სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“, „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:
- მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის რეკომენდაცია და არ მიიღო პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი გამგეობის საჯარო მოსამსახურეებზე. გაცემული პრემიების ჯერადობა აღემატება რეკომენდებულ ზღვრულ ნორმას
- მუნიციპალიტეტმა შტატით გათვალისწინებულ საჯარო მოხელეებზე დანამატები გასცა სათანადო დასაბუთების გარეშე
- მუნიციპალიტეტმა შტატგარეშე მოსამსახურეები დაიქირავა მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, რაც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ასევე, დაქირავებულების რაოდენობა აღემატება თვითმმართველობის კოდექსით დადგენილ ზღვრულ ნორმას
- მუნიციპალიტეტმა შტატგარეშე მოსამსახურეებზე საპრემიო თანხები გასცა სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით და შესაბამისი დასაბუთების გარეშე
- მუნიციპალიტეტმა შტატგარე მოსამსახურეებზე დანამატები გასცა კანონშეუსაბამოდ, რადგან მოქმედი კანონმდებლობა დანამატის გაცემას ითვალისწინებს მხოლოდ საჯარო მოხელეებზე
- გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯის გაწევისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები. აგრეთვე, ავტომანქანების ნაწილი არ იძებნება ან დაზიანებულია ავტო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად
- მუნიციპალიტეტმა, ზოგიერთ შემთხვევაში, არასწორად გამოიყენა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივი და ტენდერის გარეშე შეისყიდა სამუშაოები და მომსახურება, რომელთა წინასწარი დაგეგმვა შეიძლებოდა
- მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, რიგ შემთხვევებში პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია არასწორად მისცა
- დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან. მუნიციპალიტეტმა რიგ შემთხვევებში მომსახურება შეისყიდა ამ გადასახადის დარიცხვით და გასწია ზედმეტი საბიუჯეტო ხარჯი
- ცალკეული ხელშეკრულების შესრულებისას, მუნიციპალიტეტმა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები გაზარდა არაობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით და/ან არ გამოიყენა საჯარიმო სანქციები
- მუნიციპალიტეტმა რიგი სამშენებლო სამუშაოები შეისყიდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ობიექტები ჩაბარებულია და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებული პრაქტიკით იწვევს საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურებას
- მუნიციპალიტეტი სრულად არ აღრიცხავდა საიჯარო ხელშეკრულებებს და არ ჰქონდა დაწესებული კონტროლი კუთვნილი თანხების მიღებაზე. ამასთანავე, მუნიციპალიტეტი არ ფლობდა ინფორმაციას სხვა სუბიექტის მიერ მისი ქონებით სარგებლობის შესახებ.
აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.