სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 16 თებერვალი, 2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფინანსური და წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაციის პროგრამების შესაბამისობის აუდიტი
პერიოდი: 2016, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“, „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის“ და „კულტურის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები: 

  • მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის რეკომენდაცია და არ მიიღო პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი. გაცემული პრემიების რაოდენობა და ჯერადობა აღემატება რეკომენდებულ ზღვრულ ნორმას.  მუნიციპალიტეტის მიერ არ არის დაცული საბიუჯეტო თანხების რაციონალური და ეკონომიური ხარჯვის ვალდებულება 
  • მუნიციპალიტეტში ყოველთვიური დანამატი დაწესებული იყო წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში. აუდიტის ობიექტს არ შეეძლო წინასწარ განესაზღვრა, რომელი საჯარო მოხელე იმუშავებდა ზეგანაკვეთურად და ექნებოდა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა.  აქედან გამომდინარე,  არ არის დასაბუთებული დანამატის გაცემის ობიექტური საჭიროება და მიზანშეწონილობა
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე ანაზღაურებულია  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საკრებულოს მხოლოდ არათანამდებობის პირებზე. შედეგად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებზე ხარჯების ანაზღაურება ეწინააღმდეგება ორგანული კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე
  • ზოგიერთ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები იმისა, თუ  რა  მუნიციპალური საჭიროებიდან იყო გამოწვეული მოსამსახურეთა მივლინება. შედეგად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებული პირების ვიზიტი რამდენიმე შემთხვევაში არ შეესაბამება მუნიციპალიტეტის მიერ დასახულ მიზნებს და მასზე გაწეული ხარჯი არ არის მიზნობრივი
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია, საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. ამდენად, გამგეობის მიერ საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეულია არაგონივრული ხარჯი
  • ინფრასტრუქტურული პროექტის დაგეგმვასა და კონტროლში არსებულმა მართვის სისუსტეებმა ერთ შემთხვევაში გამოიწვია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარება. შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტი მოსახლეობას მიეწოდება ხარვეზებით
  • დაგეგმვაში არსებულმა სისუსტეებმა ერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყო გონივრულ ვადაში ინფრასტრუქტურული პროექტით განსაზღვრული მიზნების მიღწევა, ხოლო გრძელვადიან პერიოდში მიზნის მიღწევის შესაძლებლობა რისკის მატარებელია. შედეგად, პროექტის მოწყობაზე გაწეული ხარჯი  არ იყო ეფექტიანი
  • მუნიციპალიტეტმა რამდენიმე შემთხვევაში არ შეისწავლა  შესრულებულ სამუშაოზე არსებული ხარვეზების გამომწვევი რეალური მიზეზები: სამუშაოების არასათანადო დაგეგმვა, უხარისხოდ შესრულება ან/და არასწორი მოვლა-პატრონობა. შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტის ხარვეზზე არასათანადო რეაგირების გამო, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დასახული მიზნების მიღწევა. მოსახლეობამ ვერ მიიღო პროექტით გათვალისწინებული შედეგი
  • ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას, რამდენიმე შემთხვევაში,  მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ობიექტის დასრულება და ფუნქციონირება, რადგან არ გაითვალისწინა საჭირო ფინანსური რესურსი. შედეგად მოსახლეობა შექმნილი მატერიალური სიკეთით ვერ სარგებლობს და პროექტებზე გაწეული ხარჯი არ არის ეფექტიანი
  • მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი ფინანსური ანგარიშგების შესწავლისას გამოვლინდა ხარვეზები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ანგარიშგებაში წარმოდგენილი მონაცემების სისწორეზე.

 აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.