სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 33.9% და 27.6% დააკლდა.
სახელმწიფო შესყიდვების მართვა
სატენდერო ხარვეზი - სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, კონტროლის სისუსტის გამო, მუნიციპალიტეტმა სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ დაბალფასიანი სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტი არასამართლიანად იქნა დისკვალიფიცირებული. შედეგად, შესყიდვის ღირებულება 37.8 ათასი ლარით გაიზარდა, რაც არაეკონომიურად განკარგული საბიუჯეტო რესურსია.
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა
გამოუყენებელი ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტმა 291.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტის მოწყობაში არაეფექტიანად დახარჯა საბიუჯეტო სახსრები და ვერ მიაღწია პროექტის განხორციელებით დასახულ მიზანს.
მოსახლეობის წყალმომარაგებაში არსებული ხარვეზები - მოსახლეობის წყალმომარაგება ზოგ შემთხვევაში ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამოდ, სასმელად უვარგისი წყლით, თუმცა მუნიციპალიტეტს არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია პრობლემის გადასაწყვეტად და არც სამოქმედო გეგმა შეუმუშავებია. ამასთანავე, წყლის სისტემების მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვაში არსებული კონტროლის სისუსტეების შედეგად, 21.8 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრები ზედმეტად არის ანაზღაურებული.
ქონების მართვა და განკარგვა
ქონების მართვაში არსებული ხარვეზები - ქონების განკარგვის პროცესში არსებული სისუსტეების გამო, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვა ხორციელდება არაპროდუქტიულად და ბიუჯეტი კარგავს კუთვნილი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
შემოსავლები
დასუფთავების მიუღებელი მოსაკრებელი - მოსაკრებლების ადმინისტრირებაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, სრულად ვერ ხორციელდება დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება. მერიის მიერ არ იყო განხორციელებული სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები იმ პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ მოსაკრებლის გადახდა.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოპარკის მართვაში არსებული ხარვეზები - მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს საბიუჯეტო ასიგნებების არაეკონომიურ და არარაციონალურ ხარჯვას.