სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 26 თებერვალი, 2021
დმანისის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა დმანისის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2018 წელს დააკლდა 76%, ხოლო 2019 წელს − 37%.

ინფრასტრუქტურული პროექტები

ხარვეზებით მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები - ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვის პროცესში არსებული კონტროლის სისუსტეების შედეგად, სამი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ 890.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე აღინიშნება ხარვეზები და მათი მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

ქონების მართვა და განკარგვა

მიუღებელი საიჯარო ქირა - ქონების განკარგვის პროცესში არსებული ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო საიჯარო შემოსავალი და საურავი 195.5 ათასი ლარის ოდენობით.

ინვენტარიზაციის ხარვეზები - 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის აქტივებისა და სხვა რესურსების დაკარგვის, დაზიანებისა და არამართლზომიერი გამოყენების რისკებს.

მოსახლეობის წყალმომარაგება

მოსახლეობის წყალმომარაგებაში არსებული ხარვეზები - მოსახლეობის წყალმომარაგება ზოგ შემთხვევაში ხორციელდება შეფერხებით, სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება. მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად და არ შეუმუშავებია სამოქმედო გეგმა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას:

რეკომენდაცია N1:

ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად.

რეკომენდაცია N2:

ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მაქსიმალურად მიმართოს მუნიციპალიტეტის პრობლემების მოსაგვარებლად.

რეკომენდაცია N3:

შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები.

დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები.

აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას.

რეკომენდაცია N4:

შეისწავლოს ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გაატაროს ღონისძიებები შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისა და საექსპერტო დაწესებულებების მიმართ და უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა.

რეკომენდაცია N5:

განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას და მათ შედარებას სააღრიცხვო მონაცემებთან. განსაზღვროს ინვენტარიზაციის განმახორციელებელი პასუხისმგებელი პირები, კონტროლზე აიყვანოს და უზრუნველყოს ინვენტარიზაციის ჩატარება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდულობის შესაბამისად. აღნიშნული გაზრდის მუნიციპალური აქტივების დაცულობის ხარისხს.

რეკომენდაცია N6:

საკრებულოსთან შეთანხმებით, დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას. მერიამ უნდა განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, რათა წყლის სისტემების ექსპლოატაცია და მოვლა-შენახვა სრულად უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით დარეგისტრირებულმა ლიცენზირებულმა კომპანიამ. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის გამართულ წყალმომარაგებას სასმელად ვარგისი წყლით.