სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ დანართებს მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის.
ჩვენი დასკვნის − „პირობითი მოსაზრების საფუძველი“ − აბზაცში აღწერილი საკითხ(ებ)ის გავლენით განპირობებული შედეგების გარდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებულია ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.