სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 14 თებერვალი, 2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების გადასახდელები, ჯამში - 92,672.3 ათასი ლარი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

მუნიციპალიტეტმა უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა წარმართა ხარვეზებით, რითაც სრულად არ არის უზრუნველყოფილი პროგრამის ძირითადი ამოცანები; 

მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულებების პირობებით გამოიყენა საჯარიმო სანქციების დაბალი მოცულობა, რომელიც არ შეესაბამება გავრცელებულ საუკეთესო პრაქტიკას. აღნიშნულმა მიდგომამ ვერ განაპირობა ინტერესების სათანადო დაცვა და მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის პრევენცია; 

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, მუნიციპალიტეტმა მიწოდების ვადები გაზარდა დაუსაბუთებლად – უამინდობის, ხარჯთაღრიცხვაში თავიდანვე ასახული გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულებისა და ორგანიზაციული პრობლემების გამო. 

ხელშეკრულებების შესრულების პროცესში მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო სამუშაოების მიწოდების გეგმა-გრაფიკისა და ვადების დარღვევების სრულად გამოვლენა და მიმწოდებლებზე საჯარიმო სანქციების გავრცელება; 

შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, მუნიციპალიტეტში,ზოგშემთხვევაში,არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია;

მუნიციპალიტეტს არ აქვს დაწესებული სათანადო კონტროლის მექანიზმები, რათა გამოავლინოს და თავიდან აიცილოს ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევები სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას; 

მუნიციპალიტეტმა სამშენებლო სამუშაოები შეისყიდა გამარტივებული ხელშეკრულების ფორმით და ანაზღაურება გასცა შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე. ანგარიშსწორების ასეთი ფორმა, არსებული პრაქტიკით, იწვევს საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურებას; 

ქონების მართვისა და განკარგვის პროცესს მუნიციპალიტეტში თან ახლავს სისტემური პრობლემები: 
– სავარაუდოდ, მაღალი ლიკვიდურობის ქონება მუნიციპალიტეტმა გასცა უკონკურენტო გარემოში, ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმის გამოყენებით, რითაც დაკარგა მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
– მუნიციპალური ქონების ნაწილი, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე დაკავებულია არაუფლებამოსილი პირების მიერ და მუნიციპალიტეტი ვერ იღებს შესაბამის შემოსავალს. 
– ფასეულობათა ინვენტარიზაციის პროცესი მუნიციპალიტეტმა წარმართა მნიშვნელოვანი დარღვევებით, საკრებულოს მიერ დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ და სავარაუდოდ, არ აჩვენა დანაკლისი ქონების ნაწილი. 

მუნიციპალიტეტი აფინანსებდა ისეთ დაფუძნებულ სუბიექტებსა და არაგონივრულად გაზრდილ საშტატო თანამდებობებს, რომელთა საქმიანობაც არ გამომდინარეობდა მუნიციპალიტეტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ვალდებულების შესრულების საჭიროებიდან; 

მუნიციპალიტეტმა, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, თანხები გასცა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე; 

მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი 2-ჯერ და მეტად აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე; 

მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა მათთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების შესაბამისად, რამაც დამატებითი ხარჯები გამოიწვია; 

შესაბამისი შრომითი რესურსის არსებობის პირობებში, მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა; 

მუნიციპალიტეტმა არ გამოასწორა შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშებში ასახული ნაკლოვანებები და არ შეასრულა გაცემული რეკომენდაციები სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისა და ქონების განკარგვის შესახებ.
 

რეკომენდაცია №1: ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად. ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება.

რეკომენდაცია №2: მიზანშეწონილია მერიამ ჩაატაროს სოციალური სახლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების სრული ინსპექტირება, გადახდილი თანხებისა და მიღებული პროდუქტის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ამასთანავე, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების შერჩევისას დაინერგოს ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფს სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებლის საჭიროების თანხვედრას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამის ეფექტიანობის გაზრდას.

რეკომენდაცია №3: მერიამ ხელშეკრულების პირობები განსაზღვროს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული მისი, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესი. მათ შორის, გამოიყენოს საჯარიმო სანქციების ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვის ობიექტების მიწოდების დაგვიანების პრევენციას. ამასთანავე, ჩაატაროს დაურიცხავი ჯარიმების ინვენტარიზაცია და გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები კუთვნილი თანხების მისაღებად. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მერიამ, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ვადების განსაზღვრისას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სხვადასხვა ფაქტორი და პირობა, რომელმაც შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს სამუშაოების დროულ დასრულებაზე; მიწოდების ვადების ცვლილება არ განახორციელოს დაუსაბუთებელი გარემოებებით და გაითვალისწინოს მხოლოდ ობიექტური და ფორსმაჟორული საფუძვლების არსებობა. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს სამუშაოების შესრულების რეალური ვადების განსაზღვრას და გააუმჯობესებს საბიუჯეტო ასიგნებების გეგმურ ხარჯვას. ამასთანავე, უზრუნველყოფს საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას და მიმწოდებლების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებას.

რეკომენდაცია №4: მერიამ დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი რწმუნების მიღებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები სრულდება ხარისხიანად და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; რეგულარულად აწარმოოს შესყიდული ობიექტების მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, აამოქმედოს გარანტიის მექანიზმი ნაკლოვანებების/ხარვეზების დროულად აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას და მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურული პროექტებით სარგებლობის შესაძლებლობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

რეკომენდაცია №5: მერიამ სამშენებლო სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, ანგარიშსწორება არ განახორციელოს მიმწოდებლების მიერ ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების ან შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის გარეშე. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიზანშეწონილია შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან. გასული პერიოდის ხელშეკრულებებისათვის, საჭიროა მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებისაგან მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და გაიანგარიშოს ფაქტობრივი ხარჯები. შეუსაბამობების არსებობის ან დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაატაროს სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №6: მერიამ უზრუნველყოს კონტროლის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა და სატენდერო კომისიის საქმიანობის იმგვარი წარმართვა, რომელიც არ დაუშვებს კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებების მიღებას და ჩამოაყალიბებს ერთგვაროვან და სამართლიან მიდგომას შესყიდვის პროცესში მონაწილე ყველა პრეტენდენტის მიმართ. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას.

რეკომენდაცია №7: მერიამ უზრუნველყოს საკუთრებაში არსებული აქტივების სრული აღრიცხვა-სისტემატიზაცია, რაც მოიცავს მოსარგებლე პირებთან წერილობითი ხელშეკრულებების გაფორმებას. მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინოს ბაზარზე არსებული მდგომარეობა როგორც გადაწყვეტილების მიღების, ისე შემდგომ პერიოდებში შეთანხმების პირობების გადახედვისას, რათა საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ხელი შეუწყოს აქტივების ეფექტიან მართვას, მათ შორის, მაქსიმალური შემოსავლის მიღებას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დაადგინოს ქონების გამოყენებიდან მისაღები სარგებლის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში და გაატაროს ღონისძიებები მათ ამოსაღებად. მუნიციპალიტეტმა მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებმაც დაუშვეს ქონების მართვისა და განკარგვის პროცესში არსებული დარღვევები.

რეკომენდაცია №8: მერიამ შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მდგომარეობა და განსაზღვროს, რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს ა(ა)იპ-სა და შპს-ში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრები, რათა დაიგეგმოს ოპტიმალური ვარიანტი თითოეული დასაქმებულის ფუნქციური დატვირთვისათვის და საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სუბიექტების საქმიანობის პროდუქტიულობას და მოსახლეობისათვის მიწოდებული სერვისების გაუმჯობესებას.

რეკომენდაცია №9: მერიამ არ აანაზღაუროს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა სრულად შეესაბამებოდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას.

რეკომენდაცია №10: მერიამ იმსჯელოს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების საკითხზე. მერიამ სათანადოდ დაასაბუთოს და მოითხოვოს დელეგირებული უფლებამოსილებისათვის გამოყოფილი ტრანსფერის მოცულობის გაზრდა, ან შეამციროს ხარჯები დასაქმიანობა განახორციელოს გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში. აღნიშნული უზრუნველყოფს საქმიანობის უფრო ეკონომიურად განხორციელებას და საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციას.

რეკომენდაცია №11: მერიამ არ გადაიხადოს დამატებითი სახსრები შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის. მიზანშეწონილია, მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში კომპეტენტური პირების დასაქმებას. ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს შეუძლია შრომის ანაზღაურების არანაკლებ 1% მიმართოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. აღნიშნული უზრუნველყოფს საბიუჯეტო თანხების დაზოგვას და რაციონალურად ხარჯვას.

რეკომენდაცია№12: მერიამ, შესყიდვების განხორციელების პროცესში მონაწილე მხარეებს შორის გაითვალისწინოს ინტერესთა შეუთავსებლობის რისკები. ამ მიზნით სამუშაოების შესყიდვისას დანერგოს/განახორციელოს კონტროლის და მონიტორინგის ისეთი პროცედურები, რომლებიც მოიცავს რისკების შესამცირებლად საჭირო ღონისძიებებს და უზრუნველყოფს დასახული ამოცანების შესრულებას.

რეკომენდაცია №13: მუნიციპალიტეტის მერიამ კონტროლზე აიყვანოს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება და განახორციელოს მიღებული შედეგების მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

რეკომენდაცია №14: მერიამ შეიმუშაოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა აუდიტის ანგარიშში ასახული დარღვევა-ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის. გონივრულ ვადაში ასევე წარმოდგენილ იქნეს ინფორმაცია გეგმის შესრულების მიმდინარეობისა და მიღწეული შედეგების შესახებ. მერიამ გაატაროს სათანადო ღონისძიებები იმ პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ დარღვევა-ნაკლოვანებებზე რეაგირება და არ გამოიყენეს საკმარისი და შესაფერისი ღონისძიებები წინა აუდიტის ანგარიშში ასახული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.