სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის ნაკლოვანებები:
- მუნიციპალიტეტს ნაშთის სახით საკუთარ ანგარიშზე გააჩნდა მნიშვნელოვანი თანხები. თუმცა ვერ უზრუნველყო თანხების გამოყენება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწყობად, ასევე დაუსრულებელი და დაზიანებული ობიექტების აღდგენისა და დასრულებისათვის. შედეგად არსებული ფულადი სახსრები გამოიყენება არაეფექტიანად.
- ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, ორ შემთხვევაში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები უხარისხო და დაუსრულებელია. მუნიციპალიტეტმა არ შეისწავლა პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები ზარალის ასანაზღაურებლად.
- მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების შესყიდვებზე, სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა სხვადასხვა სახის შემზღუდავ მოთხოვნებს. აღნიშნული შეზღუდვების გამო, ხშირ შემთხვევაში ტენდერები ტარდებოდა უკონკურენტო გარემოში, ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით ან ხდებოდა დაბალფასიანი სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია. შედეგად, გაიზარდა შესყიდვის ღირებულება, რაც არაეკონომიურად განკარგულ საბიუჯეტო რესურსს წარმოადგენს.
- სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვისას, მუნიციპალიტეტის მიერ არ არის დაცული კანონმდებლობის მოთხოვნა, ფაქტობრივი დანახარჯებით ანაზღაურების შესახებ. გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ზედმეტად არის ანაზღაურებული დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები.
- ქონების განკარგვის პროცესში არსებული სისუსტეების გამო, მუნიციპალიტეტს იჯარის ფორმით გაცემული აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომლის ღირებულება არაგონივრულად დაბალია საბაზრო ფასთან შედარებით. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვა ხორციელდება არაპროდუქტიულად.
- მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საკონსულტაციო მომსახურებისთვის ხარჯის გაღება, ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. ამდენად, მერიის მიერ საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეულია არარაციონალური ხარჯი.
- ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებულ არც ერთ თანამშრომელს არ აქვს წარმოდგენილი ანგარიში იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული შედეგები მიიღო მერიამ და როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტმა გამოიყენოს მივლინების შედეგად მიღებული ცოდნა სამუშაო პროცესში. შედეგად, მერიაში არსებული სამივლინებო პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის ინსტიტუციონალურ განვითარებას, მუნიციპალიტეტში დაგროვილი ცოდნის დოკუმენტირებას და მოსამსახურეთა შორის გაზიარებას.
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.
- სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. შედეგად, მერიამ ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯის გაწევისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები.
- დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულად გაზრდილია. კერძოდ: ზოგიერთი მოსამსახურის მოვალეობები დუბლირებულია, ან საერთოდ არ არის განსაზღვრული, ხოლო ზოგიერთი მოსამსახურე პრაქტიკულად არ არის ფუნქციურად დატვირთული. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა ობიექტური საჭიროებით იყო განპირობებული ა(ა)იპ-ებში ზოგიერთი შტატიანი და შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებული მოსამსახურის არსებობა.
- მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი ატენის წყლის სისტემა არ ფუნქციონირებს. პროექტის წარმატებული ფუნქციონირებისათვის, მერიამ ვერ უზრუნველყო სათანადო ღონისძიებების გატარება, რათა აეცილებინა წყალსადენის დაზიანების საფრთხე. შედეგად, მოწყობილი წყლის სისტემიდან მოსახლეობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში წყალი არ მიეწოდება.
- მერიის მიერ დანერგილმა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო მექანიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანებული ობიექტების დროული აღდგენა. შესაბამისად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაზიანებული იყო შადრევანი, ტროტუარი, სკვერები და მინისტადიონები. მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არ იყო გატარებული შესაბამისი ღონისძიებები პრობლემის მოსაგვარებლად.
- მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული არაეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილებებისა და პროექტის განხორციელების პროცესში დაშვებული ხარვეზების შედეგად, ვერ იქნა უზრუნველყოფილი საგრანტო დაფინანსების ათვისება. შედეგად, ნაცვლად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტსა და ადგილობრივ მოსახლეობას მიეღო მნიშვნელოვანი სარგებელი, პროექტი არ განხორციელდა და დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული. გარდა ამისა, აღნიშნული ხარვეზების გამო, საჭირო გახდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყენება, რაც წარმოადგენს არაეფექტიან ხარჯს.
- მუნიციპალიტეტში ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვაში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
- შიდა აუდიტის სამსახურს არ შეუფასებია, შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, დანერგილია თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვ. სამსახურის საქმიანობა ვერ უზრუნველყოფდა მერიის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას.