სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა არსებითი ხასიათის სხვადასხვა დარღვევა-ნაკლოვანება:
- 2015 წელს თვითმმართველ თემში იურიდიული პირების მიერ გადაუხდელმა დასუფთავების მოსაკრებელმა 76.2 ათასი ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტს ბიუჯეტით გათვალისწინებული დასუფთავების მოსაკრებლის მისაღებად კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები არ გაუტარებია;
- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობდნენ არაუფლებამოსილი პირები. კერძოდ: 2014-2015 წლებში 9649 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას იყენებდნენ კერძო კომპანიები, ხოლო 11614.3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას (მათ შორის, 11 598 ჰა საძოვარი) - ფიზიკური პირები. მუნიციპალიტეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გაცემის შემთხვევაში, წლიურად მიიღებდა 170 ათას ლარზე მეტ შემოსავალს;
- 2014 წელს მუნიციპალიტეტმა გააფორმა საგზაო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულება მიმწოდებელთან 1118.3 ათას ლარზე. შემსყიდველმა უამინდობის მოტივით გააგრძელა სამუშაოების დასრულების ვადა, მაშინ როდესაც დოკუმენტური მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ რაიმე ფორსმაჟორულ სიტუაციას ადგილი ჰქონდა. იმ შემთხვევაში, თუ გამგეობა შემსრულებელს სამუშაოების დასრულების ვადას არ გაუგრძელებდა და აამოქმედებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 64.9 ათასი ლარის ოდენობით;
- 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტმა 2 შემთხვევაში - მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და საბავშვო ბაღის მშენებლობაზე შეწყვიტა შესყიდვის ხელშეკრულებები მიმწოდებლებთან, რადგან ისინი არ ასრულებდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლო, ჯამში 43.3 ათასი ლარი, მიმწოდებლებმა არ გადაიხადა. აღნიშნული თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტს დამატებითი ღონისძიება არ გაუტარებია;
- სახელმწიფო შესყიდვების კანონის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის გზით მიმწოდებლის შერჩევისას აუცილებელია ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება. 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ შპს „ბილდინგთან“ გამარტივებული შესყიდვით გაფორმდა 30 ხელშეკრულება, ჯამური ღირებულებით 447.9 ათასი ლარი. აღნიშნული მეწარმე სუბიექტის დირექტორი და მფლობელი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ახლო ნათესავები არიან;
- სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული გზით შესყიდვისას, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა ანაზღაურდეს ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტს არ მოუთხოვია მიმწოდებლებისგან ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ დოკუმენტაცია. შესაბამისად, სააუდიტო პერიოდში გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ 3 622.7 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები ანაზღაურებულია კანონმდებლობის დარღვევით;
- 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში; 57.1 ათასი ლარი დახარჯულია ისეთ პროექტებზე, რომლებიც არ ფუნქციონირებს. კერძოდ: მინისტადიონის ხელოვნური საფარი დასაწყობებულია ადმინისტრაციული შენობის ეზოში, ასევე შესყიდული ექსკავატორები და თვითმცლელი არ მუშაობს;
- 2015 წელს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტმა სოფელ აკურაში ჭაბურღილის მოწყობაზე დახარჯა 64.2 ათასი ლარი. ჭაბურღილმა იმუშავა ექსპლუატაციაში შესვლიდან მხოლოდ რამდენიმე დღე. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში პრობლემა მოუგვარებელი იყო და მოსახლეობა ვერ სარგებლობდა აღნიშნული ობიექტით;
- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 18 ერთეულს. 2015 წელს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში თვეების მიხედვით დასაქმებულია სხვადასხვა რაოდენობის შტატგარეშე მოსამსახურე, რომელთა რიცხოვნობა მერყეობს 28-დან 30-მდე;
- 2014-2015 წლებში თვითმმართველი ერთეულის მიერ 46 შემთხვევაში სარესტორნო მომსახურებაზე გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯზე, მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები იმისა, თუ რა სახის ღონისძიებებთან დაკავშირებით გახდა საჭირო აღნიშნული ხარჯის გაწევა. ასევე, არ არის იდენტიფიცირებული სტუმრების ვინაობა და რაოდენობა. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი დასაბუთების გარეშე ანაზღაურებულია 18.9 ათასი ლარი;
- 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად სარგებლობდა როგორც ბალანსზე რიცხული 7 ერთეული ავტომანქანით, ასევე სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებული 42 ერთეული სატრანსპორტო საშუალებით. მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდირებულ ზღვრულ ოდენობას.