სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 09 თებერვალი, 2018
მარტვილის მუნიციპალიტეტის ფინანსური და წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების პროგრამის შესაბამისობის აუდიტი
პერიოდი: 2016, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი და 2016 წელს „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ (პროგრამის კოდი: 01.00) პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

  • მუნიციპალიტეტმა შტატგარეშე მოსამსახურეები დაიქირავა მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, რაც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ასევე, დაქირავებულების რაოდენობა აღემატება თვითმმართველობის კოდექსით დადგენილ ზღვრულ ნორმას
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. რამდენიმე შემთხვევაში საწვავი გაცემულია საკრებულოს ფრაქციასა და კომისიაზე მათი გაუქმების შემდეგ, ასევე თანამშრომლებზე მათი შვებულებაში ყოფნის დროს. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯის გაწევისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე
  • სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტმა უკანონოდ გაათავისუფლა სამსახურიდან საჯარო მოსამსახურეები, აღნიშნული პირები აღადგინეს გამგეობის შესაბამის თანამდებობებზე და მათზე გაიცა იძულებითი განაცდური, საადვოკატო მომსახურების და სხვა ხარჯები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ, კანონმდებლობის შეუსაბამოდ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები გაიწია
  • მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი ფინანსური ანგარიშგების შესწავლისას გამოვლინდა ხარვეზები, რომლებიც არსებით და ყოვლისმომცველ გავლენას ახდენს ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი მონაცემების სისწორეზე.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.