- 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტს რიგ შემთხვევაში არ აქვს გამოყენებული მიმწოდებლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის პირგასამტეხლოს სახით 170.0 ათას ლარზე მეტის დარიცხვის შესაძლებლობა.
- 2014 წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ, სოფლებში ჭებისა და წყალსადენების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გარკვეული ხარვეზებითა და უზუსტობებით შედგენის შედეგად სპს - „თორთლაძე და კომპანიისათვის“, ზედმეტად ანაზღაურებულია 3.1 ათასი ლარი.
- 2014 წელს ქ. თერჯოლაში ლესელიძის, 9 აპრილის და ოთხი ძმის ქუჩებზე, მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესრულებულია ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, საერთო ღირებულებით 729.1 ათასი ლარი. მიუხედავად იმისა,რომ წყალმომარაგების კომპანიამ საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, წერილობით აცნობა თერჯოლის გამგეობას, რომ 2014 წლის ივნისიდან ქსელის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო ამორტიზებული მილების შეცვლა, გამგეობის მიერ ასფალტბეტონის სამუშაოები შესრულებულია წყალგაყვანილობის სამუშაოების დაწყებამდე. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ახლად დაგებული ასფალტის საფარიმნიშვნელოვნად არის დაზიანებული.
- 2015 წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში კლდიაშვილისა და რობაქიძის ქუჩებზე მოწყობილია სანიაღვრე არხები, რომლის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა 2014 წელს დაგებული ასფალტბეტონის საფარი, ღირებულებით 38.0 ათასი ლარი. სანიაღვრე არხების მოწყობამდე გზების ასფალტირების სამუშაოების ჩატარება მიანიშნებს საგზაო სამუშაოების დაგეგმვისა და პროექტირების ხარვეზებზე.
- მუნიციპალიტეტის შპს-ები გამგეობაში არ წარადგენენ წლიურ ანგარიშებს. მათზე დაყრდნობით გამგეობამ უნდა განიხილოს მათი წლიური შედგეგები, გააანალიზოს და შეაფასოს მათი საქმიანობა. აღნიშნული ხარვეზი მიუთითებს მუნიციპალიტეტის მხრიდან კონტროლის მექანიზმების არარსებობაზე. შედეგად, მათ მიერ ფინანსური წელი დასრულებულია ზარალით ან უმნიშვნელო მოგებით (200 ლარამდე).
- 2014 წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა 8, ხოლო 2015 წელს 7 არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირი (ა(ა)იპ), რომელთაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით მიღებული აქვთ 7671.8 ათასი ლარი, რაც მთლიანი გადასახდელების 32%-ს შეადგენს. მიღებული სუბსიდიების მეტი წილი (74%) გახარჯულია შრომის ანაზღაურებაზე. მიუხედავად ა(ა)იპ-ების რაოდენობის შემცირებისა, 2015 წელს გაზრდილია მათი დაფინანსება 1203.3 ათასი ლარით, ხოლო მომუშავეთა რაოდენობა 2014-2015 წლებში 144 პირით. აღსანიშნავია, რომ საშტატო რიცხოვნობის ზრდის აუცილებლობა გამგეობის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული.
- 2014-2015 წლებში შრომის ანაზღაურების სახით გაცემულია 3 535.4 ათასი ლარი, მათ შორის, პრემიის სახით 429.7 ათსი ლარი. 2014 წლის ბოლოსათვის, მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრებოდა 139 ერთეულით. 2015 წელს სახანძრო სამსახური გადავიდა სახელმწიფო მმართველობაში, რის გამოც საშტატო რიცხოვნობა შემცირებულია 32 ერთეულით. მიუხედავად ამისა, საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის დადგენილებით, თანამშრომელთა რიცხვი გაზრდილია 49 ერთეულით, მათ შორის, 48 ერთეულით გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტთა რაოდენობა.
- 2015 წელს შვებულებაში გასულ მუნიციპალიტეტის სამ თანამშრომელზე წინასწარ გაცემულია შრომის ანაზღაურების თანხა. შვებულებაში გასვლიდან მოკლე პერიოდში, ისინი ბრძანებით გამოძახებული იყვნენ სამსახურში სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად. გამოძახებულ თანამშრომლებზე კვლავ დარიცხულია შრომის ანაზღაურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 3.3 ათასი ლარი არის ზედმეტად არის გაცემული.
- 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტში დასაქმებულ შტატგარეშე მოსამსახურეებზე შრომითი გასამრჯელოს სახით გაცემულია 186.0 ათასი ლარი, მათ შორის, პრემიის სახით 22.6 ათასი ლარი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით, გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად. ფაქტობრივად კი, წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზით გამოვლინდა, რომ მათი აყვანა ხდება მუდმივი ამოცანების შესასრულებლად.
- 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებსა და თანამდებობის პირებზე ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, ხარჯების ანაზღაურების სახით გაცემულია 182.0 ათასი ლარი, მათ შორის 2014 წელს - 32.3 ათასი ლარი, 2015 წელს - 149.7 ათასი ლარი.
- სოციალური ღონისძიებების ფარგლებში მოსახლეობისათვის თანხის გაცემისას არ ხდებოდა პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვა. პროგრამის მიხედვით, ბენეფიციარს შეეძლო თანხის მიღება წლის განმავლობაში ერთხელ. მიუხედავად ამისა, ერთსა და იმავე ბენეფიციარზე თანხები გაცემულია რამდენჯერმე.
- მუნიციპალიტეტი ახორციელებს დაზიანებული სახლის მფლობელების ფინანსურ დახმარებას, ასევე უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ბენეფიციარების დახმარებას. აღნიშნული დახმარებები მოსახლეობაზე გაცემულია საკრებულოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული წესის გარეშე.
- თერჯოლის მუნიციპალიტეტში არ არის შემუშავებული სათანადო კონტროლის მექანიზმები სარგებლობის უფლებით გაცემული უძრავი ქონებიდან მისაღებ შემოსავლებზე. შედეგად, 2015 წელს დამქირავებლების მიერ გადაუხდელმა თანხამ, პირგასამტეხლოს ჩათვლით, შეადგინა 2.0 ათასი ლარი.
- შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე თერჯოლის მუნიციპალიტეტის 4 ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში განთავსებულია კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება, ხოლო 9 ადმინისტრაციულ ერთეულში საბანკო მომსახურებას ახორციელებენ სს „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლები. გარდა შენობებით სარგებლობისა, აღნიშნული ორგანიზაციების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება იფარება გამგეობის ხარჯებიდან.