ბიუჯეტში დივიდენდის სახით დამატებითი შემოსავლის მიღების ერთ-ერთი საფუძველია.

შპს „სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის ცენტრს“: შპს „ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“

რეკომენდაცია N5: შპს „სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის ცენტრის“ და შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ გატარდეს ქმედითი ღონისძიებები, რომ უსასყიდლოდ გადმოცემული აქტივები აღებულ იქნეს საზოგადოების შემოსავალში, რითაც გაიზრდება საზოგადოების კაპიტალი.

ბათუმის მერიას

რეკომენდაცია N6: ქალაქ ბათუმის მერიამ, შპს „ბათუმის წყლის“ და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პასუხისმგებელ პირებთან ერთად შეისწავლოს დებიტორული დავალიანების უსაფუძვლოდ ჩამოწერის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. ამასთანავე, უზრუნველყონ დაუსაბუთებლად ჩამოწერილი დავალიანების ფინანსურ ანგარიშგებაში აღდგენა.

ბათუმის მერიას: აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

რეკომენდაცია N7: ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მათ მიერ დაფუძნებულ საწარმოებში დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც დროულად და სრულად გამოავლენს შრომის ანაზღაურების გაცემაში არსებულ ხარვეზებს, ხელს შეუწყობს დასაქმებულთა თანასწორუფლებიანობის პირობებში შრომის ანაზღაურების გაცემას და კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამასთანავე, განიხილონ შესაბამისი დადასტურების გარეშე შპს „ბათუმის წყლის“ მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებისთვის გაწეული ხარჯის, შპს „სარაგბო კლუბ ბათუმში“ კვალიფიკაციის დამადასტურებელი მტკიცებულების გარეშე თანამშრომელთა დასაქმების, შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ და შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დირექტორების მიერ შპს-ის წესდების შეუსაბამოდ გაცემული შრომის ანაზღაურების გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“

რეკომენდაცია N8: შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა, იმსჯელონ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესების დარღვევით შპს-ზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით დაგვიანებით განხორციელებულ რეაგირებაზე და პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატარონ სათანადო ღონისძიებები. ამასთანავე, შეიმუშაონ ისეთი შიდა კონტროლის მექანიზმები, რომლებიც შემდგომში აღმოფხვრის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესების დარღვევის და შპს-ზე ზიანის მიყენების ფაქტებს და უზრუნველყოფს მგზავრთა და ქვეითთა უსაფრთხოებას.

შპს „სანდასუფთავებას“

რეკომენდაცია N9: ხელმძღვანელობამ, პარტნიორთან შეთანხმებით, გონივრულ ვადაში განიხილოს უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით მიღებული ავტომანქანების სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების და საწვავის ხარჯვის მიზანშეწონილობის მდგომარეობა. ამასთანავე, შპს „სანდასუფთავების“ და შპს „დინამო ბათუმის“ ხელმძღვანელობამ შეისწავლოს ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებზე გავლილი მანძილის და დადგენილი ნორმის შეუსაბამოდ საწვავის ჩამოწერის გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

შპს „ბათუმის წყალს“: შპს „სარაგბო კლუბ ბათუმს“

რეკომენდაცია N10: ხელმძღვანელებმა, პარტნიორთან შეთანხმებით, ზედმეტად ანაზღაურებულ თანხებზე განსაზღვრონ პასუხისმგებელი პირები, არაობიექტური მიზეზების არსებობის პირობებში, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატარონ ქმედითი ღონისძიებები და უზრუნველყონ გამოუყენებელი თანხის დაბრუნება. ამასთანავე, დანერგონ ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ფულადი სახსრების შპს-ის ინტერესების გათვალისწინებით ხარჯვას.

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს: აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

რეკომენდაცია N11: სამინისტრომ, როგორც მმართველმა, შპს „სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის ცენტრის“ და შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ხელმძღვანელებთან ერთად, შესაბამისი პასუხიმგებელი პირების მიმართ გაატარონ ღონისძიებები საზოგადოებაზე მიყენებულ ფინანსურ ზარალთან დაკავშირებით. ამასთანავე, შეიმუშაოს კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს შპს-ის ფინანსური შედეგების გაუმჯობესებას.

შპს „სარაგბო კლუბ ბათუმს“

რეკომენდაცია N12: კლუბის ხელმძღვანელობამ განიხილოს მიმწოდებლის მიერ მომსახურების განუხორციელებლობის პირობებში თანხის გადახდის გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, ასევე უზრუნველყოს გამოუყენებელი თანხის დაბრუნება.

შპს „ბათუმის წყალს“

რეკომენდაცია N13: შპს „ბათუმის წყალმა,“ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საკუთარი სახსრების ეკონომიურად ხარჯვის მიზნით, შესყიდვის დაგეგმვის და განხორციელების ეტაპზე, დანერგოს ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ფულადი სახსრების რაციონალურად ხარჯვას. ამასთანავე, შეისწავლოს ელექტრონული ტენდერის გარეშე, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალისთვის ხარჯების გაწევის მიზანშეწონილობა და არაობიექტური პირობების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს სათანადო ღონისძიებები.

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს

რეკომენდაცია N14: სამინისტრომ, როგორც პარტნიორმა, განიხილოს შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ და შპს „სავაჭრო ცენტრ 2009“-ის მიერ, ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, მიმწოდებელზე ჯამში 83,453 ლარის გადახდის გამომწვევი მიზეზები, მიმწოდებლებისაგან მოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებები და დაადგინოს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობა, შეუსაბამობის არსებობის პირობებში, უზრუნველყოს ზედმეტად გადახდილი თანხების შპს-ის ანგარიშზე დაბრუნება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

შპს „სარაგბო კლუბ ბათუმს“

რეკომენდაცია N15: შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ ხელმძღვანელობამ, პარტნიორთან შეთანხმებით, განიხილოს საცხოვრებელი ბინების დაქირავებისათვის გაწეული ხარჯების მიზანშეწონილობა; არაობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, განსაზღვროს ბინების დაქირავებაზე პასუხისმგებელი პირები და გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. ამასთანავე, შეიმუშაოს ისეთი კრიტერიუმები და ინდიკატორები, რაც უზრუნველყოფს სპორტსმენებისათვის საცხოვრებელი ფართის დაქირავების საჭიროებებისა და ხარჯების გაწევის მიზანშეწონილობის დადგენას.

ბათუმის მერიას

რეკომენდაცია N16: მერიამ, შპს „ბათუმის სარაგბო კლუბის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, გამოიკვლიოს მიმწოდებლის მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის მიზეზები, აღნიშნულ პირობებში მიმწოდებელზე თანხის გადახდის მოტივი და საფუძველი. ამასთანავე, არაობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს ქმედითი ღონისძიებები და უზრუნველყოს კლუბის ინტერესებისათვის გამოუყენებელი თანხის დაბრუნება.

რეკომენდაცია N17: მერიის ხელმძღვანელობამ შეისწავლოს ანგისის დასახლებაში არსებული სპორტული ბაზის შენობის დაზიანების და არსებული ხარვეზების გამოუსწორებლობის გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს სათანადო სამართლებლივი ღონისძიებები. ამასთანავე, მერიამ გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა დროულად გამოსწორდეს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ არსებული დაზიანებები.

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს

რეკომენდაცია N18: სამინისტრომ, შპს „სტადიონის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, განიხილოს ქალაქ ბათუმში 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს შენობის სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შეუსრულებლობის და პირგასამტეხლოს დაუკისრებლობის გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.