სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 05 თებერვალი, 2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები:

ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის პრობლემები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 54.2% და 18.1% დააკლდა.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები - ინფრასტრუქტურული პროექტების კონტროლის სისუსტის შედეგად, მუნიციპალიტეტში, ზოგ შემთხვევაში, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია. ერთ შემთხვევაში, 8 მლნ ლარის ღირებულების პროექტის დასრულების ვადა გახანგრძლივდა და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება გადაიდო გრძელვადიან პერიოდში. მუნიციპალიტეტს არ შეუსწავლია პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები ზიანის ასანაზღაურებლად.

სახელმწიფო შესყიდვების მართვა

სატენდერო ხარვეზები - სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, კონტროლის სისუსტის გამო, მუნიციპალიტეტმა პრეტენდენტების მიმართ დაადგინა ისეთი მოთხოვნა, რომლის დაწესება არ გამომდინარეობდა მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან და მისი დაცვა არ აუმჯობესებდა შემსყიდველის მდგომარეობას. გარდა ამისა, კომისიას მიმწოდებლების შერჩევა-შეფასების ეტაპზე, პრეტენდენტების მიმართ გააჩნდა არაერთგვაროვანი მიდგომა. აღნიშნულის გამო, რამდენიმე შემთხვევაში დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტებს მისცეს დისკვალიფიკაცია. შედეგად, შესყიდვის ღირებულება 117.3 ათასი ლარით გაიზარდა, რაც არაეკონომიურად განკარგულ საბიუჯეტო რესურსს წარმოადგენს;

გამარტივებულ შესყიდვებში არსებული შეუსაბამობები - გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, 7,932.6 ათასი ლარის ღირებულების ობიექტები ჩაბარებულია და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და იწვევს თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკს.

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობაში არსებული ხარვეზები - დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ თანამშრომელთა საშტატო რიცხოვნობა საჭიროებებთან შედარებით, მაღალია. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა აღემატება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილ ზღვრულ ნორმას.

ქონების მართვა და განკარგვა

ინვენტარიზაციის ხარვეზები და მიუღებელი საიჯარო ქირა - მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ინფორმაცია რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ. გარდა ამისა, ქონების განკარგვის პროცესში არსებული სისუსტეების გამო, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად ადმინისტრირება. შედეგად, მუნიციპალიტეტი კარგავს ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

სატრანსპორტო საშუალებების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 84 ერთეულით აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს საბიუჯეტო ასიგნებების არაეკონომიურ და არარაციონალურ ხარჯვას;

საკონსულტაციო მომსახურების შეუსაბამობა - მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საკონსულტაციო მომსახურებისთვის ხარჯის გაღება, ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. ამდენად, მერიის მიერ საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეულია არარაციონალური ხარჯი.

საბიუჯეტო პროცესი

საბიუჯეტო ხარვეზები - საბიუჯეტო პროცესის წარმართვაში არსებულმა მართვის სისუსტეებმა,წარმოშვა სხვადასხვა ხასიათის ხარვეზი ბიუჯეტის დაგეგმვაში, დამტკიცებასა და შესრულებაში. შესაბამისად, დარღვეულია საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნები.

შიდა აუდიტი

შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტში კონტროლის გარემო სუსტია, რაც დასტურდება შიდა აუდიტის ფუნქციის არაეფექტიანობით და წინა აუდიტისას გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტს

რეკომენდაცია №1:

ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად; ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მაქსიმალურად მიმართოს მუნიციპალიტეტის პრობლემების მოსაგვარებლად.

რეკომენდაცია №2:

მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს დამატებითი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას ხარისხიანი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით; გარდა ამისა, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადების ცვლილება განახორციელოს მხოლოდ ობიექტური და ფორსმაჟორული საფუძვლების არსებობისას. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს მიმწოდებელზე საჯარიმო სანქციის დაურიცხაობის ფაქტი, გამოავლინოს გამომწვევი მიზეზები, პასუხისმგებელი პირები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, დაგეგმოს და განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას. ასევე განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, რათა წყლის სისტემების ექსპლოატაცია და მოვლა-შენახვა უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით დარეგისტრირებულმა ლიცენზირებულმა კომპანიამ.

რეკომენდაცია №3:

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი მოცულობები, პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გაატაროს ღონისძიებები შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისა და საექსპერტო დაწესებულებების მიმართ და უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა.

რეკომენდაცია №4:

მერიამ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში დააწესოს ისეთი სატენდერო მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან და საჭიროებიდან. გარდა ამისა, შესყიდვების პროცესი წარმართოს იმგვარად, რომ უზრუნველყოს პრეტენდენტების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №5:

საკრებულომ მიზანშეწონილია შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და წესი, სამშენებლო სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური ხარჯვის მიზნით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №6:

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა და არსებული საკადრო პოლიტიკა; განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია გაანალიზდეს ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობები და მათზე დახარჯული სახსრები. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვა ან საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. აგრეთვე, მერიამ უზრუნველყოს შპს-ზე გადარიცხული თანხის მიზნობრიობის დადგენა და ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები თანხის უკან დასაბრუნებლად.

რეკომენდაცია №7:

მერიამ განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას და მათ შედარებას სააღრიცხვო მონაცემებთან. ამასთანავე, მერიამ დაადგინოს სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების მიზეზები, მოძებნოს დანაკლისი ავტომანქანები და გაატაროს ღონისძიებები შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, მათ შორის, მათ მიმართ, რომელთაც ევალებოდათ წინა აუდიტის დროს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და გაცემული რეკომენდაციის შესრულება.

რეკომენდაცია №8:

მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დროებით სარგებლობაში გაცემული ქონებიდან მისაღები საიჯარო თანხის სრულად და დროულად ამოღებას. მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა შეისწავლონ მოიჯარეების დავალიანებები და მათ მისაღებად გაატარონ სათანადო ღონისძიებები.

რეკომენდაცია №9:

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა და განისაზღვრება საწვავის ხარჯვის კონტროლის მექანიზმები. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციას, საწვავის და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. მიზანშეწონილია შემუშავებული წესი თავსებადი იყოს საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებასთან. მუნიციპალიტეტმა გამოავლინოს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმის ფაქტები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს სათანადო ღონისძიებები.

რეკომენდაცია №10:

მერიამ, შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის, არ გადაიხადოს დამატებითი სახსრები. მიზანშეწონილია მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს წესი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირების დასაქმებას. ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს შეუძლია შრომის ანაზღაურების, არანაკლებ, ერთი პროცენტი მიმართოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. აღნიშნული უზრუნველყოფს საბიუჯეტო თანხების დაზოგვას და რაციონალურად ხარჯვას.

რეკომენდაცია №11:

მერიამ უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის იმგვარად წარმართვა, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემების შესწავლასა და შეფასებას, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.