სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საქმიანობის შესაბამისობისაუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა არსებითი ხასიათის დარღვევა-ნაკლოვანებები:
- 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტმა ქუჩების საყოფაცხოვრებო ნარჩენების დასუფთავებისა და ნაგავსაყრელზე გატანის სამუშაოების შესასრულებლად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, 5 შემთხვევაში ხელშეკრულება გააფორმა გამარტივებული შესყიდვის გზით. სახელშეკრულებო ღირებულებამ სულ 110.8 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნული შესყიდვები არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას, რადგან სამუშაოების წინასწარი დაგეგმვა და ელექტრონული ტენდერის გზით შესყიდვა შესაძლებელი იყო;
- 2015 წელს ქალაქ თელავის მერიამ შეისყიდა ქალაქ თელავში რუსთაველის გამზირისა და ტაბიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სახელშეკრულებო ღირებულებით 644.9 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა აღნიშნული ობიექტები. გამოვლინდა, რომ ტაბიძის ქუჩის ერთი მონაკვეთი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტის მიერ დაზიანების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიება არ გატარებულა;
- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 9 ერთეულს. 2015 წელს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოში 9 თვის განმავლობაში დასაქმებულია სხვადასხვა რაოდენობის შტატგარეშე მოსამსახურე, რომელთა რიცხოვნობა მერყეობს 11-დან 26-მდე;
- 2014-2015 წლებში თვითმმართველი ერთეულის მიერ 39 შემთხვევაში სარესტორნო მომსახურებაზე გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯზე მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიებებთან დაკავშირებით გახდა საჭირო აღნიშნული ხარჯის გაწევა. ასევე, არ არის იდენტიფიცირებული სტუმრების ვინაობა და რაოდენობა. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი დასაბუთების გარეშე ანაზღაურებულია 14.2 ათასი ლარი;
- საკრებულოს წევრებს, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, მერია უნაზღაურებს საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებში მონაწილეობისათვის, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად გაწეულ ხარჯებს. მერიის მიერ აღნიშნული ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. 2014-2015 წლებში უფლებამოსილების განსახორციელებლად საკრებულოს არათანამდებობის პირებზე გაიცა 22.2 ათასი ლარი. საკრებულოს დეპუტატებზე ხარჯები ანაზღაურებულია ისე, რომ არცერთ შემთხვევაში მათ არ წარმოუდგენიათ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად სარგებლობდა როგორც ბალანსზე რიცხული 6 ერთეული ავტომანქანით, ასევე, სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებული 15-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალებით. მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას;
- 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა ა(ა)იპ „სასპორტო გაერთიანება“. 2015 წელს აღნიშნულ ა(ა)იპ-ს გამოეყო რამდენიმე სპორტული სახეობის წრე, რომელთა საფუძველზეც დაფუძნდა 2 ახალი ა(ა)იპ. 2015 წელს წინა წელთან შედარებით, იურიდიული პირების მატების გამო, 128.8 ათასი ლარით გაზრდილი სუბსიდიური დაფინანსებიდან, მხოლოდ 44.9 ათასი ლარის ხარჯი გამომდინარეობდა ობიექტური საჭიროებიდან, ხოლო 83.9 ათასი ლარის ადმინისტრაციული ხარჯი, შეიძლება მივიჩნიოთ არარაციონალურად.