სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების გადასახდელები, ჯამში − 24,307.8 ათასი ლარი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის პრობლემები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რამაც ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრულ ვადებში მოსახლეობისთვის მიწოდება შეაფერხა;
მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროცესი ყველა ეტაპზე ხასიათდება სისტემური ხარვეზებით:
– სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით არ არის შერჩეული პროექტების დაწყებისა და დასრულების ოპტიმალური ვადები. მუნიციპალიტეტი შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადებს, ხშირ შემთხვევაში, ზრდიდა სათანადო დასაბუთების გარეშე;
– სამუშაოების გეგმა-გრაფიკისა და მიწოდების ვადების დარღვევისათვის მუნიციპალიტეტი არ იყენებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საჯარიმო სანქციებს, ან აწესებდა სანქციის მინიმალურ ოდენობას. ამასთანავე, არ ატარებდა საკმარის ღონისძიებებს საჯარიმო თანხების ამოსაღებად;
– მუნიციპალიტეტმა, არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთან ხელშეკრულების შეწყვეტის დროს, არ გამოიყენა ხელშეკრულებით მინიჭებული უფლება და არ მოითხოვა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხების ანაზღაურება;
– მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემა, ზოგ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დადგენილ ხარისხს;
– მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა ჩაიბარეს შეუსრულებელი სამუშაოები,რომელთა გამოვლენა დათვალიერების შედეგადაც შეიძლებოდა.
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის პროცესი ხასიათდება არსებითი ხარვეზებით: მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის დამადასტურებელი ხელშეკრულებები, ქონების აუდიტორული შეფასებები და მონაცემები მისაღები სარგებლის შესახებ;
მუნიციპალიტეტმა დაარღვია შრომითი ხელშეკრულებებით დაქირავებულთა რაოდენობრივი ზღვარი და 2018 წლის 11 თვის განმავლობაში დაიქირავა დასაშვებზე, საშუალოდ,შვიდი პირით მეტი;
მუნიციპალიტეტმა, საკრებულოს იმ თანამშრომლებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები. ხარჯების ასანაზღაურებლად თანხები გასცა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე;
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვის პროცესი წარიმართა ხარვეზებით და გაწეულია არაეკონომიური ხარჯები;
მუნიციპალიტეტმა წარმომადგენლობითი ხარჯები, რიგ შემთხვევაში, გასწია შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, რაც შეიცავს საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური ხარჯვის რისკებს;
მუნიციპალიტეტმა, ზოგიერთ შემთხვევაში, საქონელი/მომსახურება შეისყიდა ხელშეკრულების გაფორმებამდე, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობას. ამასთანავე, არ არის დაცული შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულების წინასწარი განსაზღვრის, ეკონომიის მიღების, შესყიდვის ობიექტის ხარისხის უზრუნველყოფის და სხვა ძირითადი პრინციპები;
მუნიციპალიტეტმა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზების მომსახურება შეისყიდა ინტერესთა კონფლიქტის პირობებში, ხარვეზებით შედგენილი სატენდერო დოკუმენტაციით;
2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტს არ მიუღია შემოსავალი ფიზიკური პირებიდან დასუფთავების მოსაკრებლის სახით. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია გადამხდელთა ბაზისა და გადასახდელი მოსაკრებლების მოცულობის შესახებ;
შესაბამისი შრომითი რესურსის არსებობის პირობებში, მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის აუცილებლობა;
მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურს დებულებით გათვალისწინებული ფუნქციები და მოვალეობები 2017-2018 წლებში არ შეუსრულებია, კერძოდ, არ ჩაუტარებია აუდიტორული შემოწმებები და არ გაუცია რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებისათვის.