ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ჯანსაღი კონკურენციის არსებობა ხელს უწყობს ადგილობრივი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბანდებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მიიღონ შესაბამისი პროდუქტი და მომსახურება ნაკლებ ფასად, უკეთესი ხარისხით და არჩევანის მრავალფეროვნებით. კონკურენციის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკას აღასრულებს კონკურენციის სააგენტო, როგორც დამოუკიდებელი უწყება. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოვლენა, ასევე მოსალოდნელ კონცენტრაციებსა და სახელმწიფო დახმარებების გაცემის მიზანშეწონილობაზე გადაწყვეტილების მიღება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, სრულად უზრუნველყოფს თუ არა არსებული რეგულაციები ქვეყანაში კონკურენციის დაცვასა და ხელშეწყობას.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
სააგენტოს არ აქვს დამტკიცებული შედეგზე ორიენტირებული სტრატეგია, ხოლო სამოქმედო გეგმა არის ზოგადი და საჭიროებს დეტალიზებას.
ორგანიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა ეფუძნებოდეს კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით განსაზღვრულ პრიორიტეტულ სეგმენტებს და ისეთ კრიტერიუმებს, რაც გააუმჯობესებს საქმიანობით მიღებულ შედეგებს. სააგენტოს შესაძლებლობა, შეარჩიოს პრიორიტეტული სფეროები და მოახდინოს მათზე რეაგირება, შესაძლოა იზღუდებოდეს მიღებული განცხადებებისა და საჩივრების განხილვის ვალდებულებით, თუმცა ეს ხელს არ უნდა უშლიდეს წლიური გეგმის დამტკიცებას/შესრულებას.
განსაზღვრულ პრიორიტეტებსა და სწორად შერჩეულ კრიტერიუმებზე დაფუძნებული წლიური გეგმა ხელს შეუწყობს ორგანიზაციას, დროულად მოახდინოს რეაგირება იმ გამოწვევებზე, რაც კონკურენციის დაცვის კუთხით იჩენს თავს, ასევე მნიშვნელოვანია საკადრო და სხვა ტექნიკური რესურსების სწორი განაწილებისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.
სააგენტოს არ გააჩნია შესათანხმებელი კონცენტრაციების გამოვლენის შესაძლებლობა და არც მისი გვერდის ავლით გაერთიანებული კომპანიების განცალკევების საშუალება. არსებობს რისკი, რომ ეკონომიკურმა აგენტებმა, რომელთა გაერთიანებამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბაზარზე კონკურენტულ გარემოს, სააგენტოს თანხმობის გარეშე მოახერხონ შერწყმა, ვინაიდან კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება მთლიანად დამოკიდებულია ეკონომიკური აგენტების კეთილსინდისიერებაზე. მიღებული განმარტებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიციირებული ცვლილების მიხედვით, სააგენტოს ენიჭება იმ ეკონომიკური აგენტების დაჯარიმებისა და, საჭიროების შემთხვევაში, განცალკევების უფლებამოსილება, რომელთაც ევალებოდათ სააგენტოსთვის შეტყობინების წარდგენა.
სააგენტო ბაზრის შესწავლას არ ახორციელებს რისკზე დაფუძნებული მიდგომით. შესაბამისად, მაღალია ისეთი სფეროების შესწავლის ალბათობა, სადაც შესაძლოა ეკონომიკური აგენტების მხრიდან ანტიკონკურენციული ქმედებები საერთოდ არ გამოვლინდეს ან მათი გავლენა იყოს უმნიშვნელო. ასევე არსებობს რისკი იმისა, რომ სააგენტოს ყურადღების მიღმა დარჩეს ისეთი ბაზრები, სადაც სათანადოდ არ არის დაცული კონკურენტული გარემო და მომხმარებელთა ინტერესები.
გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც შესწავლილია ისეთი ბაზრები, სადაც კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებები არ ვლინდება, თუმცა სააგენტო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს შემოწმებას.
სააგენტოს ბაზრის მონიტორინგის პროცედურები განხორციელებული აქვს ეკონომიკური სუბიექტებიდან შეზღუდულად მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, ბაზრის მონიტორინგის ანგარიშის მიგნებები შესაძლოა განსხვავებული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ გაანალიზდებოდა ყველა საჭირო მონაცემი. არსებული პრაქტიკით, შესაძლებელია სააგენტომ საერთოდ ვერ მოახერხოს ისეთი სამიზნე ბაზრების მონიტორინგი, სადაც ერთი ან რამდენიმე მოთამაშე ფლობს დომინირებულ მდგომარეობას და უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე. სააგენტოს აღნიშნულ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის არ გააჩნია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება. მიღებული განმარტებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიციირებული ცვლილების მიხედვით, სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება, ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, კონფიდენციალური, რომელიც საჭიროა მასზე დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად.
მსოფლიოს მასშტაბით, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ერთ-ერთი ფორმის, კარტელური გარიგების გამოაშკარავება კონკურენციის სააგენტოებისთვის მიიჩნევა ურთულეს ამოცანად. მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს არ აქვს შესაძლებლობა საქმიანობის ადგილზე შეისწავლოს პოტენციური კარტელური გარიგებები, ეკონომიკური აგენტების წინასწარი გაფრთხილების გარეშე. არსებული ინფორმაციულ-ტექნოლოგიური და საკადრო რესურსები სათანადოდ ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დგას სააგენტოს წინაშე კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით. მიღებული განმარტებით, შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტებში ინიციირებულია ცვლილებები, რომელთა მიხედვით სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება, ეკონომიკური აგენტი შეამოწმოს საქმიანობის ადგილზე, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
კონკურენციის სააგენტოს მეთოდოლოგიები და პროცედურული მითითებები საჭიროებს გაუმჯობესებას, რაც ხელს უშლის ორგანიზაციას თანმიმდევრულად და ხარისხიანად შეასრულოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება. ასევე იგი შემაფერხებელი ფაქტორია ინსტიტუციური ცოდნის განვითარებისა და შენარჩუნებისათვის. სააგენტოსგან მიღებული განმარტებით, მუშავდება „ბაზრის მონიტორინგისა” და „მოკვლევის ჩატარების წესის შესახებ” სახელმძღვანელოები.
სააგენტომ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო დახმარებების შეთანხმების პროცესი და შესაბამისი მონიტორინგი სრულყოფილად ვერ განახორციელა.