სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 26 თებერვალი, 2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ინფრასტრუქტურული პროექტები

ხარვეზებით მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები - ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო პროექტების განხორციელება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ცხრა ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ 527.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღენიშნება სხვადასხვა ხარვეზი და პროექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

შესყიდვების პროცესის მართვა

შესყიდვების პროცესში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერებით შესყიდვის განხორციელებისას, დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია მიანიჭა დაუსაბუთებლად და ხელშეკრულება გააფორმა მაღალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებთან, რითაც დაკარგა 47.5 ათასი ლარის სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

მოსახლეობის წყალმომარაგება

მოსახლეობის წყალმომარაგებაში არსებული ხარვეზები - მოსახლეობის წყალმომარაგება ძირითადად ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო წყლით. მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25,087 ოჯახიდან 21,444 ოჯახს წყალი მიეწოდება გრაფიკით. პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

ავტოპარკის მართვაში გამოვლენილი ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. მუნიციპალიტეტი შვიდი სამორიგეო ავტომანქანის ნაცვლად, 2018 წელს სარგებლობდა 11, ხოლო 2019 წელს − 18 მუნიციპალური ან თანამშრომლების საკუთრებაში არსებული ავტომანქანით. მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც იწვევს საბიუჯეტო ასიგნებების არაეკონომიურ ხარჯვას.

ქონების მართვა-განკარგვა

მიუღებელი შემოსავლები - მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული კონტროლის მექანიზმები კუთვნილი შემოსავლების ადმინისტრირების მხრივ სათანადოდ არ ფუნქციონირებს:

- მუნიციპალიტეტმა იჯარით გაცემული ქონებიდან 2019 წლის ბოლოსათვის ვერ მიიღო კუთვნილი შემოსავალი 55 ათასი ლარის ოდენობით;

- ბიუჯეტში მობილიზებულმა დასუფთავების მოსაკრებელმა 22.6 ათასი ლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტით დაგეგმილის მხოლოდ 29%-ია.

ინვენტარიზაციის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის აქტივების დაკარგვის, დაზიანებისა და არამართლზომიერი გამოყენების რისკებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას

რეკომენდაცია N1:

  • დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი რწმუნების მიღებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები სრულდება ხარისხიანად და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
  • რეგულარულად აწარმოოს შესყიდული ობიექტების მონიტორინგი, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში აამოქმედოს გარანტიის მექანიზმი, საექსპერტო ორგანიზაციების მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ობიექტის მექანიკური დაზიანების შემთხვევაში მიმართოს შესაბამის ორგანოებს.

აღნიშნული ხელს შეუწყობს ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას და ინფრასტრუქტურული პროექტებით სარგებლობის შესაძლებლობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

რეკომენდაცია N2:

  • საკრებულოსთან შეთანხმებით დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას;
  • დაუყოვნებლივ მოაწესრიგოს წყლის არსებული სისტემები;
  • განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, რათა წყლის სისტემების ექსპლოატაცია და მოვლა-შენახვა სრულად უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით დარეგისტრირებულმა ლიცენზირებულმა კომპანიამ. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის გამართულ წყალმომარაგებას სასმელად ვარგისი წყლით.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს

რეკომენდაცია N3:

  • შეიმუშაონ წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა და განისაზღვრება საწვავის ხარჯვის კონტროლის მექანიზმები. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება მიღებულ პრაქტიკაზე, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციას, საწვავის და ავტომანქანების მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. ამასთანავე, მიზანშეწონილია შემუშავებული წესი თავსებადი იყოს მთავრობის შესაბამის დადგენილებასთან;
  • მერიამ გამოავლინოს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმის ფაქტები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს სათანადო ღონისძიებები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას

რეკომენდაცია N4:

შეიმუშაოს და დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს დროებით სარგებლობაში გაცემული ქონებიდან მისაღები საიჯარო თანხის სრულად და დროულად ამოღებას.

მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა შეისწავლონ მოიჯარეების დავალიანებები და მათ მისაღებად გაატარონ სათანადო ღონისძიებები.

რეკომენდაცია N5:

უზრუნველყოს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სრულყოფილი ბაზის შექმნა და დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რითაც შესაძლებელი იქნება დადგენილი ტარიფების შესაბამისი მოსაკრებლის ბიუჯეტში მობილიზება.

რეკომენდაცია N6:

  • დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • განსაზღვროს ინვენტარიზაციის განმახორციელებელი პასუხისმგებელი პირები.

აღნიშნული ხელს შეუწყობს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას, აქტივების შენახვის, დაცვისა და ექსპლოატაციის წესების შესრულებას, ასევე ვალდებულებებისა და აქტივების აღრიცხვის გაუმჯობესებას.