საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტით გამოთქმული პირობითი მოსაზრების ძირითადი საფუძვლები:
- საბალანსე ანგარიშის N2111 („საცხოვრებელი შენობები)“ საბოლოო ნაშთში ასახულია 46 229. 6 ათასი ლარის ღირებულების არაფინანსური აქტივი საცხოვრებელი სახლების სახით, რომლებიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გადაცემულია და საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია დევნილ და ეკომიგრანტ ბენეფიციარებზე;
- საბალანსე ანგარიშზე N2122 (,,სხვა მანქანა დანადგარები და ინვენტარი“) ძირითად აქტივებად აღიარებულია 4808 ლარის ნარჩენი საბალანსო ღირებულების მქონე ისეთი აქტივები, რომლებიც შეძენილია 2008 წლის შემდგომ პერიოდში და ერთეულის ისტორიული ღირებულება 500 ლარზე ნაკლებია;
ამავე საბალანსე ანგარიშზე ასახულია 4 341 ლარის ისტორიული ღირებულების მქონე სრულად ამორტიზირებული აქტივები;
ასევე საწყის და საბოლოო ნაშთებში ასახულია 641 ლარის ღირებულების 13 დასახელების აქტივი, რომელიც შეძენილია 2007 წლის 31 დეკემბრამდე და ერთეული ღირებულება 150 ლარზე ნაკლებია;
- საბალანსე ანგარიშზე N2200 (,,გრძელვადიან მცირეფასიანი აქტივები“) ასახულია 4 ერთეული 3609 ლარის თავდაპირველი ღირებულების მქონე ფასეულობები (ტუმბოები, პრინტერი და აბრა), რომელთა ერთეულის ღირებულება 500 ლარზე მეტია;
- ძირითადი აქტივების და ვალდებულებების საბალანსე ანგარიშის (N2111) საწყის ნაშთში არ არის ასახული 2015 წლის განმავლობაში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირებისაგან 187437 ლარის საცხოვრებელი სახლების შეძენის ოპერაცია. ანგარიშწორება და აღრიცხვაში ასახვა განხორციელებულია 2016 წლის დაწყისში საბიუჯეტო კლასიფიკაციის „არაფინანსური აქტივების ზრდის“ (31.1.1.1) კოდიდან. მოცემული საბალანსე ანგარიშის საბოლოო ნაშთში არ არის ასახული 2016 წლის განმავლობაში იურიდიული პირებისაგან 3632311 ღირებულების საცხოვრებელი ბინების შეძენის ოპარაცია. ანგარიშსწორება და აღრიცხვაში ასახვა განხორციელებულია 2017 წლის დასაწყისში საბიუჯეტო კლასიფიკაციის „არაფინანსური აქტივების ზრდის“ (31.1.1.1) კოდიდან.
გავლენა: ფინანსური ანგარიშგების არაფინანსური აქტივების მუხლის საწყისი ნაშთი შემცირებულია 185.6 ათასი, ხოლო საბოლოო ნაშთი გაზრდილია ჯამში 42 636.2 ათასი ლარით (ფორმა 1. დანართი 1 და 5), ხოლო მათზე დარიცხული/დაურიცხავი ძირითადი კაპიტალის მოხმარების (ცვეთა) ხარჯი გაზრდილია ჯამში 387.2 ათასი ლარით, შესაბამისად შემცირებულია წმინდა ღირებულების საბოლოო ნაშთი (ფორმა1 და 2. დანართი1, 2 და 5).
- საბალანსე ანგარიშზეN1354,,მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებით და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით“, ასახულია მოთხოვნა ,,სს საქართველოს საფოსტო ბანკის“ მიმართ 472961 ლარის ოდენობით, რომლის აღიარების საფუძველს წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე N3ბ/52-06). მოცემული მოთხოვნის მიხედვით, სააღსრულებო წარმოება დაწყებულია 2012 წლის 7 დეკემბერს გაცემული #3ბ52-06 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 24 დეკემბრის N29744/01 წერილით მოცემული სააღსრულებო წარმოება შეწყვეტილია, რის საფუძვლადაც მითითებულია ეროვნული ბანკის 2011 წლის 31 მაისის N494 განკარგულება, რომლის თანახმადაც სს ,,საქართველოს საფოსტო ბანკი“ გამოცხადდა გაკოტრებულად და დასრულდა მისი ლიკვიდაციის პროცესი. სს ,,საქართველოს საფოსტო ბანკ“-ს სამართალმემკვიდრე არ ჰყავს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,აღსრულება წყდება: თუ განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობებით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე“.
გავლენა:მოკლევადიანი აქტივების (ფორმა 1) ფინანსური აქტივებისა და მოთხოვნების მუხლი N1354 ანგარიშის (დანართი 1) საწყისი და საბოლოო ნაშთები გაზრდილია 473.0 ათასი ლარით, შესაბამისად გაზრდილია დებიტორული დავალიანება (დანართი 9, 11). აღნიშნული თანხით გაზრდილია წმინდა ღირებულება (ფორმა 1 და 4. დანართი 1 და 6).
- 2015-2016 წლების განმავლობაში ბენეფიციართათვის, მათ მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის მიზნით, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საფუძველზე, ფორმდება უძრავი ქონების ნასყიდობის სამმხრივი ხელშეკრულება (სამინისტრო, ქონების გამყიდველი და მყიდველი (ბენეფიციარი)). მოცემული ხელშეკრულებების საფუძველზე, ამავე პერიოდებში, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის მონაცემებით დარეგისტრირებულია დევნილ ან ეკომიგრანტ ბენეფიციარზე. აღნიშნული ხარჯები გაწეულია ,,სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის “სხვა კაპიტალური ხარჯების“ კოდიდან. 2015 წლის განმავლობაში განხორციელებულმა ხარჯვითი ოპერაციის მოცულობამ შეადგინა 204 500 ლარი, რომელიც არ არის ასახული წმინდა ღირებულების საწყის ნაშთში და მიკუთვნებულია 2016 წლის საანგარიშგებო პერიოდს. 2016 წლის განმავლობაში ამ სახის ხარჯვითი ოპარაციების მოცულობამ შეადგინა 296 929 ლარი, რომელიც არ არის ასახული წმინდა ღირებულების საბალანსე ანგარიშის საბოლოო ნაშთში და მიკუთვნებულია 2017 წლის საანგარიშგებო პერიოდს.
გავლენა: საანგარიშო წლის წმინდა ღირებულების საწყისი ნაშთი გაზრდილია 204 500 ლარით. ფაქტობრივი ხარჯები შემცირებულია 93078 ლარით, შესაბამისად გაზრდილია წმინდა ღირებულების საბოლოო ნაშთი (ფორმა 1 და 2. დანართი 1 და 2). ვალდებულების საწყისი და საბოლოო ნაშთები შემცირებულია შესაბამისად 204 500 და 296 929 ლარით. შემცირებულია კრედიტორული დავალიანება (ფორმა1. დანართი1,10 და 12).