სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ (პროგრამის კოდი: 01.00) და „ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ (პროგრამის კოდი: 03.00) პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:
- „წარმომადგენლობითი ხარჯების“ გაწევის ბრძანებებში არ არის აღნიშნული ჩასატარებელი ღონისძიების დასახელება, სტუმრობის მიზანი, სტუმრებისა და მასპინძლების ოდენობა და სხვა მონაცემები. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის მიზანშეწონილობა დოკუმენტურად არ არის დადასტურებული
- მუნიციპალიტეტმა დაარღვია მის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი საწვავის ხარჯვის ნორმები. შედეგად, განსაზღვრულთან შედარებით მეტი საწვავი გაიხარჯა შესაბამისი დასაბუთების გარეშე. მუნიციპალიტეტმა ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯის გაწევისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე
- სატენდერო კომისიამ დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ერთ შემთხვევაში კანონმდებლობის დარღვევით განახორციელა, შედეგად სამუშაოები შეისყიდა უფრო მაღალი ღირებულებით და ბიუჯეტიდან გასწია არაეკონომიური ხარჯი
- სატენდერო კომისიამ სამუშაოს შესყიდვისას, ერთ შემთხვევაში ტენდერი შეწყვიტა დაუსაბუთებლად, არაარსებითი მიზეზით. მუნიციპალიტეტმა ახალი ტენდერით სამუშაოები შეისყიდა უფრო ძვირად და გასწია არაეკონომიური ხარჯი
- ერთ შემთხვევაში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ სავარაუდო ღირებულების მაღალი ფასით განსაზღვრამ, კონკურენციის არარსებობის პირობებში, არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვია
- აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ორ შემთხვევაში, დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს მიმწოდებლებისათვის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადაში ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით. შედეგად, მოსახლეობამ ვერ მიიღო პროექტით გათვალისწინებული სარგებელი გრძელვადიან პერიოდში
- ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას, სამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ობიექტის დასრულება და ფუნქციონირება, რადგან არ გაითვალისწინა საჭირო ფინანსური რესურსი. შედეგად, მოსახლეობა შექმნილი მატერიალური სიკეთით ვერ სარგებლობს და პროექტებზე გაწეული ხარჯი არ არის ეფექტიანი
- ცალკეული ხელშეკრულების შესრულებისას, მუნიციპალიტეტის მიერ არ არის გამოყენებული საჯარიმო სანქციები ან დარიცხული საჯარიმო თანხის მიღებისათვის გამგეობას არ გაუტარებია დამატებითი სამართლებრივი ღონისძიებები. შედეგად, მოსახლეობამ დროულად ვერ მიიღო პროექტით გათვალისწინებული სარგებელი, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ არის მიმართული შესაბამისი ფინანსური რესურსი
- მუნიციპალიტეტმა რიგი სამშენებლო სამუშაოები შეისყიდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ობიექტები ჩაბარებულია და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებული პრაქტიკით იწვევს საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურებას
- მუნიციპალიტეტს არ შეუდგენია პერიოდული და წლიური ფინანსური ანგარიშგებები. შედეგად ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს არ წარედგინება ზუსტი და სრული ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ
აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.