სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ და „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის" პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე
- სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯის გაწევისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები. ასევე დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რომლის მიხედვით, პირს უფლება არ აქვს ქონებრივი გარიგება დადოს იმ სახაზინო დაწესებულებასთან, რომელშიც მას თანამდებობა უჭირავს
- ჩატარებული ტენდერების შესწავლით გამოვლინდა შემთხვევები, როცა მეტი ფინანსური სარგებლის მისაღებად ტენდერში მონაწილე პირები სავარაუდოდ მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით და არღვევდნენ კანონმდებლობით განსაზღვრულ აფიდავიტის მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია საბიუჯეტო რესურსის არაეკონომიური ხარჯვა
- აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების გარკვეული ნაწილი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს ხარვეზების გამოსწორების მიზნით არ გაუტარებია შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. შედეგად, მოსახლეობამ ვერ მიიღო პროექტით გათვალისწინებული შედეგი გრძელვადიან პერიოდში
- მუნიციპალიტეტში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლით გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევაში სამუშაოების ნაწილი შესრულებულია პროექტის შეუსაბამოდ და არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს
- მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი ფინანსური ანგარიშგების შესწავლისას გამოვლინდა ხარვეზები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ანგარიშგებაში წარმოდგენილი მონაცემების სისწორეზე
აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.