სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ფინანსური შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, კაპიტალში ცვლილებების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, მათთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ დანართებს მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის, ასევე კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე დართულ შენიშვნებს, მათ შორის, ყველა მნიშვნელოვან სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას.
დასკვნის − „პირობითი მოსაზრების საფუძველი“ − აბზაცში აღწერილი საკითხების გავლენით განპირობებული შედეგების გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.