სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მოქალაქეთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტი, რომლის მიზანია სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად ქმედითი რეკომენდაციების გაცემა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ადვოკატთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფის ხარვეზები
იურიდიული დახმარების ბიუროს სასწავლო ცენტრის 5-წლიანი სტრატეგიული დოკუმენტი სამსახურის მიერ არ არის დამტკიცებული და განსახორციელებელი აქტივობები წლების მიხედვით განსაზღვრული არ არის, რაც ართულებს მიღწეული შედეგების გაზომვას და პროგრესის შეფასებას. ასევე, ადვოკატთა გადამზადების გეგმის შესამუშავებლად, საჭიროებების კვლევის მეთოდებით განსაზღვრული აქტივობები არასრულყოფილად ხორციელდება, რაც ართულებს ადვოკატების საჭიროებაზე მორგებული ტრენინგების უწყვეტ რეჟიმში მიწოდების პროცესს.
სამსახურის ცნობიერების ამაღლების მიზნით გაწეული ღონისძიებების ნაკლოვანებები
2020 წლამდე სამსახურს არ გააჩნდა უნიფიცირებული პრეზენტაციების შემუშავების სტანდარტი. შესაბამისად, მომზადებული პრეზენტაციები ძირითადად წარმოდგენილი იყო ნორმატიულ აქტებში არსებული ჩანაწერების სახით, არ იყო სათანადოდ ილუსტრირებული და მონაწილეთათვის ადვილად აღქმადი.
არ აღრიცხავდნენ დამსწრე პირებს და არ შედგენილა კმაყოფილების კითხვარი, რაც აფერხებს პრეზენტაციების ფორმატისა და შინაარსის გაუმჯობესებას. ასევე, აუდიტის პერიოდში სამსახურს არ ჰქონდა შემუშავებული გასვლითი ღონისძიებების შედეგების შეფასების მეთოდოლოგია, რაც ხელს უშლის პრეზენტაციების ეფექტიანად დაგეგმვას.
იურიდიული დახმარების ასანაზღაურებელი ხარჯების მოთხოვნის ნაკლოვანებები
სასამართლოს მიერ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების შემთხვევებში, 2019-2020 წლებში სამსახურს არ მოუთხოვია იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება. შედეგად, არ ხდება ბიუჯეტში სათანადო სახსრების მობილიზება. ვინაიდან, სამსახურში სრულად არ აღირიცხება აღნიშნული კატეგორიის სასამართლო გადაწყვეტილებები დავის საგნის ღირებულების მითითებით, შეუძლებელია ბიუჯეტში მისამართი თანხების ზუსტი ოდენობის დადგენა.
იურიდიული მომსახურების ხარისხის კონტროლის ნაკლოვანებები
იურიდიული დახმარების სამსახურის მცდელობის მიუხედავად, გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების მუდმივმოქმედი წესი და კრიტერიუმები ამ ეტაპამდე სრულყოფილად არ არის დანერგილი. შესაბამისად, სამსახური ვერ ახორციელებს გაწეული მომსახურების ხარისხის სათანადოდ შეფასებას.
ადვოკატებისათვის საქმეთა გადანაწილების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები
2019-2020 წლებში იურიდიული დახმარების სამსახურში საქმეების გადანაწილების პრინციპი არ ითვალისწინებდა ადვოკატების დატვირთულობის კრიტერიუმს. შესაბამისად, არსებობდა ადვოკატებზე საქმეთა არათანაბარი გადანაწილების რისკი, რაც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მომსახურების ხარისხზე. აღსანიშნავია, რომ ადვოკატთა დატვირთულობის სრულყოფილი ანალიზი ვერ ხორციელდება, ვინაიდან სამსახურში საქმისწარმოების მოდული (case-bank) საპილოტე რეჟიმშია.
უფასო იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის ნაკლოვანებები
ოჯახის წევრთა შორის კონფლიქტის ან ერთობლივ შემოსავალზე შეზღუდული წვდომის არსებობის შემთხვევაში, ბენეფიციარის გადახდისუუნარობის შეფასებისას, სარეიტინგო ქულა გაეროს სახელმძღვანელო წესების მიხედვით, გამოითვლება ინდივიდუალურად, ხოლო საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მაჩვენებელი იანგარიშება ოჯახის მონაცემებზე დაყრდნობით. გამომდინარე იქიდან, რომ ვერც კანონმდებლობით გათვალისწინებული „საგამონაკლისო წესი“ ფარავს სრულად ასეთ პირთა წრეს, არსებობს რისკი − ოჯახში კონფლიქტის ან ერთობლივ შემოსავალზე შეზღუდული წვდომის შემთხვევაში, პირმა ვერ ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარებით.