სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური საქმიანობა 01 ივლისი, 2022
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ღონისძიებები - აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2021, 2020, 2019, 2018, 2017, 2016, 2015, 2014

მცირე და საშუალო საწარმოები (SME) მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებაში. კარგად განვითარებული SME-ის სექტორი უზრუნველყოფს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ეკონომიკის ზრდას და ხელს უწყობს ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებას. 

განახლებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი საწარმოების 99.7% SME-ს  მიეკუთვნება. SME-ის წილს კლების ტენდენცია აქვს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობასთან მიმართებით, თუმცა ბიზნესსექტორის მიერ შექმნილ მთლიან დამატებულ ღირებულებაში, წილი ზრდის ტენდენციით გამოირჩევა.

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, SME-თვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ამასთანავე, SME-ში მაღალია ისეთი კომპანიების წილი, რომელთაც უჭირთ საბანკო კრედიტის მოპოვება. 

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის კერძო სექტორის განვითარება, განსაკუთრებით − მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა. 2016 წელს დამტკიცდა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია, რომლითაც განისაზღვრა შესაბამისი მხარდაჭერის მიმართულებები.

2014 წელს შეიქმნა სააგენტო − „აწარმოე საქართველოში“, რომლის ძირითად ფუნქციას მეწარმეობის, მათ შორის, SME-ის მხარდაჭერა წარმოადგენს. სააგენტოს მიერ ხორციელდება ამავე დასახელების პროგრამა, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული პროგრამების დაგეგმვასა და მონიტორინგს აწარმოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.  

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეაფასა სააგენტოსა და სამინისტროს მიერ მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. აუდიტის ფარგლებში შეფასდა პროგრამის ინდუსტრიული მიმართულება, რომლის ძირითადი კომპონენტია − მეწარმეების მიერ ახალი საწარმოების შექმნის ან/და არსებული საწარმოების გაფართოება/გადაიარაღების მიზნით აღებული სესხების საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება. აუდიტის პერიოდი 2014-2021 წლებს მოიცავს. 

პროგრამის ორიენტირება მეწარმეთა საჭიროებებზე 

პროგრამის დაწყების პერიოდში ჩატარებული კვლევების მიხედვით, SME-თვის ფინანსებზე წვდომის მიმართულებით ძირითადი საჭიროებები იყო: 

  1. ახალი საწარმოების/„სტარტაპების“ დაფინანსების მექანიზმების განვითარება. 
  2. მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიმართულებით დახმარება იმ საწარმოებისათვის, რომელთაც შედარებით მეტად აწუხებდათ ეს პრობლემა. 
  3. ხელშეწყობა უზრუნველყოფის მაღალი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. 

პროგრამის დიზაინით განსაზღვრული პარამეტრები ნაკლებად უწყობდა ხელს SME- ის პრიორიტეტული საჭიროებების მოგვარებას და არ ქმნიდა დამატებით ხელშეწყობის მექანიზმებს ისეთი კომპანიებისა და დარგებისათვის რომელთა დაკრედიტებაც მოქმედი საბანკო სისტემის პირობებში მეტ გამოწვევებთან არის დაკავშირებული: 

  • იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კომერციული ბანკები სტარტაპების დაფინანსებისაგან თავს იკავებენ სხვა ბიზნესის შემოსავლებით უზრუნველყოფის გარეშე, მნიშვნელოვანია პროგრამას ჰქონოდა სტარტაპების დაფინანსების ხელშეწყობის დამატებითი მექანიზმები. პროგრამის დიზაინის მიხედვით, სტარტაპებისა და არსებული საწარმოების გაფართოების დაფინანსების მექანიზმები ერთმანეთისაგან არ განსხვავდებოდა. აღნიშნული ქმნის რისკებს, რომ პროგრამის ფარგლებში ვერ დაფინანსებოდა სტარტაპები და დაფინანსებული ახლად შექმნილი საწარმოების უმეტესობა აფილირებული კომპანიები იქნებოდა.
  • პროგრამა არ ქმნიდა დამატებით სტიმულებს ქვეყანაში განუვითარებელი სექტორებისა და საქმიანობებისათვის იმ პირობებში, როდესაც კომერციული ბანკები უპირატესობას კარგად განვითარებული, ტრადიციული დარგების დაფინანსებას ანიჭებენ. 
  • როგორც ანალიზმა აჩვენა, SME სესხებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები მეტწილად მეწარმე ფიზიკური პირებისა და შედარებით მცირე მოცულობის სესხების პარამეტრებით იყო განპირობებული. მიუხედავად ამისა, პროგრამის დიზაინი არ ითვალისწინებდა ფიზიკური პირებისა და შედარებით მცირე სესხების დაფინანსებას. ამასთანავე, პროგრამაში მონაწილებდნენ როგორც მცირე და საშუალო, ასევე − მსხვილი კომპანიები.
  • სესხის უზრუნველყოფის მიმართულებით, პროგრამა სათანადოდ ვერ პასუხობდა კრედიტზე შეზღუდული წვდომის მქონე მეწარმეების საჭიროებებს. პროგრამა ითვალისწინებდა მხოლოდ მეორადი უზრუნველყოფის მექანიზმს, რაც, საჭიროების შემთხვევაში, კომერციული ბანკებისთვის დამატებითი უზრუნველყოფის გარანტიებს ქმნიდა, თუმცა, აღნიშნული მექანიზმი მნიშვნელოვნად არ უმსუბუქებდა მეწარმეებს ბანკის მხრიდან მოთხოვნილი უზრუნველყოფის მოცულობას და მისი გამოყენების მაჩვენებლები დაბალი იყო. ამ მიმართულებით დადებით ცვლილებას წარმოადგენს საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და 2020 წლიდან ამოქმედდა.

აუდიტის პერიოდში სააგენტოს არ ჰქონდა განსაზღვრული პროგრამის შედეგების შეფასებისათვის საჭირო ინდიკატორები და არ აგროვებდა მათ შესაფასებლად საჭირო მონაცემებს.

მეწარმეთა საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორებიდან, აღსანიშნავია ქვეყანაში არსებულ მონაცემთა ნაკლოვანებები. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სააგენტოსა და ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული SME-ის განსაზღვრებები ერთმანეთისაგან განსხვავდება. აღნიშნული ართულებს SME-ის განვითარების ტენდენციებისა და საჭიროებების რეალისტურ შეფასებასა და მონაცემების ეფექტიან გამოყენებას მეწარმეობის ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. 

პროგრამაში მონაწილე საწარმოების ფინანსური მაჩვენებლების ცვლილების შეფასება 

აუდიტის ჯგუფმა შეადარა საკვების/სასმელისა და სამშენებლო მასალების სექტორებიდან პროგრამაში მონაწილე კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები, იმავე სექტორებში არსებული სხვა კომპანიების მაჩვენებლებს. როგორც შედარებამ აჩვენა, ბენეფიციარ კომპანიებს, უმეტეს შემთხვევაში, არ ჰქონდათ უკეთესი მაჩვენებლები შემოწმებული ფინანსური პარამეტრების მიმართულებით. 

პანდემიის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები 

პანდემიის საპასუხოდ მნიშვნელოვნად შეიცვალა პროგრამის პარამეტრები − დაიწია პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭირო სესხის მოცულობის ქვედა ზღვარი, გაიზარდა დაფინანსებული საქმიანობების სახეები და დაფინანსების პერიოდი. ამასთანავე, პროგრამა უფრო მეტად ორიენტირებული გახდა მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებაზე პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა პროგრამაში მონაწილე კომპანიების რაოდენობა და მათ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა.

სააგენტომ ასევე განახორციელა დროებითი დახმარების ღონისძიებები პანდემიით დაზარალებული ისეთი სექტორებისათვის, როგორიცაა: 

  • სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია; 
  • ფიტნესცენტრები, საბავშვო ბაღები და ღონისძიების ორგანიზატორები; 
  • ამოქმედდა იპოთეკური კრედიტის მხარდაჭერის პროგრამა. 

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულმა მეწარმეთა გამოკითხვამ აჩვენა, აღნიშნული დროებითი პროგრამების ბენეფიციარებისათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ ძირითად საჭიროებად რჩება. ასევე დაბალია მეწარმეთა ინფორმირებულობა სააგენტოს მიერ პანდემიის საპასუხოდ გატარებული პროგრამების შესახებ.
 

რეკომენდაცია:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 

  • SME-ის საჭიროებებზე ორიენტირების მიზნით, სამინისტრომ ჩაატაროს SME-ის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებული საჭიროებების დეტალური ანალიზი და უკეთესი პრაქტიკის გათვალისწინებით (ფინანსებზე შეზღუდული წვდომის მქონე საწარმოების დახმარება, ახალი სექტორებისა და პროდუქტების განვითარება, პროდუქტიულობის ზრდისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და სხვ.) განიხილოს პროგრამის შემდგომი დახვეწის შესაძლებლობა. 
  • მცირე და საშუალო საწარმოების საჭიროებების საპასუხოდ, შესაბამისი პროგრამების ეფექტიანად შემუშავების წინაპირობების შექმნისათვის, სამინისტრომ უზრუნველყოს იმ გარემოებების იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებს SME-თან დაკავშირებით სათანადო ანალიზის ჩატარებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით (ეროვნული ბანკი, საქსტატი, საერთაშორისო დონორები), ხელი შეუწყოს შესაბამისი მონაცემების შეგროვებას