სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 12 თებერვალი, 2021
ვანის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ვანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

საბიუჯეტო რესურსების მართვა

რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას შესაბამისად 32% და 11% დააკლდა.

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა

ხელშეკრულების ადმინისტრირების ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ ხელშეკრულებების შესრულების არაეფექტიანი ადმინისტრირებით, დაგვიანდა სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და სხვადასხვა ობიექტის მშენებლობა;

საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვისას მუნიციპალიტეტს არ აქვს დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმები და ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი პროდუქტის შესყიდვას.

მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად გაზარდა სამუშაოების მიწოდების ვადა და მიმწოდებლებზე არ გაავრცელა საჯარიმო სანქციები. ასევე, არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები მიმწოდებლებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ამოსაღებად.

ტრანსპორტის შენახვა და ექსპლოატაცია

ავტოპარკის მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 24 ერთეულით აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდირებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.

რეკომენდაცია N1: ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ

  • ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად. ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიმართოს მუნიციპალიტეტის პრობლემების მოსაგვარებლად;
  • დანერგოს კონტროლის შესაფერისი მექანიზმები შესყიდვის განხორციელებისა და ხელშეკრულების შესრულების ყველა ეტაპზე და დროულად მოახდინოს რეაგირება შესყიდვის პირობების შესაძლო დარღვევის შემთხვევაში. აღნიშნული ხელს შეუწყობს პროექტების დაგეგმილ ვადაში მიღებასა და დასახული მიზნის მიღწევას;
  • ხელშეკრულების პირობები განსაზღვროს იმგვარად, რომ დაცული იყოს მისი, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესი. მათ შორის, გამოიყენოს საჯარიმო სანქციების ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვის ობიექტების მიწოდების დაგვიანების პრევენციას. ამასთანავე, ჩაატაროს დაურიცხავი და გადაუხდელი ჯარიმების ინვენტარიზაცია და გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები კუთვნილი თანხების მისაღებად. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას და მიმწოდებლების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებას.

რეკომენდაცია N2: ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

მერიასთან შეთანხმებით, შეიმუშაოს წესი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის შესახებ, ასევე საწვავის განაწილებისა და ხარჯვის შესახებ, რომელიც მიზანშეწონილია დაფუძნებული იყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ პრინციპებზე. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციას და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას.