სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 11 მარტი, 2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2020, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის  პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც მოცემული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 17% და 15% დააკლდა.

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა

უხარისხოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები - ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, 503.8 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ შეუსწავლია პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები ზიანის ასანაზღაურებლად.

მოსახლეობის წყალმომარაგებაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო რესურსების ნაწილს ხარჯავს წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უმრავლესობას სასმელი წყალი მიეწოდება შეფერხებით ან გრაფიკით, ხოლო მიწოდებული წყალი არ იწმინდება. შედეგად, სასმელი წყლის ხარისხი ზოგიერთ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს. მუნიციპალიტეტის საქმიანობა სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველსაყოფად, არასაკმარისი იყო. აღნიშნული პრობლემა სისტემური ხასიათისაა, თუმცა მერიას, მისი მოგვარების მიზნით, სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.

მერიამ დროული რეაგირება არ მოახდინა შესყიდული წყლის დანაკარგების შესამცირებლად. შედეგად, წყლის რესურსი და საბიუჯეტო სახსრები იხარჯება არარაციონალურად.

მუნიციპალური შპს-ს პასუხისმგებელმა პირებმა დროულად და ჯეროვნად არ შეასრულეს სალიცენზიო მოთხოვნები, რის გამოც შპს-მ ჯარიმის სახით გასწია დამატებითი ხარჯი.

ქონების მართვა და განკარგვა

ქონების მართვასა და განკარგვაში არსებული ხარვეზები - კონტროლის სუსტი მექანიზმების გამო, მერიამ ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად მობილიზება, ხოლო საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. შედეგად, მუნიციპალიტეტი კარგავს ბიუჯეტში კუთვნილი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსება და საქმიანობა

მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების ნაწილი საქმიანობს ხარვეზებით, ვერ აღწევს დასახულ მიზნებს და ვერ უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების ეფექტიან ხარჯვას. მუნიციპალიტეტში დანერგილმა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო ორგანიზაციების საქმიანობაში არსებული ნაკლოვანებების დროული გამოვლენა და არსებული შეუსაბამობების აღმოფხვრა/პრევენცია.

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, შესაბამისად, 2019 წელს 89 ერთეულით და 2020 წელს 86 ერთეულით აღემატებოდა კანონმდებლობით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.

მოსაკრებლები

დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებული ხარვეზები - მოსაკრებლების ადმინისტრირებაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, სრულად ვერ ხორციელდება დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება. მერიამ არ გაატარა საკმარისი და სათანადო ღონისძიებები იმ პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ მოსაკრებლის გადახდა.
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ:

  • ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად;
  • ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიმართოს ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად;
  • შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადო წარმართვასა და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას;
  • შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;
  • საკრებულოსთან შეთანხმებით, დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგების მოწესრიგებასა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას;
  • ღონისძიებათა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს როგორც წყლის, ასევე, საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
  • შეიმუშაოს კონტროლის სათანადო მექანიზმები, საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე მისი თვითნებურად დაკავების თავიდან აცილების ან/და დროულად გამოვლენის მიზნით;
  • ამასთანავე, ჩაატაროს მიუღებელი საიჯარო თანხების ინვენტარიზაცია და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები კუთვნილი თანხების მისაღებად;
  • გამოავლინოს საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;
  • დანერგოს კონტროლის სათანადო მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას მუნიციპალიტეტის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;
  • განიხილოს და შეაფასოს იურიდიული პირების წლიური საქმიანობის შედეგები, გააანალიზოს მათი საქმიანობით მიღებული სარგებელი და ფუნქციონირებისათვის დახარჯული სახსრები, შეისწავლოს არსებული საკადრო პოლიტიკა;
  • საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაოს შესაბამისი პროგრამები და ღონისძიებათა გეგმები, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას;
  • საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით, დანერგოს კონტროლის მექანიზმ(ებ)ი და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები, მათ შორის, ალტერნატიულ პროცედურად, შესაძლოა, განხილულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციისას უფლებამოსილი პირების მიერ დამონტაჟებული საწვავის „ჩიპების“ მთლიანობის შემოწმება;
  • სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე, შესაძლოა, განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა;
  • საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, უზრუნველყოს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სრული ბაზის შექმნა და წლის განმავლობაში მისაღები მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება;
  • დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღები შემოსავლების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მობილიზებას.