სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 04 ივნისი, 2021
თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018, 2017, 2016, 2015, 2014

სკოლამდელი განათლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის შემდგომი განვითარებისა და მისი პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ადრეული განათლება უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა ბავშვის მომავალი აკადემიური, პიროვნული და სოციალური განვითარებისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოების განვითარებისთვის. საქართველოში საბავშვო ბაღების საქმიანობის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2014-2019 წლებში სახელმწიფომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა სკოლამდელი აღზრდის სისტემის ძირეული ცვლილებისთვის. ახალი რეფორმების მიზანია საბავშვო ბაღებმა მოვლის ნაცვლად აღზრდის ფუნქცია შეითავსონ. 

აუდიტის ფარგლებში, შესწავლილ იქნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეფორმის მიმდინარეობის პროცესი და კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან ბაღების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით თვითმმართველ ქალაქებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, საბავშვო ბაღების ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და აქვს შემდეგი ნაკლოვანებებით: 

თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები, რათა ბაღების საქმიანობა ყოფილიყო დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არ არსებობს ერთიანი ხედვა, თუ როდის უნდა უზრუნველყონ მერიებმა საბავშვო ბაღების სტანდარტებთან შესაბამისობა. პასუხისმგებელი ორგანოების საქმიანობა ბაღების განახლებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით არ არის თანმიმდევრული. მენეჯმენტი ძირითადად მიმართულია ყოველდღიური ოპერატიული ამოცანების გადაჭრისკენ და არ მოიცავს ისეთ აქტივობებს, რომლებიც გრძელვადიანად არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე საზოგადოების მხრიდან მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით აღნიშნული პრობლემების აქტუალობა მომავალში კიდევ გაიზრდება. ასევე წინსვლა არ არის ბაღების ავტორიზაციის კუთხითაც, სათანადო ღონისძიებების განუხორციელებლობის გამო. ავტორიზაციის პროცესი, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, 2020 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო, თუმცა მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა და ვადა კიდევ ერთხელ 2021 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტებში არსებული ინფრასტრუქტურული რესურსი ვერ აკმაყოფილებს სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გასაზრდელად 2014-2019 წლებში ახალი ბაღების მშენებლობაზე − 43,999.4 ათასი, ხოლო არსებული ბაღების რეაბილიტაციაზე − 5,591.2 ათასი ლარი დაიხარჯა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს. გამოვლენილი გარემოება მიუთითებს მენეჯმენტის მხრიდან სტანდარტების მიმართ არასათანადო დამოკიდებულებაზე, რადგან შესაძლებელი იყო ახლად აშენებული ბაღების მოქმედ სტანდარტებთან სრულად შესაბამისობაში მოყვანა. საჯარო ბაღებში არსებული ინფრასტრუქტურის მოცულობა ვერც სერვისზე არსებული მოთხოვნის სათანადოდ დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ბაღების შენობები სრულად არ არის აღჭურვილი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოების სისტემით. შესაბამისად, 2014-2019 წლებში მუნიციპალიტეტების მხრიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე განხორციელებული ღონისძიებები, მიწოდებული სერვისის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით, არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას. 

მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ გააჩნიათ საკმარისი ადამიანური რესურსი, რათა საბავშვო ბაღების საქმიანობა შეუსაბამონ მოქმედ სტანდარტებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღმზრდელთა არასაკმარისი რაოდენობა აისახება სწავლების მეთოდოლოგიურ მხარეზე, რაც შესაძლებელია აღსაზრდელთა სათანადო ხარისხით სასკოლოდ მზაობისთვის მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს. ასევე, პედაგოგების ნაკლებობა ხელს უშლის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის სათანადოდ წარმართვას. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, შესაბამის პასუხისმგებელ პირებს არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები არსებული საკითხის გადასაჭრელად. არ არსებობს დროში გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვით პედაგოგების და აღსაზრდელების რაოდენობა კანონთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი. საკითხის გადაჭრა მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის სერვისის გასაუმჯობესებლად.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაციის მქონე საკმარისი ადამიანური რესურსი, რათა საბავშვო ბაღების საქმიანობა შეუსაბამონ მოქმედ სტანდარტებს. აღნიშნული აისახება სწავლების მეთოდოლოგიურ მხარეზე, რადგან პედაგოგთა კვალიფიკაცია არსებითი კომპონენტია ბავშვთა სასკოლო მზაობისათვის. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ აქვთ შემუშავებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს იმ პედაგოგების გადამზადებას, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოქმედი
კანონმდებლობის მოთხოვნებს. ბაღებში დაცული არ არის პედაგოგების უწყვეტი განათლების ორგანიზების პრინციპი, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს სერვისის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობებს.

თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის საბავშვო ბაღების დანახარჯების სტრუქტურის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ბავშვების ინტელექტუალური განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას. აღნიშნული ინვენტარის შესაძენად გაწეული ხარჯები, ბაღების მთლიან გადასახდელებში აუდიტის ობიექტების მიხედვით, 0.04%-დან 0.7%-მდე მერყეობს. საბავშვო წიგნების, დამხმარე ინვენტარის და სათამაშოების შესყიდვა უმნიშვნელოვანესია სააღმზრდელო საქმიანობის ნორმალურად წარმართვისა და ბავშვის სკოლამდელი მზაობის უზრუნველყოფისთვის. მიუხედავად ამისა, ბაღებში აღნიშნული ინვენტარის შეძენას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება.
 

რეკომენდაცია N1: 

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან კონსულტაციების საფუძველზე შექმნან დროში გაწერილი ერთიანი სტრატეგია, რათა იცოდნენ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საბავშვო ბაღების სტანდარტების დაკმაყოფილების პროცესში. აუცილებელია, სამოქმედო გეგმა იყოს თანმიმდევრული და ითვალისწინებდეს ეტაპობრივად განსახორციელებელ კონკრეტულ ქმედებებს, რათა შესაძლებელი იყოს მისი შესრულების შეფასება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ავტორიზაციის პროცესის სათანადოდ წარმართვას და საბავშვო ბაღების მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. 

რეკომენდაცია N2: 

თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა, შესაბამის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებთან კონსულტაციის საფუძველზე, შეიმუშაონ საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია. დოკუმენტში ასახული უნდა იყოს იმ აქტივობებისა და ღონისძიებების გრძელვადიანი გეგმა, რომლითაც უზრუნველყოფენ როგორც არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას, ასევე საჯარო ბაღებზე მოსახლეობის მხრიდან მზარდ მოთხოვნასთან შესაბამისობას. ამასთანავე, პასუხისმგებელმა პირებმა შეისწავლონ საბავშვო ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მდგომარეობა და მის მოსაწესრიგებლად გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბავშვო ბაღების რეფორმირების პროცესის წარმართვას ისე, რომ მაქსიმალურად სწრაფად იქნეს დაკმაყოფილებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების სტანდარტები. 

რეკომენდაცია N3: 

პოზიტიური სააღმზრდელო და საგანმანათლებლო გარემოს შექმნის და სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მიზანშეწონილია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა მოიძიონ დამატებითი ფინანსური რესურსები და საბავშვო ბაღები უზრუნველყონ საკმარისი ადამიანური რესურსით. ასევე უმნიშვნელოვანესია, სასკოლო მზაობის პროცესის სრულფასოვნად წარმართვისთვის ბაღებმა შეისყიდონ საჭირო ინვენტარი და დამხმარე მასალა. შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა შეიმუშაონ აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სტრატეგია და მაქსიმალურად მოკლე დროში უზრუნველყონ კანონით განსაზღვრული კვალიფიკაციის მქონე პერსონალის ფორმირება. დაგეგმილი რეფორმების საპასუხოდ მნიშვნელოვანია, ბაღებმა შეიმუშაონ აღმზრდელ-პედაგოგების უწყვეტი განათლების უზრუნველყოფის სისტემა.