სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მარტვილის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა 2014 წელს შეადგინა 10 768 ათასი ლარი, 2015 წელს 10 360 ათასი ლარ. სულ შემოწმებამ მოიცვა 21 128 ათასი ლარი. ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლინდა სხვადსხვა დარღვევა-ნაკლოვანებები, კერძოდ:
მუნიციპალიტეტის მიერ არ ხორციელდება იჯარით გაცემული ქონებიდან მისაღები შემოსავლების სათანადო კონტროლი, 2016 წლის 1 იანვრისათვის გადაუხდელმა საიჯარო ქირამ შეადგინა 7.2 ათასი ლარი, ხოლო მოიჯარეებზე არ არის დარიცხული და მოთხოვნილი 1.7 ათასი ლარის საჯარიმო სანქცია.
2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტის განკარგულებაში არსებული გრეიდერი გაქირავებულია მიმწოდებლებზე. 2014 წელს მისი ექსპლუატაციის დროს არასათანადო კონტროლის გამო მუნიციპალიტეტმა შესაძლოა ვერ მიიღო დაახლოებით 5.8 ათასი ლარის შემოსავალი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ 732 კვ.მ ფართში სხვადასხვა ორგანიზაციები ისეა განთავსებული, რომ მათზე ფართები გადაცემული არ არის, შედეგად მუნიციპალიტეტი ვერ იღებს შემოსავალს.
მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების განხორციელების დროს დადებულ ხელშეკრულებებში არ არის გათვალისწინებული მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისათვის საჯარიმო სანქცია. 5 მიმწოდებლის მიერ 2015 წელს შეწყვეტილია 65.8 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულებები, რაზედაც დაკისრებული არ არის საჯარიმო სანქცია.
2014 წელს მუნიციპალიტეტმა სტადიონის რეაბილიტაცის პროექტის ექსპერტიზაში გადაიხადა 6.4 ათასი ლარი. მიუხედავად ექსპერტიზის დადებითი დასკვნისა, სამუშაოების წარმოების პროცესში აღმოჩნდა, რომ პროექტი შეიცავდა არსებით უზუსტობებს, მასში შეტანილი იქნა ცვლილებები და მშენებლობისათვის დამატებით გამოიყო თანხები.
2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შესყიდულია 4 საბავშვო ბაღის მშენებლობის, ელექტროწისქვილის მოწყობის, ტრანსფორმატორის შეძენა-მონტაჟის სამუშაოები ღირებულებით 212.0 ათასი ლარი. პროექტები არ არის დასრულებული და შედეგად ვერ სარგებლობს მოსახლეობა.
ავტომანქანების რაოდენობა, რომლებიც ემსახურება მუნიციპალიტეტს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდირებულ ოდენობას 2014 წელს აღემატებოდა 3 ერთეულით, ხოლო 2015 წელს კი - 2 ერთეულით.
2015 წელს მუნიციპალიტეტში კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობით შეიძლება დასაქმებული ყოფილიყო 13 შტატგარეშე მოსამსახურე, ფაქტობრივად სხვადასხვა პერიოდში დასაქმებული იყო 16-დან 21-მდე მოსამსახურე.
2015 წელს, 2013 წელთან შედარებით ა(ა)იპ-ების შტატები გაზრდილია 77 ერთეულით. თუმცა დოკუმენტურად არ არის დასაბუთებული კონკრეტულად რა გარემოებებით იყო გამოწვეული შტატების ზრდა.
2014-2015 წლებში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეძენილი 2509.6 ათასი ლარის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება მიმწოდებლებზე ანაზღაურებულია კანონმდებლობის დარღვევით, ფაქტობრივი დანახარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე.
2015 წელს საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე გაცემულია 67.9 ათასი ლარი.
მუნიციპალიტეტში შიდა აუდიტის სამსახური შეიქმნა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაზე 9 თვის დაგვიანებით. 2014-2015 წლებში სამსახურს არ ჩაუტარებია გამგეობის სტუქტურული ერთეულების (სამსახურების) საქმიანობის აუდიტორული შემოწმება.