სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 13 აგვისტო, 2021
სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2019, 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სახელმწიფოს მიერ 2017−2019 წლებში გაცემული გრანტების ეფექტიანობის სისტემური აუდიტი, რომლის მიზანია სისტემური ხასიათის არსებითი ნაკლოვანებების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად ქმედითი რეკომენდაციების გაცემა. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

სახელმწიფო გრანტების დაგეგმვის პროცესი 

შემოწმებული რვა ორგანიზაციიდან ექვსის მიერ განსაზღვრული გრანტის გაცემის მიზნები ზოგადი ხასიათისაა, არ არის ან არასათანადოდაა განსაზღვრული შედეგების შეფასების ინდიკატორები, რაც არ იძლევა შესაძლებლობას გააანალიზდეს, კონკრეტულად რა მოცულობით და როგორი ხარისხით შეუწყო ხელი 2017-2019 წლებში გრანტის სახით დახარჯულმა საბიუჯეტო სახსრებმა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2017-2020 წლებისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას. 

შემოწმებული რვა ორგანიზაციიდან ორში გამოვლინდა პროექტის დაგეგმვის ნაკლოვანებები, კერძოდ: საჭიროებებისა და საბაზრო ფასების ანალიზის გარეშე დამტკიცებული პროექტების ბიუჯეტი, ვადებისა და ბიუჯეტის დაუსაბუთებელი ცვლილებები, რაც ბენეფიციარებს სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის თანხების არაეკონომიური ხარჯვის შესაძლებლობას აძლევდა. 

ასევე, გრანტის გაცემის დროს ჩაის სექტორში არსებული მდგომარეობის ანალიზის გარეშე განისაზღვრა გარკვეული ვალდებულებები, ხოლო შემდგომ, პროგრამის მიმდინარეობის პროცესში, ამოღებულ იქნა ეს ვალდებულებები, რაც სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან პროგრამის დაგეგმვის ნაკლოვანებაზე მიუთითებს. 

სახელმწიფო გრანტების გამოცხადების და გაცემის პროცესი 

შემოწმებული რვა ორგანიზაციიდან სამის მიერ გამოცხადებული საგრანტო პირობები და დაფინანსების სქემა არ არის მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული. შესაბამისად, კომისიის მიერ პრეტენდენტთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცესში არ არის სათანადოდ დაცული გამჭვირვალობისა და თანასწორობის პრინციპები, რამაც შესაძლოა გრანტის ხელმისაწვდომობა შეზღუდოს. 

შემოწმებული რვა ორგანიზაციიდან სამში, გრანტების გაცემის პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა სახის ნაკლოვანება, მაგალითად: სსიპ-მა − „აწარმოე საქართველოში“ საგრანტო ხელშეკრულებები გააფორმა საგადასახადო ვალდებულების მქონე კომპანიებთან; სოფლის განვითარების სააგენტოში პოტენციურ ბენეფიციართა მიერ წარდგენილი საწარმოს შექმნის გეგმები არ შეიცავს მოთხოვნილ დეტალურ ინფორმაციას. ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები ვერ უზრუნველყოფს კონკურსანტების მიმართ სამართლიანი მიდგომისა და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს.

გრანტის ათვისებისა და მიზნობრივად ხარჯვის მონიტორინგი და შემდგომი რეაგირება

შემოწმებული რვა ორგანიზაციიდან სამში გამოვლინდა გრანტის ათვისებისა და მიზნობრივად ხარჯვის მონიტორინგის პროცესის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები. კერძოდ, სოფლის განვითარების სააგენტო 36-თვიანი პროექტის მონიტორინგს ატარებდა მხოლოდ პირველ წელს. ინოვაციების სააგენტოს მიერ არ ხორციელდებოდა პროექტის მიმდინარეობის ანგარიშების განხილვა-დამტკიცება და დაფინანსებულ პროექტებში დამტკიცებული სახელფასო ხარჯები 335,040 ლარით აღემატება ინოვაციების სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად რეკომენდებულ ოდენობას. სსიპ-ის − „აწარმოე საქართველოში“-ს მხრიდან არასათანადო კონტროლის გამო, სალიზინგო კომპანიების მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაში შეყვანილია კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი ხარჯები. ასევე, სესხის თანადაფინანსების კომპონენტში, სააგენტოს კონტროლის მექანიზმები სესხის მიზნობრივ ათვისებაზე, საპროცენტო თანხების სწორად განსაზღვრაზე და ბენეფიციართა მიერ საქმიანობის დაწყებასა და პროფილის შენარჩუნებაზე, არადამაკმაყოფილებელია და დიდწილად დამოკიდებულია პროცესში ჩართულ მხარეთა კეთილსინდისიერებაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური და არაეფექტიანი ხარჯვა. 

შემოწმებული რვა ორგანიზაციიდან ორში გამოვლინდა გრანტის ათვისების, მიზნობრივად ხარჯვის მონიტორინგის პროცესის და მასზე რეაგირების ხარვეზები. ახალგაზრდობის სააგენტოს მონიტორინგით გამოვლენილ დარღვევებზე არ გამოუყენებია ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილება. კოოპერატივების სააგენტოში გამოვლინდა მონიტორინგის შედეგებზე რეაგირებისა და დოკუმენტირების ნაკლოვანებები. ყოველივე ზემოაღნიშნული, გაცემული გრანტების ათვისებასა და მიზნობრივად ხარჯვის კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს და აფერხებს დასახული მიზნების სრულყოფილად მიღწევის შესაძლებლობას. 

შემოწმებული რვა ორგანიზაციიდან ორში გამოვლინდა, რომ გრანტების გაცემის პროცესში მოქმედი ნორმები ვერ უზრუნველყოფს სათანადო პრევენციული კონტროლის მექანიზმების დადგენას. კერძოდ, ინოვაციების სააგენტოს მიერ დადგენილი ზღვარი, შესყიდვების საკონკურსო წესით განხორციელებასთან დაკავშირებით, არაეფექტიანია. რიგ შემთხვევებში, შესყიდვები განხორციელდა საკონკურსო ვაჭრობის გარეშე დაკავშირებული კომპანიებისგან. ასევე, სსიპ-ის −„აწარმოე საქართველოში“ დადგენილი რეგულაციები ვერ უზრუნველყოფს გრანტის გაცემის დადგენილი მაქსიმალური ლიმიტის დაცვას და ბენეფიციარს შესაძლებლობა ეძლევა, თავი აარიდოს დადგენილ ლიმიტს და შვილობილი კომპანიების დაფუძნებით, პროექტით ისარგებლოს შეუზღუდავად. 

ყოველივე ზემოაღნიშნული ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრებით გაცემული გრანტების ეკონომიური, გამჭვირვალე და სამართლიანი განაწილების პრინციპების დაცვას.

გაცემული გრანტებით მიღწეული შედეგების შეფასება

შემოწმებული რვა  ორგანიზაციიდან ექვსს არ შეუფასებია მიღწეული შედეგები, რის გამოც შეუძლებელია გაანალიზდეს, კონკრეტულად რა მოცულობით შეუწყო ხელი 2017−2019 წლებში გრანტის სახით დახარჯულმა საბიუჯეტო სახსრებმა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2017−2020 წლებისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
 

რეკომენდაციები ყველა შემოწმებულ ორგანიზაციას: 

რეკომენდაცია N1:
საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვისა და მიღწეული შედეგების მაქსიმალურად უზრუნველყოფისათვის, ორგანიზაციებმა მკაფიოდ განსაზღვრონ მიზნები, მათ მისაღწევად საჭირო აქტივობები და შედეგების გაზომვის შესაფერისი ინდიკატორები, რაც იძლევა საშუალებას, შეფასდეს პროდუქტიულობა და მიღწეული შედეგის ეფექტიანობა. 

რეკომენდაცია N2:
საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად, ეფექტიანად, გამჭვირვალედ ხარჯვის და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, პროექტის ბიუჯეტი და პირობები განისაზღვროს საჭიროებების და საბაზრო ფასების გათვალისწინებით, ხოლო ნებისმიერი ცვლილება განხორციელდეს მხოლოდ სათანადო დასაბუთებისა და შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე. 

რეკომენდაცია N3: 
სახელმწიფოს მხრიდან დახმარებების გაცემის პროცესში გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპების დასაცავად, საგრანტო პირობები ნათლად და ცალსახად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რათა არ იძლეოდეს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას და ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს ჰქონდეს თანაბარ პირობებში მონაწილეობის საშუალება. 

რეკომენდაცია N4:
გრანტის გაცემის ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ობიექტურობისა და ბენეფიციართა ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, დაინერგოს კონტროლის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს პრეტენდენტთა შერჩევას წინასწარ მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული ისეთი კრიტერიუმებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ობიექტური და გამჭვირვალე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. სასურველია, პრეტენდენტთა შერჩევის პროცესში ჩაერთონ დარგის ექსპერტები და მათი გადაწყვეტილება იყოს სათანადოდ დასაბუთებული და გამჭვირვალე. 

რეკომენდაცია N5:
სახელმწიფო გრანტით მისაღწევი მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად შესრულებისთვის მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებმა დანერგონ გაცემული გრანტების ათვისებისა და მიზნობრივად ხარჯვის მონიტორინგის გამართული სისტემა და მონიტორინგის შედეგებზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები, რომელთაც უნდა უზრუნველყონ ბენეფიციართა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დროული და სრულყოფილი კონტროლი, რაც გრანტის გამჭვირვალე, ეკონომიური, ეფექტიანი და პროდუქტიული გამოყენების წინაპირობაა. 

რეკომენდაცია N6:
სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს: საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური და ეფექტიანი ხარჯვის უზრუნველსაყოფად, სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ უზრუნველყოს სათანადო კონტროლი, რათა ბენეფიციარებმა შესყიდვები განახორციელონ კონკურსის წესით, კონკურენტუნარიან გარემოში დადგენილი წესების შესაბამისად. ამასთანავე, გადაიხედოს სტარტაპ გრანტებში საკონკურსო ვაჭრობისთვის დადგენილი 30,000 აშშ დოლარიანი ზღვრის სიდიდე. 

რეკომენდაცია N7: სსიპ-ს − „აწარმოე საქართველოში“
დაფინანსებული სესხებით ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად და საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით, სსიპ-მა − „აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოს სათანადო კონტროლისა და რეაგირების მექანიზმების დანერგვა, რომელიც გამოავლენს არამიზნობრივად ათვისებულ სასესხო თანხებს, სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი თანხის ზრდის შემთხვევებს და შეაფასებს სესხის ათვისების შემდგომ ბენეფიციართა შედეგებს. ასევე, ზემოაღნიშნული მიზნებისათვის მიზანშეწონილია განისაზღვროს დაფინანსებული სესხების ათვისების გონივრული ვადები და მათი ხარჯვა განხორციელდეს სესხისთვის გამოყოფილი ცალკე ანგარიშიდან, რაც გაამარტივებს მონიტორინგის პროცესს და გააძლიერებს კონტროლის მექანიზმს. 

რეკომენდაცია N8: სსიპ-ს − „აწარმოე საქართველოში“
საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად ხარჯვისა და გრანტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სსიპ-მა − „აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტის ცვლილების ინიცირება, რომელიც ბენეფიციარს შეზღუდავს, თავი აარიდოს ურთიერთდამოკიდებული პირების საგრანტო პროგრამაში მონაწილეობით დადგენილ ლიმიტს.