სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 14 თებერვალი, 2020
ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017, 2016, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა  ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის 2015-2018 წლების საქმიანობა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

შრომის ანაზღაურება
ხელფასის დარიცხვის საფუძვლების ნაკლოვანებები მინისტრის აპარატში წარმოებული აღრიცხვის ჟურნალის ფორმა არ შეესაბამებოდა შინაგანაწესით დამტკიცებულს. აუდიტის პერიოდში რამდენიმე თანამშრომელი აღრიცხვის ჟურნალში არ ფიქსირდება. მინისტრის აპარატი არ ახორციელებს თანამშრომლების სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან გასვლის სათანადო აღრიცხვას და შესაბამის კონტროლს. შესაბამისად, შეიქმნა ხელფასების არასწორად (უსაფუძვლოდ) გაანგარიშების/გაცემის რისკები.

ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმების ხარვეზები
მინისტრის აპარატში 2018 წელს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხოვნობამ გადააჭარბა კანონმდებლობით მოთხოვნილ ნორმას. მინისტრის აპარატმა არ გაითვალისწინა საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაცია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის ზრდის მიზანშეუწონლობაზე და აფხაზეთის ა/რ მთავრობამ, აღნიშნული რეკომენდაციის შესახებ შეუტყობინებლობის პირობებში, დაამტკიცა გაზრდილი რიცხოვნობით წარდგენილი საშტატო ნუსხა. აღნიშნულით შეიქმნა საჯარო ფინანსების არამართლზომიერად ხარჯვის რისკები.

არასწორად გადახდილი გადასახადები
დაფიქსირდა 2015-2016 წლებში საზღვარგარეთ განხორციელებულ პროექტებში მონაწილე არარეზიდენტი პირების კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ საშემოსავლოსა და დღგ-ის გადასახადებით დაბეგვრის ფაქტები. ასევე საშემოსავლო გადასახადის არასწორი გაანგარიშების გამო, ზედმეტად დაკავებული საშემოსავლო გადასახადისა და განაცემთა ინფორმაციაში რამდენიმე ტექნიკური შეცდომის ფაქტები.

შტატგარეშე მოსამსახურეთა/შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების არამართლზომიერება
მინისტრის აპარატში შტატგარეშე მომუშავეთა დასაქმება ხორციელდებოდა ხანგრძლივი პერიოდით, მუდმივი ხასიათის სამუშაოების შესასრულებლად. აგრეთვე არ მოიპოვებოდა შტატგარეშე თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში რაიმე ფორმით, რომლითაც დადასტურდებოდა მათ მიერ შესრულებული კონკრეტული სამუშაოს (მომსახურების) შედეგი და აქედან მიღებული სარგებელი. ვერ ხერხდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ ზოგიერთი პირის მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოს იდენტიფიცირება, ასევე ვერ დასტურდება მათი დასაქმების აუცილებლობა და რიგ შემთხვევებში მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მიზანი. შესაბამისად, ფიქსირდება საჯარო ფინანსების არამართლზომიერად ხარჯვის ფაქტები.

დაუსაბუთებელი წარმომადგენლობითი ხარჯები
დაფიქსირდა მინისტრის აპარატის მიერ „წარმომადგენლობითი ხარჯის“ მუხლით პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ხარჯვის ისეთი ფაქტები, რომელთა შემთხვევაში სასტუმროს მომსახურების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტით შეუძლებელია იმ პირთა იდენტიფიცირება, რომელთაც გაეწიათ აღნიშნული მომსახურება. შესაბამისად, ფიქსირდებაა საბიუჯეტო სახსრების არადანიშნულებით (არამიზნობრივად) ხარჯვის შემთხვევები.

ავტოსატრანსპორტო ხარჯების ნაკლოვანებები
მინისტრის აპარატი 2015 წლის 28 სექტემბრამდე არ აწარმოებდა სამსახურებრივი მანქანის მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალს, ხოლო 2015-2018 წლებში წარმოებულ ჟურნალში მითითებული იყო მხოლოდ მანქანის გაყვანის თარიღი და დრო, ხოლო მისი დაბრუნების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა. ასევე დაფიქსირდა სამსახურებრივ ავტომობილში სამუშაო და არასამუშაო დღეებში საწვავის ჩასხმის ფაქტები, მაშინ როდესაც ჟურნალში არ იყო დაფიქსირებული ავტომანქანის მოძრაობის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია. შესაბამისად, არასათანადო კონტროლის გამო, შეიქმნა ავტომანქანის არადანიშნულებით გამოყენებისა და მის მოვლა-შენახვაზე ხარჯების არამიზნობრივად გაწევის რისკები.

არაფინანსური აქტივები ძირითადი საშუალებების ღირებულებითი შეფასების ხარვეზები
მინისტრის აპარატის მიერ 2018 წელს განხორციელებული სარემონტო სამუშაოების შედეგად საოფისე შენობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, თუმცა საოფისე ფართის საბალანსო ღირებულება არასწორად გაიზარდა მხოლოდ სახურავის შეკეთების ღირებულებით. ასევე, 2018 წელს პროგრამის − „შევისწავლოთ აფხაზური ენა“ ფარგლებში შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე შქმნილი აფხაზური ენის შემსწავლელი ანიმაციური ვიდეოდისკის ღირებულებითი შეფასება განხორციელდა არასწორად. გარდა აღნიშნულისა, ფიქსირდება რიგ აქტივებზე არასწორი ცვეთის ნორმის გამოყენებითა და ღირებულებითი შეფასების დროს დაშვებული შეცდომები.

აქტივების განკარგვის ნაკლოვანებები
აუდირებულ პერიოდში მინისტრის აპარატში აქტივების შეძენა და მატერიალურად  პასუხისმგებელი პირის მიერ მათი შეძენის დროს მიღების შემდეგ უშუალოდ აქტივის მიმღებ თანამშრომლებზე გადაცემა ხორციელდებოდა ზეპირსიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. მინისტრის აპარატში ბრძანებით განსაზღვრული მატერიალურად პასუხისმგებელ პირი არ აწარმოებდა ძირითადი აქტივების, გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივებისა და
ფასეულობების საინვენტარო სიებს.

აქტივების ინვენტარიზაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა
მინისტრისათვის 2017 წლის ივლისში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების დაგვიანებით წარდგენის გამო, მინისტრის აპარატში 2017 წელს ფაქტობრივად არ ჩატარებულა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო ინვენტარიზაცია. შესაბამისად, ადმინისტრაციული სამსახურის არაჯეროვანი საქმიანობისა და მინისტრის აპარატის არასათანდო კონტროლის გამო, შეიქმნა არაფინანსური აქტივების დაკარგვის, დატაცების ან/და არამიზნობრივად გამოყენების რისკები. 

პროგრამული ხარჯები პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ნაკლოვანებები 
მინისტრის აპარატის მიერ დამტკიცებული ქვეპროგრამების შინაარსი ზოგადია და ატარებს ფორმალურ ხასიათს. წარმოდგენილი ინფორმაციით, შეუძლებელია დადგინდეს დეტალურად რა უნდა განხორციელდეს და ვისი ჩართულობით, კონკრეტულად ვის შეეხება პროგრამა/ქვეპროგრამა, როგორ უნდა მოხდეს მათი შერჩევა, ბენეფიციართა შეფასების კრიტერიუმები, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და სხვ. გარდა ამისა, პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დაგეგმილი, ასევე სხვა პროექტების (სხვა დონის ბიუჯეტიდან მოზიდული სახსრებით) განხორციელების ეტაპზე დოკუმენტურად ვერ დასტურდება როგორ განხორციელდა პოტენციურ კონკურსანტთა მოსაზიდად პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ასევე არ ხორციელდებოდა იმ ბენეფიციართა რეგისტრაცია/აღრიცხვა, რომლებმაც კონკრეტულ პროექტებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს. ობიექტის მიერ წარმოდგენილ იქნა ბენეფიციართა პირველადი (მსურველთა) და საბოლოო (შერჩეული) სიები, თუმცა შეუძლებელია მათი სისრულის დადასტურება აღრიცხვის არარსებობის გამო. შესაბამისად, ვერ დგინდება: სრულად რამდენმა კონკურსანტმა მიიღო შერჩევაში მონაწილეობა და როგორ განხორციელდა მათგან მონაწილე პირთა შერჩევა.

სახელმწიფო შესყიდვები არამიზნობრივად განხორციელებული შესყიდვა
2015-2017 წლებში მინისტრის აპარატს გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება მის მიერ ჩატარებული ღონისძიების შესახებ ინფორმაციისა და ნიუსების შპს „ინფონიუსის“ ვებგვერდზე განთავსების მომსახურებაზე. თუმცა დადგინდა, რომ მინისტრის აპარატის მიერ ჩატარებული არცერთი ღონისძიება არ იყო გაშუქებული ან/და განთავსებული საინფორმაციო საგენტოს ვებგვერდზე, რაც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ობიექტი არ აწვდიდა სააგენტოს მასალას გამოსაქვეყნებლად. შესაბამისად, დაფიქსირდა საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად და არამართლზომიერად ხარჯვის ფაქტები.

ბუღალტრული აღრიცხვა ხარჯებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ნაკლოვანებები
მინისტრის აპარატის ბუღალტრულ რეგისტრებში ხარჯებსა და მატერიალურ ფასეულობებზე განხორციელებული ოპერაციების აღრიცხვა წარმოებდა დადგენილი წესის მოთხოვნების შეუსაბამოდ, არასწორ ანაგრიშებზე, ასევე ფიქსირდებოდა შეცდომები 2015-2018 წლების ფინანსურ ანგარიშგებებზე ინფორმაციის ასახვისას. შესაბამისად, მინისტრის აპარატის მიერ კანონმდებლობით დადგენილ ბუღალტრულ რეგისტრებში ხარჯებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის დროს არ იყო დაცული სისწორის, სისრულის, არსებითობისა და საიმედოობის პრინციპები, რითაც შეიქმნა მატერიალური ფასეულობების არამიზნობრივად გამოყენების რისკები. 

კონტროლის სისტემა შიდა კონტროლის სიტემის ნაკლოვანებები 
მინისტრის აპარატში არსებული კონტროლის გარემო იყო არადამაკმაყოფილებელი. კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფდა შეცდომებისა და უზუსტობების თავიდან აცილებას/პრევენციას, ან გამოვლენას/გასწორებას. შესაბამისად, იქმნებოდა საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერად ხარჯვისა და მატერიალური ფასეულობების არამიზნობრივად გამოყენების რისკები.
 

რეკომენდაცია №1:
მინისტრის აპარატმა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეიმუშაოს და დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს დასაქმებულთა ნამუშევარი დროის სათანადოდ აღრიცხვასა და დოკუმენტირებას, რაც ხელს შეუწყობს კადრების ეფექტიან მართვასა და სამუშაო რესურსის ეფექტიანად გამოყენებას.

რეკომენდაცია №2:
მინისტრის აპარატმა უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით მოთხოვნილი საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომ − ბიურო) რეკომენდაციის შესრულება და აღნიშნულ კანონშეუსაბამობასთან დაკავშირებით განიხილოს შესაბამის პასუხისმგებელ პირთა საკითხი.

რეკომენდაცია №3:
მინისტრის აპარატმა შეიმუშაოს ისეთი კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო გადასახადების გაანგარიშების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დაცვას. ამავდროულად, განხორციელდეს თანამშრომელთათვის არასწორად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის თანხის უკან დაბრუნება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი გადასახადების აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკურ ბიუჯეტში აღდგენა.

რეკომენდაცია №4:
შრომითი ხელშეკრულებით მოსამსახურეების დასაქმება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მხოლოდ მინისტრის აპარატის საჭიროებებიდან გამომდინარე, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ მოთხოვნილ იქნეს ანგარიშების წარმოდგენა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად და ეფექტიანად ხარჯვის კონტროლი.

რეკომენდაცია №5:
მინისტრის აპარატში შემუშავდეს და დაინერგოს ავტომანქანების გამოყენებისა და გაწეული ხარჯების სათანადო კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საბიუჯეტო რესურსების მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებას.

რეკომენდაცია №6:
მინისტრის აპარატის მიერ შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი პროგრამის დამტკიცების წესი, რომელიც მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას პროგრამის მიზნობრიობის, განსახორციელებელი ღონისძიებების, სამიზნე ჯგუფებისა (ბენეფიციართა შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები) და ბიუჯეტის შესახებ. ასევე პროგრამის  განხორციელების პროცესში დაინერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს პროგრამის ბენეფიციართა შერჩევის მეტ გამჭვირვალობასა და სამართლიანობას, რაც ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების მართლზომიერ ხარჯვას.

რეკომენდაცია №7:
მინისტრის აპარატმა განახორციელოს შეცდომით წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების კორექტირება/დაზუსტება. ასევე შემუშავდეს აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესის ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბუღალტრული ოპერაციების კანონმდებლობის მოთხოვნებისა და აღრიცხვის ინსტრუქციის დაცვით წარმოებას.

რეკომენდაცია №8:
მინისტრის აპარატმა შეიმუშაოს ისეთი კონტროლის პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს ეფექტიან კონტროლს სამეურნეო ოპერაციების განხორციელების ყველა ეტაპზე, ასევე საჯარო რესურსების კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ, არამიზანშეწონილად ხარჯვისა და არაეფექტიანად მართვის შემთხვევების დროულ გამოვლენასა და პრევენციას, რაც მინიმუმამდე შეამცირებს მიმდინარე პროცესებში არსებულ რისკებს.