სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური საქმიანობა 05 ივნისი, 2020
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გზების მოვლა-შენახვისა და რეაბილიტაციის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017, 2016, 2015, 2014

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მის ბალანსზე არსებული საავტომობილო გზების მდგომარეობის აღდგენაზე, განახლებასა და შემდგომ შენარჩუნებაზე ორიენტირებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი. აუდიტის პერიოდი მოიცავდა 2014−2018 წლებში განხორციელებულ საქმიანობებს, ხოლო შესწავლის მთავარ ობიექტს წარმოადგენდა საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

გზების მართვის კომპიუტერული პროგრამის უსაფრთხოებისა და მისი გამოყენების პროცესის მიგნებები

  • გზების ხარისხის ანალიზისთვის შეგროვებული ინფორმაცია დაუცველია. ამასთანავე, კომპიუტერულ პროგრამებს შორის ინფორმაციის არაავტომატიზებული გადატანა რისკის მატარებელია. დეპარტამენტს არ აქვს დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რაც უნდა უზრუნველყოფდეს მოპოვებული მონაცემების უსაფრთხო შენახვას;
  • არ არსებობს ადმინისტრირების სამსახურის საქმიანობის, ხელმძღვანელობის მიერ ფორმალურად დამტკიცებული, დეტალურად გაწერილი პროცედურები. შედეგად, სამსახურიდან კადრების დენადობამ შესაძლებელია გეგმების შედგენის პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხოს; არ არსებობს შესაკეთებელი მონაკვეთების შერჩევის დამტკიცებული მეთოდოლოგია. გზების მართვის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით შედგენილი შესაკეთებელი გზების სია საბოლოოდ ზუსტდება სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე, ისე, რომ ცვლილებები სათანადოდ არ არის დოკუმენტურად დასაბუთებული. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა, რამდენად ოპტიმალური იყო შესაკეთებელი გზების სიის კორექტირებასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

სამუშაო გეგმების შედგენისთვის მონაცემების შეგროვების ხარვეზები

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის გაზომვისათვის უქმე დღეების მონაცემების გათვალისწინება უზრუნველყოფს ინფორმაციის მეტი სიზუსტით მიღებას;
  • გარდა ზემოაღნიშნულისა, ძვირადღირებული ტექნიკის დაზღვევის ხელშეკრულებები დაგვიანებით ფორმდებოდა, რის შედეგადაც რამდენიმე შემთხვევაში დეპარტამენტმა ტექნიკა დაზღვევამდე გამოიყენა. დაზღვევის დაგვიანებამ, შესაძლებელია მომავალში გარკვეული გავლენა მოახდინოს გზების შეკეთების გეგმის შედგენის პროცესზე.

გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების ხარვეზი

  • გზების მოვლა-შეკეთებასთან დაკავშირებული ტენდერების გამოცხადებისას, სავარაუდო სახელშეკრულებო ღირებულებები დეპარტამენტმა განსაზღვრა, დაახლოებით, 200 მლნ ლარის ოდენობით. სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო სამი წლის განმავლობაში, თუმცა ორ წელიწადში კონტრაქტორებს ზემოაღნიშნული თანხის 86% უკვე ათვისებული ჰქონდათ; აღნიშნული შესაძლოა გამოწვეული იყოს ზედამხედველი კომპანიის და დეპარტამენტის მიერ არასათანადოდ განხორციელებული კონტროლით. შედეგად, საჭირო გახდა 2019 წლისათვის კონტრაქტორების მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი სახსრების მობილიზება.
  • კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის მიზნებისთვის საგარანტიო პერიოდში IRI-ის (გზების უსწორმასწორობის საერთაშორისო ინდექსი) მონაცემების გამოყენებამ შესაძლოა გააუმჯობესოს შესრულებული სამუშაოების ხარისხი.

ზამთრის პერიოდში გზების მოვლის ღონისძიებების ნაკლოვანებები

  • ზამთრის პერიოდში განხორციელებული სამუშაოები ხასიათდებოდა ხარვეზებით. სტანდარტული ხელშეკრულებები, რომლებსაც დეპარტამენტი წლების განმავლობაში კონტრაქტორებთან აფორმებდა, შეიცავდა ზოგად განმარტებებს, რის შედეგად, რთულდებოდა შესრულებული სამუშაოების ხარისხის გადამოწმება. ამასთანავე, დეპარტამენტი 2014−2018 წლებში სისტემატურად არ ახორციელებდა დანერგილი კონტროლის მექანიზმის მონიტორინგს, რაც ზრდიდა სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების რისკს.

მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტით გზების საფარის დაზიანება

  • დეპარტამენტს არ აქვს შესწავლილი ზენორმატიული წონის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის საკითხი, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს გზის საფარს. აღნიშნულთან დაკავშირებით სტატისტიკის წარმოება დეპარტამენტს მისცემს საშუალებას გამოავლინოს გზის მონაკვეთები, რომლებიც ყველაზე ხშირად ზიანდება და დაზიანების გამომწვევი მიზეზები (კონკრეტული კარიერი, მშენებლობა, სტიქიური შემთხვევები თუ სხვა ფაქტორები). დეპარტამენტს ასევე მიეცემა შესაძლებლობა მიმართოს შსს-ს, დარღვევების პრევენციული ღონისძიებების ჩასატარებლად.

მონიტორინგის პროცესის ხარვეზები

  • დეპარტამენტი არ ითხოვდა ზედამხედველისგან მათი თანამშრომლების მიერ შემოწმებებზე ყოველდღიური გასვლის დამადასტურებელი მონაცემების წარმოდგენას. შესაბამისად, დეპარტამენტი არ ფლობდა განახლებულ ყოველდღიურ სანდო ინფორმაციას ზედამხედველების მიერ განხორციელებული შემოწმებების შესახებ. მობილური ტელეფონის აპლიკაციით ინფორმაციის გაცვლის პრაქტიკა არ იყო სათანადო კონტროლის მექანიზმი;
  • გარდა ზემოაღნიშნულისა, არსებობს ინტერესთა კონფლიქტის მნიშვნელოვანი რისკი ზედამხედველი კომპანიების საქმიანობასთან მიმართებით, რადგან ზედამხედველების ანაზღაურება პირდაპირ დაკავშირებულია კონტრაქტორი კომპანიებისთვის მათ მიერ დადასტურებული სამუშაოების მოცულობასთან. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობასთან მიმართებით, დეპარტამენტში არსებული კონტროლის გარემო ვერ ქმნის რწმუნების სათანადო დონეს და საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

გზების მართვის კომპიუტერული პროგრამის უსაფრთხოებისა და მისი გამოყენების პროცესის მიგნებები

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცულობისთვის უზრუნველყოს გზების უსწორმასწორობის შესახებ შეგროვებული მონაცემების უსაფრთხო შენახვა, სასერვერო ინფრასტრუქტურის მოწყობის გზით
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაგეგმვის პროცესში სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების შეუფერხებლად გამოყენების მიზნით, გაზარდოს HDM4-ის მცოდნე თანამშრომელთა რაოდენობა
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაგეგმვის ეტაპის გაუმჯობესების მიზნით, გაწეროს და ოფიციალურად დაამტკიცოს შესაკეთებელი გზების შერჩევასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, სადაც გათვალისწინებული იქნება გეგმაში შესული გზების დეტალური დასაბუთების საკითხები

სამუშაო გეგმების შედგენისთვის მონაცემების შეგროვების ხარვეზები

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ინტენსივობის გაზომვა უზრუნველყოს არა მხოლოდ კვირის სამუშაო დღეების, არამედ უქმე დღეების გათვალისწინებითაც;
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საველე ლაბორატორიის ეფექტიანი სარგებლობისთვის და შემოწმების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, დროულად გააფორმოს დაზღვევის ხელშეკრულებები.

გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების ხარვეზი

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულებების ვადაზე ადრე ათვისების თავიდან აცილების მიზნით, დანერგოს ადეკვატური კონტროლის მექანიზმები;
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განიხილოს შესაძლებლობა შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის მიზნებისთვის საგარანტიო პერიოდში IRI-ის მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მიზნებისთვის, საჭირო იქნება IRI-ის შეფასება, როგორც სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე, ასევე საგარანტიო პერიოდის ბოლოს.

ზამთრის პერიოდში გზების მოვლის ღონისძიებების ნაკლოვანებები

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განსაზღვროს გზის საწმენდი ტექნიკის მახასიათებლები, რაც გაამარტივებს კონტრაქტორების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს და უზრუნველყოფს ზამთარში გზების მოვლის ხარისხის შესახებ რწმუნების მიღებას.

მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტით გზების საფარის დაზიანება

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღრიცხოს გზის საფარის დაზიანების მიზეზები და აწარმოოს სტატისტიკური ინფორმაცია, რათა შესაძლებელი იყოს გზების იმ მონაკვეთების იდენტიფიცირება შემდგომი მონიტორინგისა და სათანადო რეაგირებისთვის, რომლებიც ყველაზე ხშირად ზიანდება; აგრეთვე იმ ზონებში, სადაც მძიმეწონიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მხრიდან ყველაზე დიდია გზის საფარის დაზიანების რისკი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით შეიმუშაოს სათანადო ღონისძიებები ზემოაღნიშნული რისკების შესამცირებლად.

მონიტორინგის პროცესის ხარვეზები

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისათვის, ზედამხედველი კომპანიის მიერ ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემოწმების და პროცესში ჩართულ მხარეებს შორის ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ან დანერგოს ახალი კონტროლის მექანიზმები.