ვალის მართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფინანსური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. სწორად განსაზღვრული ვალის მოცულობა სახელმწიფოს საშუალებას აძლევს თავიდან აირიდოს ზედმეტი ან ნაკლები ვალის აღება და მასთან დაკავშირებული დანახარჯები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შეფასდეს რამდენად ეფექტიანად ხორციელდება ქვეყანაში ვალის მართვის პროცესი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2014 წელს ჩაატარა სახელმწიფო ვალის მართვის ეფექტიანობის აუდიტი, რომლის მიზანს წარმოადგენდა 2010-2014 წლებში სახელმწიფო ვალის მართვის არსებული პრაქტიკის შესწავლა. აღნიშნული მიზნით შესწავლილ იქნა ვალის მიმართულებით არსებული მარეგულირებელი ნორმები და მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, დასაგეგმი წლისათვის სავალო საჭიროების განსაზღვრასა და ახალი კრედიტის აღებასთან დაკავშირებული პროცესები, პირობითი ვალდებულებები.
აუდიტის მიზანია დაადგინოს 2014 წელს სახელმწიფო ვალის მართვის ეფექტიანობის აუდიტით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა და შეაფასოს, რამდენად გაუმჯობესდა ვალის მართვის პროცესი აღნიშნულ პერიოდში.
აუდიტის ფარგლებში გამოვლინდა ვალის მართვასთან დაკავშირებული შემდეგი ნაკლოვანებები:
- სხვადასხვა მიზნობრიობიდან გამომდინარე, არსებული კანონმდებლობა განსაზღვრავს სახელმწიფო ვალისა და მთავრობის ვალის დეფინიციებს, რომლებიც ეფუძნება სხვადასხვა ბაზისს და არ შეესაბამება საჯარო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელოში (GFSM 2014) მოცემულ სახელმწიფო სექტორის ვალის განმარტებას;
- მთავრობის ვალის ნაშთში აღარ ხდება ე.წ. „ისტორიული ვალის“ გათვალისწინება, რომელიც „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონით საშინაო ვალის შემადგენელი კომპონენტია;
- საჯარო ფინანსების სტატისტიკის წარმოების მიზნებისათვის არ არის განმარტებული პირობითი ვალდებულებები. შესაბამისად, საბიუჯეტო დოკუმენტებში სრულყოფილად არ ხდება პირობითი ვალდებულებების მოცულობის გათვალისწინება, რადგან არ არის დადგენილი მისი სრული მოცულობა;
- სავალო საჭიროების განსაზღვრის პროცესთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს არ აქვს ფორმალური სახელმძღვანელო ან მეთოდოლოგია, რომელშიც აღწერილი იქნება პროცესში ჩართული სტრუქტურული ერთეულების როლი, მოვალეობები და პროცედურების განხორციელების შესაბამისი ვადები.