სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 04 მარტი, 2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2020, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც მოცემული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 13.5% და 12.5% დააკლდა.

სახელმწიფო შესყიდვების მართვა

აფიდავიტის დარღვევის რისკი - ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვისას, ერთ შემთხვევაში გამოვლინდა რისკი, რომ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს, არსებული გარემოების გამოსავლენად, შესაბამისი ღონისძიებები არ განუხორციელებია.

არასამართლიანი დისკვალიფიკაცია - მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის განხორციელებისას, დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია მიანიჭა არასამართლიანად და ხელშეკრულება გააფორმა მაღალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტთან, რითაც დაკარგა 87.4 ათასი ლარის სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

სამუშაოების მიწოდების ვადის დაუსაბუთებელი ზრდა - შესყიდვების პროცესის კონტროლის სისუსტის გამო, მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად გაზარდა სამუშაოების დასრულების ვადა. შედეგად, მოსახლეობისთვის პროექტების მიწოდება გადაიდო გრძელვადიან პერიოდში, ხოლო ადგილობრივმა ბიუჯეტმა ვერ მიიღო კუთვნილი 214.2 ათასი ლარის საჯარიმო თანხა.

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა

ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ხარვეზები - ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, 3,984.4 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ შეუსწავლია პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები ზიანის ასანაზღაურებლად.

მოსახლეობის წყალმომარაგებაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია და გაწეულია მხოლოდ 1,084.6 ათასი ლარის ხარჯი. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით. სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.

ქონების მართვა და განკარგვა

ქონების მართვასა და განკარგვაში არსებული ხარვეზები - კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, მერიამ ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად მობილიზება, ხოლო საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. შედეგად, მუნიციპალიტეტი კარგავს ბიუჯეტში კუთვნილი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 107 ერთეულით აღემატებოდა კანონმდებლობით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დაფინანსება და საქმიანობა

მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობის ხარვეზები - დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ თანამშრომელთა საშტატო რიცხოვნობა საჭიროებებთან შედარებით, მაღალია. ზოგიერთი დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობები არ არის ნათელი და ცხადი და ვერ დასტურდება მათ მიერ შესრულებული სამუშაო.

მოსაკრებლები

დასუფთავების მიუღებელი მოსაკრებელი
მოსაკრებლების ადმინისტრირებაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, სრულად ვერ ხორციელდება დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება. მერიამ არ განახორციელა სათანადო ღონისძიებები იმ პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ მოსაკრებლის გადახდა.
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ:

  • ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად;
  • ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიიმართოს ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად.
  • ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ვადების განსაზღვრისას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სხვადასხვა ფაქტორი და პირობა, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს სამუშაოების დროულ დასრულებაზე. მიწოდების ვადების ცვლილება არ განახორციელოს დაუსაბუთებელი გარემოებებით და გაითვალისწინოს მხოლოდ ობიექტური და ფორსმაჟორული საფუძვლების არსებობა;
  • შეისწავლოს მიმწოდებლებზე საჯარიმო სანქციის დაურიცხაობის ყველა ფაქტი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. აღნიშნული ხელს შეუწყობს ფაქტობრივად შესასრულებელი სამუშაოების და რეალური ვადების განსაზღვრას და გააუმჯობესებს საბიუჯეტო ასიგნებების გეგმურ და თანაბარ ხარჯვას.
  • შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას;
  • შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა.
  • დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგების მოწესრიგებას და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას;
  • ღონისძიებათა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.
  • შეიმუშაოს კონტროლის სათანადო მექანიზმები, საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე თვითნებურად დაკავების თავიდან აცილების ან/და დროულად გამოვლენის მიზნით;
  • ჩაატაროს მიუღებელი საიჯარო თანხების ინვენტარიზაცია და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები კუთვნილი თანხების მისაღებად;
  • გამოავლინოს საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
  • შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა და განისაზღვრება საწვავისა და მოვლა-შენახვის ხარჯვის კონტროლის მექანიზმები;
  • საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები, მათ შორის, ალტერნატიულ პროცედურად შესაძლოა განხილულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციისას უფლებამოსილი პირების მიერ დამონტაჟებული საწვავის „ჩიპების“ მთლიანობის შემოწმება;
  • სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა.
  • შეისწავლოს დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა და არსებული საკადრო პოლიტიკა. განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს;
  • მნიშვნელოვანია გაანალიზდეს ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობები და მათზე დახარჯული სახსრების ეფექტიანობა. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს თანამშრომელთა სათანადო ფუნქციური დატვირთვა ან საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია.
  • საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, უზრუნველყოს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სრული ბაზის შექმნა და წლის განმავლობაში მისაღები მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება;
  • დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღები შემოსავლების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მობილიზებას.