სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 05 ივნისი, 2020
საერთო სასამართლოების აქტივების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა საერთო სასამართლოების 2017-2018 წლების აქტივების მართვა და სახელმწიფო შესყიდვები

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ინვენტარიზაციის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები:

საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს სასამართლოებზე გადაცემული ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვის მონიტორინგს. ინვენტარიზაციის ჩატარების არსებული პრაქტიკა სრულად არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობისათვის გადმოცემულ ქონებასთან დაკავშირებით გამოვლენილი მიგნებები:

2016 წლის 30 დეკემბერს, მთავრობის განკარგულებით, ქონების ეროვნულ სააგენტოს თანხმობა მიეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გაეცვალა სამ მიწის ნაკვეთში, რომლებიც გადაეცა საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის მიზნით. აღნიშნული მიწის ნაკვეთები დეპარტამენტს გადმოეცა 2017 წლის 26 იანვარს, ხოლო მისი ბალანსზე ღირებულებით ასახვა განხორციელდა 2018 წლის მეორე ნახევარში. საბალანსო ღირებულებად კი განისაზღვრა დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარებული ქონების დამატებითი (ახალი) შეფასებით გამოვლენილი ღირებულება, რაც თავდაპირველი შეფასებების ღირებულებაზე დაახლოებით 2,5 მილიონი ლარით ნაკლებია. აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა მაღალი ხარისხის რწმუნება ქონების თითქმის ორი წლის დაგვიანებით აღრიცხვისა და საბალანსო ღირებულების სისწორის შესახებ.

IT ინფრასტრუქტურის ნაკლოვანებები:

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნაა სასამართლო პროცესების აუდიო- ვიდეოჩაწერის უზრუნველყოფა, თუმცა, ნორმატიული აქტებით არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ვადით უნდა ინახებოდეს სასამართლო პროცესების აუდიო-ვიდეოჩანაწერები სისტემაში. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მოითხოვონ ნებისმიერი პროცესის ჩანაწერები, მისი ხანდაზმულობის მიუხედავად. დეპარტამენტს აღნიშნულის უზრუნველყოფა არ შეუძლია, რადგან ჩანაწერები, არსებული IT ინფრასტრუქტურის პირობებში, მხოლოდ გარკვეული ვადით ინახება.

2018 წელს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, ჩატარდა სასამართლოს სისტემაში არსებული IT ინფრასტრუქტურის სრული შეფასების აუდიტი. აუდიტის დასკვნის საფუძველზე, დეპარტამენტს დაევალა გარკვეული IT ინფრასტრუქტურის შესაძენად შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ტექნიკური პარამეტრების დაზუსტების პროცედურების გახანგრძლივების გამო, დეპარტამენტმა ვერ განახორციელა აქტივების ნაწილის შეძენა-დანერგვა, ხოლო ამ მიმართულებით არსებული კონკრეტული გეგმისა და სტრატეგიის შესახებ დოკუმენტურად დასაბუთებული ინფორმაცია აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა.

ავტოპარკის მართვის ნაკლოვანებები:

საერთო სასამართლოების სისტემაში არ არის დარეგულირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა სასამართლოების მიხედვით (გარდა განპიროვნებული ფუნქციის მქონე ავტომანქანებისა). ამასთან, არ არის დადგენილი ავტომანქანებზე საწვავის ლიმიტების გაანგარიშების და განსაზღვრის ერთიანი წესი.

სახელმწიფო შესყიდვებში არსებული ნაკლოვანებები:

კონკურენციის გარეშე მიმდინარეობდა დეპარტამენტის მიერ ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერები. სატენდერო დოკუმენტაციით ვიდეოკამერებთან ერთად გათვალისწინებული იყო შესაბამისი ლიცენზიის შესყიდვა. გასულ პერიოდში (2017-2018 წლებში), კონკრეტული ლიცენზიის მიწოდება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენდა. შედეგად, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის ლიცენზიასთან ერთად შესყიდვა ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რამაც კონკრეტულ ტენდერში კონკურენცია შეზღუდა და მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა;

დასუფთავების მომსახურების შესყიდვასთან ერთად, ერთი ტენდერის ფარგლებში, დეპარტამენტმა მოითხოვა ასევე სხვადასხვა სახის მომსახურებების შესყიდვა (ლიფტების მომსახურება, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონიტორინგი, სანტექნიკა, კანალიზაცია, გენერატორის, შიდა სატელეფონო ქსელისა და სატელეფონო ავტოსადგურის მოვლა-შენახვა, გათბობა-კონდიცირების შეკეთება). აღნიშნული ტიპის მომსახურებების შესყიდვა ერთი ტენდერის მეშვეობით ამცირებს კონკურენციას. ამასთანავე, ვერ საბუთდება აღნიშნული კომპანიების მიერ ზოგიერთი მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების რეალურობა.

სამშენებლო სამუშაოებზე ზედმეტად გადახდილი საბიუჯეტო სახსრები:

აუდიტის შედეგად გამოვლინდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და მშენებლობის განხორციელების პროცესში არსებული კონტროლის ნაკლოვანებები. 2017-2018 წლებში ორი სამშენებლო კომპანიისთვის ჯამურად, ზედმეტად გადახდილია 125,216 ლარი. დეპარტამენტმა თანხის დაბრუნების მიზნით მიმართა სამშენებლო კომპანიებს და აღნიშნული თანხა დაბრუნებულია სახელმწიფო ბიუჯეტში.

რეკომენდაცია N1. სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტს და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური ხარჯვის უზრუნველსაყოფად, საერთო სასამართლოების სისტემაში დაინერგოს კონტროლის ისეთი გარემო და ანგარიშვალდებულების სისტემა, რაც დეპარტამენტს შესაძლებლობას მისცემს განახორციელოს სასამართლოებზე გადაცემული ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვის ეფექტიანი კონტროლი.

რეკომენდაცია N2. სსიპ−საერთო სასამართლოების დეპარტამენტს

ინვენტარიზაციის სრულფასოვნად ჩატარების მიზნით და კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად, მნიშვნელოვანია, დეპარტამენტმა შეიმუშაოს ინვენტარიზაციის ჩატარებისთვის აუცილებელი პროცედურები და წესები.

რეკომენდაცია N3. სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტს

აქტივების ეფექტიანად მართვის მიზნით, მნიშვნელოვანია, დეპარტამენტმა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, მოიპოვოს ბალანსზე რიცხულ შენობა-ნაგებობებზე სრული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს მათი რეგისტრაცია ან/და ბალანსიდან ჩამოწერა.

რეკომენდაცია N4. სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტს და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

საერთო სასამართლოების IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და დაცული ფუნქციონირებს მიზნით, მნიშვნელოვანია, დეპარტამენტმა საბჭოს დაქვემდებარებაში არსებულ საინფორმაციო ტექნოლოგიების ანალიტიკისა და დეველოპმენტის ჯგუფთან ერთად, შეიმუშაოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აუცილებელი IT ინფრასტრუქტურის შეძენისა და დანერგვის განრიგის შესახებ.

რეკომენდაცია N5. სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტს და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისა და დაინტერესებულ პირთა შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით, დეპარტამენტმა საბჭოსთან ერთად მოახდინოს აუდიო- და ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადის დარეგულირების ინიცირება.

რეკომენდაცია N6. სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტს და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

დეპარტამენტის და საბჭოს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დაიხვეწოს საერთო სასამართლოების სისტემაში სამსახურებრივი ავტომანქანების განაწილების და საწვავის მოხმარების წესი, კერძოდ:

  • გაიმიჯნოს თანამდებობის პირთა ჩამონათვალი იმის მიხედვით, თუ რომელი უწყების (საბჭო, დეპარტამენტი) ასიგნებებიდან მოხდება მათი სამსახურებრივი ავტომანქანით უზრუნველყოფა; არსებული ავტოპარკის გათვალისწინებით, დარეგულირდეს საერთო სასამართლოების სისტემაში საკურიერო და სამორიგეო დანიშნულების ავტომანქანების რაოდენობები;
  • საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნით, დეპარტამენტში დაინერგოს საწვავის ლიმიტის გაანგარიშების ერთიანი წესი, რომელიც დაფუძნებული იქნება გარკვეულ გაანგარიშებებზე. მაგალითად: თვის განმავლობაში ავტომობილის მიერ სამსახურებრივი დანიშნულებისთვის გასავლელ საშუალო მანძილსა და ავტომობილის წვის ნორმაზე;
  • თანამშრომლების შვებულების პერიოდში, ავტომობილების და საწვავის გამოყენების მიზანშეწონილობის კონტროლის მიზნით, საერთო სასამართლოების სისტემაში დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქონებისა და სხვა რესურსების მიზნობრივ გამოყენებას;
  • დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ავტომანქანების ტექმომსახურების პროცესის გამჭვირვალედ, ეკონომიურად და მიზნობრივად წარმართვას.

რეკომენდაცია N7. სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტს

მნიშვნელოვანია სატენდერო დოკუმენტაცია ხელს უწყობდეს ტენდერებში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას, ხარისხიანი მომსახურების მიღებას და ფულადი სახსრების ეკონომიურ ხარჯვას, კერძოდ:

  • ისეთი საქონლის შესყიდვა, რომლის მიწოდება ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა, განხორციელდეს დამოუკიდებლად და არა სხვა საქონელთან ერთად, ტენდერის საშუალებით;
  • მომსახურებები, რომლებიც მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას, შესყიდულ იქნეს ცალ-ცალკე;
  • სპეციფიკური მომსახურების შესყიდვისას, გათვალისწინებულ იქნეს არა მხოლოდ კომპანიის, არამედ უშუალოდ მომსახურე პირის გამოცდილება/კვალიფიკაცია.

რეკომენდაცია N8. სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტს

საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნით, მნიშვნელოვანია დეპარტამენტმა შეიმუშაოს საპროექტო დოკუმენტაციისა და სატენდერო ხარჯთაღრიცხვის შედგენის, ასევე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები