სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 10 ნოემბერი, 2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2022, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2021-2022 წლებში, შესაბამისად, 15% და 17% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, 1,203.4 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე არ არის მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

გამოუყენებელი პროექტები - მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც უფუნქციოა და არ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 57.4 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი და დასახული მიზანი არ არის მიღწეული.

შესყიდვების მართვა 

ხელშეკრულების ცვლილებით გამოწვეული არაეკონომიური ხარჯი - საგზაო სამუშაოების მოწყობის მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებაში მერიამ შესაბამისი დასაბუთების გარეშე შეცვალა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სახეობა და გაზარდა ერთეულის ღირებულებები, რამაც სამუშაოების მოცულობის შემცირება გამოიწვია. შედეგად, ხელშეკრულების პირობები გაუარესდა და მუნიციპალიტეტმა მიიღო დაგეგმილზე ნაკლები პროდუქტი.

წინასწარი ანგარიშსწორების ხარვეზი - მერიამ არ დაიცვა ხელშეკრულებით მის მიერვე დადგენილი მოთხოვნები და არ გააკონტროლა შემსრულებლის მიერ ავანსის გამოყენების პროცესი. კერძოდ, დროულად არ მოსთხოვა სადაზღვევო კომპანიას ავანსის თანხა და დაკარგა გარანტირებული 21.3 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა.

დარიცხული და ამოუღებელი საჯარიმო თანხები - მუნიციპალიტეტში არსებობს საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების სისტემური ხარვეზი. ჯარიმების დარიცხვისა და ამოღების პროცესი წარიმართა ხარვეზებით და ადგილობრივმა ბიუჯეტმა ვერ მიიღო 782.2 ათასი ლარის შემოსავალი.

მუნიციპალური სერვისების მიწოდება

მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემები - მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები არასაკმარისია. მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება; გარდა ამისა, სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი, რომელიც წყლის გადასახადის ადმინისტრირებას კანონმდებლობის შეუსაბამოდ ახორციელებს.

ტრანსპორტის შენახვა და ექსპლოატაცია

ავტოპარკის მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიდგომა სატრანსპორტო ხარჯების მხრივ არარაციონალურია. ამასთანავე, საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებას.

ქონების მართვა და განკარგვა ქონების მართვის ხარვეზები - ქონებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, რეაგირების გარეშეა დარჩენილი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის შემთხვევები; ასევე საიჯარო ქირის განსაზღვრისა და ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში არსებული ხარვეზების შედეგად ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ იღებს დამატებით შემოსავლებს.

იურიდიული პირების მართვა და დაფინანსება

იურიდიული პირების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა ხორციელდებოდა ხარვეზებით. კერძოდ, არ არის დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება: სათანადოდ არ არის დასაბუთებული მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები იურიდიული პირების შექმნისა და საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით; რიგ შემთხვევაში თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებს არ შეესაბამება.

მოსახლეობის სოციალური დახმარება

სარეზერვო ფონდიდან გაცემული დახმარებები - მუნიციპალიტეტი სოციალური დახმარებების დასაფინანსებლად შეუსაბამოდ იყენებდა სარეზერვო ფონდს. დახმარებები გაცემულია დახმარების პროგრამებისათვის დადგენილი კრიტერიუმების გარეშე, რაც შეიცავს თანხების არასამართლიანი და არაეფექტიანი განაწილების რისკებს.

ორგანიზაციული და პერსონალის მართვა

დელეგირებული უფლებამოსილების დაფინანსება საკუთარი შემოსავლებიდან - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა მისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში, რამაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები გამოიწვია.

დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები - მერიამ ვერ უზრუნველყო საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული დასუფთავების მოსაკრებლის სათანადო ადმინისტრირება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ მიიღო მოსაკრებელი, რაც უარყოფითად აისახა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე.

ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია - მუნიციპალიტეტში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას:

რეკომენდაცია №1: 

მერიამ შეიმუშაოს ფინანსური რესურსების მართვის პოლიტიკა, რომლის საფუძველზეც განხორციელდება შემოსულობების სათანადო პროგნოზირება და ბიუჯეტში მყისიერი ასახვა. ამასთანავე, ბიუჯეტის გაწერისას გამოიყენოს კონტროლის დამატებითი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი ნაშთის დაგროვების პრევენციას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური რესურსების ეფექტიან გამოყენებას. 

რეკომენდაცია №2: 

მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მერიამ შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა.

რეკომენდაცია №3: 

მერიამ შეიმუშაოს წესი, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების შესახებ. დოკუმენტით დეტალურად უნდა განისაზღვროს ჯარიმების გაანგარიშების, დარიცხვისა და ბიუჯეტში მობილიზების თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები, შემსრულებლები და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები; ამასთანავე, არ დაუშვას არაკეთილსინდისიერ მიმწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმება და საბოლოო ანგარიშსწორება განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულების შემთხვევაში. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ხელშეკრულების პირობების დარღვევის პრევენციას, მიმწოდებლების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებას და გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს.

რეკომენდაცია №4: 

მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმავს და განახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს გონივრულ ვადაში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგია ასევე უნდა ითვალისწინებდეს პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, მათ შორის, წყალმომარაგების უზრუნველყოფას შესაბამისი ლიცენზიანტი სუბიექტის მეშვეობით და როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

რეკომენდაცია №5: 

საკრებულომ მერიასთან შეთანხმებით განსაზღვროს კონტროლის მექანიზმები და შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა. მერიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით; ასევე მიზანშეწონილია შეიმუშაოს სათანადო პროცედურები, მათ შორის, ალტერნატიულ პროცედურად შესაძლოა განხილულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციისას უფლებამოსილი პირების მიერ დამონტაჟებული საწვავის ჩიპების მთლიანობის შემოწმება; სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა.

რეკომენდაცია №6: 

მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს ქონების მართვის სტრატეგია და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქონების მონიტორინგისა და განკარგვის გაუმჯობესებას, ქონების თვითნებურად დაკავების თავიდან აცილებას ან/და დროულად გამოვლენას. ამასთანავე, მერიამ განახორციელოს შესაბამისი რეაგირება მუნიციპალური ქონების არაუფლებამოსილი პირების მიერ გამოყენების შემთხვევებთან დაკავშირებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალური ქონების მართვის პროცესის გაუმჯობესებას და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას.

რეკომენდაცია №7: 

მერიამ საკრებულოსთან ერთად შეიმუშაოს დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება საბიუჯეტო რესურსების ეფექტიანი და ეკონომიური განკარგვის პრინციპებს. სტრატეგიის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში, მერიამ შეაფასოს სუბიექტების საქმიანობის მიმართულებები და სარგებლიანობა; ასევე შეისწავლოს ორგანიზაციებში არსებული საკადრო პოლიტიკა, დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრისა და რეალური საჭიროების მხრივ. აღნიშნული ხელს შეუწყობს იურიდიული პირების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდასა და საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას.

რეკომენდაცია №8: 

მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსაკრებლის სახით მისაღები შემოსავლების ბიუჯეტში მობილიზებას, მათ შორის, შესაბამისი უწყებების ჩართულობით მიზანშეწონილია დაიწყოს მუშაობა მოსაკრებლის გადახდის ალტერნატიული და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე. აღნიშნული შეამცირებს მოსაკრებლის ადმინისტრირებისათვის დახარჯულ რესურსს და ამასთანავე, გაზრდის მოსაკრებლის ამოღების მაჩვენებელს.

რეკომენდაცია №9: 

მერიამ განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას, მათ შედარებას ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან, ინვენტარიზაციის შედეგების დადგენას და შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირების გამოვლენას. აღნიშნული გაზრდის მუნიციპალური აქტივების დაცულობის ხარისხს.