სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ბიუჯეტის შესრულებისა და ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2018-2019 წლებში, შესაბამისად, 29% და 14% დააკლდა.
მუნიციპალიტეტის განაშენიანება
მუნიციპალიტეტის განაშენიანების მართვა - მუნიციპალიტეტში სათანადოდ არ ფუნქციონირებს უკანონო მშენებლობების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების კონტროლის სისტემა. შედეგად, დაბა ბაკურიანში კერძო პირების მიერ მშენებლობების უკანონოდ წარმოება სისტემურ ხასიათს ატარებს. თავის მხრივ, მერია მშენებლების მიმართ არ ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო ღონისძიებებს.
შესყიდვების მართვა
სამგზავრო ავტობუსებისა და სპეცტექნიკის შესყიდვის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტმა მგზავრთა შიდა საქალაქო გადაყვანის სატრანსპორტო საშუალებების და ნაგავმზიდების შესყიდვის პროცესში სათანადოდ არ ჩაატარა ბაზრის კვლევა. ამასთანავე, შესასყიდი საქონლის ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრა ისე, რომ ერთი მიმწოდებელი აღმოჩენილიყო უპირატეს მდგომარეობაში. შესყიდვის პროცესში არსებული ნაკლოვანებების შედეგად, მუნიციპალიტეტს არ მიეცა საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად ხარჯვის შესაძლებლობა. განხორციელებული შესყიდვების ფარგლებში მიმწოდებელმა მერიას სამგზავრო ავტობუსები 410.8 ათასლარიანი (31%) ფასნამატით მიაწოდა.
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია. მიუხედავად იმისა, რომ მერიამ წყალმომარაგების სისტემაზე 2018-2019 წლებში 935.8 ათასი ლარი დახარჯა, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მიეწოდება ისეთი წყალი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს.
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები - სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, მუნიციპალიტეტში აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2018-2019 წლებში 413.4 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო შესრულებულია უხარისხოდ და დაზიანებულია.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაკლოვანებები - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მერიამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ნაცვლად, დააფინანსა ისეთი ბინების რეაბილიტაცია, რომლებსაც მფლობელები ძირითადად გასაქირავებლად იყენებენ.
ა(ა)იპ – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ინფრასტრუქტურის მართვა
ა(ა)იპ – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ინფრასტრუქტურის მართვის ნაკლოვანებები - ა(ა)იპ – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ადმინისტრაციამ დაუსაბუთებლად მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა ცენტრალურ პარკში არსებული საცურაო აუზის ფუნქციონირება. შენობის ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ უფუნქციოდ დარჩენილ აუზს სათანადოდ აღარავინ უვლიდა, რის შედეგად შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია.
ა(ა)იპ – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ადმინისტრაცია სათანადოდ არ იყენებს შემოსავლების აღრიცხვის სისტემას. ა(ა)იპ-ს არ აქვს დანერგილი სათანადო კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შემოსავლების სრულად და სამართლიანად ასახვას ბიუჯეტში.
ქონების მართვა და განკარგვა
მუნიციპალური ქონების მართვა - აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მერიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ავტოსადგომებზე არაუფლებამოსილი პირები ახორციელებდნენ პარკირების საფასურის აკრებას, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ავტოსადგომით სარგებლობა ბორჯომის ტერიტორიაზე არის უფასო.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდული პირები
ა(ა)იპ-ების საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში არ არის შემუშავებული სათანადო საკადრო პოლიტიკა. თანამშრომელთა ნაწილი ფუნქციურად დაუტვირთავია და ზოგიერთი შტატის არსებობა არ არის ობიექტური საჭიროებებით განპირობებული. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება თანხების არაეკონომიური განკარგვა.
ინვენტარიზაცია
მუნიციპალური ქონების ინვენტარიზაციის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
შიდა აუდიტი
შიდა აუდიტის საქმიანობის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახური ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა არასათანადოდ და ვერ უზრუნველყოფდა მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული რისკების მართვას და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას.