სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებებლი ორგანოების დაფინანსების“ და „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:
- საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემისას მუნიციპალიტეტს არ გაუთვალისწინებია რაციონალური და ეკონომიური ხარჯვის პრინციპი. გაცემული პრემიების ჯერადობა აღემატება საკრებულოს მიერ დადგენილი ნორმას
- მუნიციპალიტეტმა შტატგარეშე მოსამსახურეები დაიქირავა მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, რაც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ასევე დაქირავებულების რაოდენობა აღემატება თვითმმართველობის კოდექსით დადგენილ ზღვრულ ნორმას
- სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯის გაწევისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. ამდენად, გამგეობის მიერ საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეულია არაგონივრული ხარჯი
- ცალკეული ხელშეკრულებების შესრულებისას, მუნიციპალიტეტმა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები გაზარდა არაობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით და არ გამოიყენა საჯარიმო სანქციები
- მუნიციპალიტეტში არსებულმა სუსტი კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო მიმწოდებლის მიერ შეუსრულებელი სამუშაოების გამოვლენა. გამგეობის პასუხისმგებელმა პირებმა ფორმალურად დაადასტურეს მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების აქტები. შედეგად მუნიციპალიტეტმა ორ შემთხვევაში ჩაიბარა და აანაზღაურა ისეთი სამუშაოები, რომელიც არ იყო შესრულებული
- მუნიციპალიტეტმა, ორ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვაში დაუსაბუთებელად შეცვალა სამუშაოს სახე, შეტანილი ცვლილების შედეგად მიმწოდებლისაგან ჩაიბარა პროექტით გათვალისწინებულზე ნაკლები მოცულობის სამუშაოები, გადაიხადა გაზრდილი ფასი და გასწია არაეკონომიური ხარჯი
- აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების გარკვეული ნაწილი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს მიმწოდებლებისათვის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადაში ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით. შედეგად, მოსახლეობამ ვერ მიიღო პროექტით გათვალისწინებული სარგებელი გრძელვადიან პერიოდში
- ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას, რიგ შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ობიექტის დასრულება და ფუნქციონირება, რადგან არ გაითვალისწინა ყველა საჭირო რესურსი. შედეგად, მოსახლეობა შექმნილი მატერიალური სიკეთით ვერ სარგებლობს და პროექტებზე გაწეული ხარჯი არაეფექტიანი
- მუნიციპალიტეტმა რიგი სამშენებლო სამუშაოები შეისყიდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ობიექტები ჩაბარებულია და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებული პრაქტიკით იწვევს საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურებას
- მუნიციპალიტეტს არ შეუდგენია პერიოდული და წლიური ფინანსური ანგარიშგებები. შედეგად ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს არ წარედგინება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.