სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს ენერეტიკის სამიისტროს 2015 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რაზეც გაიცა პირობითი მოსაზრება.
პირობითი მოსაზრების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი გარემოება:
- ენერგეტიკის სამინისტროს 2015 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია 2004-2007 წლებში წარმოშობილი 583,558 ლარის ოდენობის დებიტორული დავალიანება, რომლის სისწორის დადასტურებაც აუდიტორული პროცედურებით ვერ მოხერხდა.
ასევე აღსანიშნავია სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც:
- 2015 წლის განმავლობაში ენერგეტიკის სამინისტროს ჰქონდა 30 ვაკანტური თანამდებობა.
ვაკანტური თანამდებობების არსებობით, „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლში წარმოქმნილმა ეკონომიამ 2015 წელს შეადგინა 360,132 ლარი, რაც გამოყენებულ იქნა სამინისტროს აპარატის თანამშრომლების მატერიალური წახალისებისთვის.
- სამინისტროს მთელ სისტემაში დანამატის გაცემის დასაბუთების მიზნით, არ ხორციელდება ზეგანაკვეთური მუშაობის, ან/და განსაკუთრებული სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების შედგენა. სამინისტროში 2015 წელს გაცემულმა დანამატმა 1,105,632 ლარი შეადგინა.
- სამინისტროში არ არის შესრულებული საქართველოს მთავრობის განკარგულების მოთხოვნები, საწვავისა და შრომის ანაზღაურების ხარჯების შესახებ. შრომის ანაზღაურების მუხლით 2015 წელს გაწეული საკასო ხარჯი არ უნდა ყოფილიყო 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე მეტი და საწვავის საკასო ხარჯი 2015 წელს უნდა შემცირებულიყო 2014 წლის საკასო ხარჯზე არანაკლებ 30%-ით, რაც არ განხორციელებულა.
- „ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების ღონისძიების“ ქვეპროგრამა ხასიათდება ყოველწლიურად გამოყოფილი სახსრების აუთვისებლობის ტენდენციით, შესაბამისად ეს გავლენას ახდენს დაგეგმვის ეტაპზე საბიუჯეტო რესურსების არასწორ განაწილებაზე.